ევროპა  დარწმუნებულია, „არაბული გაზაფხული“ გვერდს ვერ აუვლის რუსეთს ევროპა დარწმუნებულია, „არაბული გაზაფხული“ გვერდს ვერ აუვლის რუსეთს />


  09:51:13     03-02-2012

ევროპა დარწმუნებულია, „არაბული გაზაფხული“ გვერდს ვერ აუვლის რუსეთს

a14754.jpg

ევროპარლამენტმა ირანის საკითხზე რეზოლუცია მიიღო, რომელშიც მოუწოდა რუსეთს, მხარი დაუჭიროს გაეროს უშიშროების საბჭოში ირანის წინააღმდეგ სანქციებს და უარი თქვას ირანისათვის ბირთვულ სფეროში დახმარებაზე, იქამდე მაინც, ვიდრე თეირანი პირნათლად არ შეასრულებს საერთაშორისო რეზოლუციებით დაკისრებულ ვალდებულებებს.

ირანის საკითხი ერთადერთი არ იყო, რომლის გამოც რუსეთმა ამ დღეებში ევროპარლამენტისგან არაერთი გაფრთხილება მიიღო. ევროდეპუტატები, საპრეზიდენტო არჩევნების წინ, რუსეთში დემოკრატიულობის უკვე კატასტროფულ დეფიციტზე მიუთითებენ და აცხადებენ, რომ „არაბული გაზაფხული“ რუსეთს გვერდს ვერ აუვლის.

„მოსკოვში მალე მოსალოდნელია „არაბული გაზაფხული“; „რუსეთში იგრძნობა ცვლილებების ნიავი, რომელიც შიგნიდან მოდის“ - ასეთი განცხადებები გაკეთდა ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე, რომელზეც საგარეო პოლიტიკის საკითხებს განიხილავდნენ.
ევროპარლამენტარებმა შეშფოთება გამოხატეს იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციაზე უარი უთხრა  გრიგორი იავლინსკის.

„ისინი, ორივე, რომლებიც განსაზღვრავენ რუსეთის პოლიტიკას, ისევ გაცვლიან ადგილებს“ - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კეტრინ ეშტონმა, რომელიც ეჭვი არავის შეპარვია, რომ ამ დროს პუტინ-მედვედევს გულისხმობდა.
განსაკუთრებული სიმწვავით გამოირჩეოდნენ ბალტიისპირელი დეპუტატები:

„ჩვენ უნდა დავადასტუროთ, რომ გვესმის რუსი ხალხის მოწოდებები, ისევე როგორც გვესმოდა „არაბული გაზაფხულის“ - ასეთი იყო ინესა ვაიდერეს განცხადება, რომელიც, თავის მხრივ, ფიქრობს და აფრთხილებს კოლეგებს, რომ რუსეთს ევროკავშირზე გავლენის მოპოვება სურს, როცა ცდილობს, რომ რუსული ენა ამ სივრცეში ოფიციალურ ენად გამოცხადდეს. კეტრინ ეშტონმა კი აღნიშნა, რომ ევროკავშირს ურთიერთობა სურს არა მარტო რუსეთის ელიტასთან, არამედ რუსეთის ხალხთან, საზოგადოებასთან, ოპოზიციასთთან.

თავად რუსეთმა მუქარად აღიქვა ესტონელი დეპუტატის, კრისტინა ოულანდის განცხადება. რუსულმა მედიამ მისი სიტყვები ასე გაიგო: აირჩევთ პუტინს, გაგაგდებთ საერთაშორისო ორგანზიაციებიდან…

ოულანდმა მართლაც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა რუსეთის საერთაშორისო თამანეგობრობაში ყოფნის საკითხი და განაცხადა:
„არადემოკრატიული რუსეთის წევრობა წამყვანი სახელმწიფოების „დიდ ექვსეულში“ და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში სერიოზულ კითხვებს იწვევს, ხოლო პრემიერ-მინისტრის, ვლადიმერ პუტინისა და მისი გარემოცვის მისწრაფება ძალაუფლებისკენ, საფრთხეს უქმნის რუსეთის პარტნიორულ კავშირებს ევროპასთან.“ ოულანდმა მიუთითა, რომ რუსეთის შემდგომი ურთიერთობა საერთაშორისო სუბიექტებთან, დიდწილად იქნება დამოკიდებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე.

„ყველამ ვიცით, რომ არჩევნები სახელმწიფო დუმაში ჩვენ „დეჟა ვუს“ განცდას შეგვიქმნის“ - განაცხადა მან და დასძინა, რომ რუსეთში არ არსებობს თავისუფალი და დამოუკიდებელი მედია, ცენტრალური საარჩევნო კომისიის გარკვეული ქმედებების პირობებში კი, ამომრჩევლებს არ აქვთ ფართო არჩევანი.

ოულანდმა მოუწოდა  ევროპულ სტრუქტურებს და ევროპარლამენტს, მხარი დაუჭირონ იმ დემონსტრანტებს, რომლებიც რუსეთში თავისუფალი და პატიოსანი არჩევნების მოთხოვნით გამოდიან.

0

ავტორი: