22:04:22     02-02-2012
„ფსბ“ რუსეთში მცხოვრები ქართველების წინააღმდეგ ბრძოლას იწყებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ქართველებმა ახალი საზრუნავი გაუჩინეს, თანაც ისეთი, რომელიც რუსეთის ნაციონალურ უსაფრთხოებასთან არის კავშირში.
მას შემდეგ, რაც მოსკოვმა ტაჯიკების წმენდა ჩაატარა, ლავროვის უწყება ახლა უკვე ქართველი არალეგალების წინააღმდეგ ბრძოლას იწყებს. თუმცა, სავარაუდოდ, ეს ბრძოლა უფრო მასშტაბური და ხმაურიანი იქნება, რადგან თუ ტაჯიკი უკანონო მიგრანტები მოსკოვს მხოლოდ იმიტომ არ მოსწონდა, რომ ისინი დანაშაულებს ჩადიოდნენ და როგორც რუსეთის მთავარმა სანიტარმა გენადი ონიშენკომ თქვა, საშიშ ინფექციებს ავრცელებდნენ, ქართველი არალეგალების მიმართ ბრალდება უფრო სერიოზულია. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა განაცხადა, ქართველები რუსეთის ნაციონალურ უსაფრთხოებას უქმნიან პრობლემას. ეს საქართველოს ის მოქლაქეები არიან, რომლებიც რუსეთის ტერიტორიაზე ბელორუსიდან გადადიან.
კარასინის თქმით, ბელორუსიდან რუსეთში უვიზოდ გადამსვლელ ქართველთა რაოდენობა დიდია და პრობლემა უკვე გადაჭრას ითხოვს. ლავროვის მოადგილემ განმარტა, რომ საქართველოს მოქალაქეები ბელორუსსა და საქართველოს შორის უვიზო რეჟიმით სარგებლობენ, თავის მხრივ, რუსეთსა და ბელორუსს შორის საზღვარიც ღიაა და ქართველი არალეგალები რუსეთის ტერიტორიაზე უვიზოდ შედიან.
„ფიზიკურად ღია საზღვარი გვაიძულებს მივიღოთ დამატებითი ზომები ნაციონალური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ეს თემა რჩება ბელორუსთან დიალოგის მუდმივ საგნად“ - განაცხადა კარასინმა. მისივე თქმით, დღეს სამოკავშირეო სახელმწიფოს ფარგლებში, გრძელდება რუსეთსა და ბელორუსს შორის სავიზო კანონმდებლობის უნიფიცირების საკითხი მესამე ქვეყნებთან, მათ შორის, საქართველოსთან მიმართებაში და კარასინი იმედს გამოთქვამს, რომ ბელორუსთან შეთანხმების მიღწევა პრობლემა არ გახდება.
არალეგალი საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ ბრძოლაში, სავარაუდოდ, აქტიურად ჩაერთვება „ფსბ“. როგორც დღეს რუსული მედია წერს, „საქართველოს მოქალაქეების არალეგალურ მიგრაცია ბელორუსიდან, რუსეთის ფსბ-ს შეშფოთებას იწვევს. მისი მონაცემებით, რუსეთის ტერიტორიაზე 1 მილიონი არალეგალი საქართველოს მოქალაქე იმყოფება.
მოსკოვში დღეს ისიც გაიხსენეს, რომ 2008 წელს ბელორუსმა სამართალდამცველებმა ამხილეს დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელმაც ბელორუსიდან რუსეთში და პირიქით, 1400-მდე საქართველოს მოქალაქე უვიზოდ და უკანონოდ გადაიყვანა.
ქართველებთან დაკავშირებით რუსეთს „მითიური ციფრების“ წარმოდგენა ახასიათებს ხოლმე. ასე იყო 2010 წელსაც, როცა მოსკოვი ამტკიცებდა, რომ რუსეთში ოფიციალურად 1 მილიონი ქართველი ცხოვრობდა, თუმცა გაირკვა, რომ ეს მონაცემი არა თუ გაორმაგებული, არამედ გაექვსმაგებული იყო, რადგან იმავე 2010 წლის აღწერის მონაცემებით, რეალურად, რუსეთში მცხოვრებ ქართველთა რაოდენობა 157 803-ს არ აღემატებოდა.
0