15:30:42     02-02-2012
ბაჩუკი ქარდავა: ივანიშვილი რუსეთის საამებლად მოქმედებს

„კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ აშშ საქართველოს უსაფრთხოების მთავარი გარანტორია“ – აცხადებს ბაჩუკი ქარდავა. ოპოზიციონერი დეპუტატი, ორ წამყვან ამერიკულ გაზეთში, ბიზნესმენ ივანიშვილის ღია წერილსაც ეხმაურება. ოლიგარქის მიერ, ბარაკ ობამას მისამართით დაწერილ წერილზე, ქარდავა ასეთ შეფასებას აკეთებს: „ გამოიკვეთა, რომ ივანიშვილს ორი პოლიტიკური მიმართულება აქვს. პირველი წმინდა რუსული მიმართულება და მეორე – ის ცდილობს არ გამოაჩინოს თავის სიმპათიები და შენიღბოს დასავლეთზე ორიენტირებით“. „პრესა.ჯი“–ს ბაჩუკი ქარდავა კვირის ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენაზე ესაუბრა.
– გამართლდა თუ არა მიხეილ სააკაშვილის და ბარაქ ობამას შეხვედრაზე ის პროგნოზი, რასაც ვარაუდობდით?
– ნებისმიერი შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია, მით უმეტეს, რომ ორი პრეზიდენტის პირისპირ შეხვედრა ემსახურებოდა ქვეყანებს შორის სტრატეგიული ურთიერთობების გაღრმავებას. გამოიკვეთა მიმართულებები, თუ რა ფორმით აპირებს აშშ, გააგრძელოს საქართველოსთან ურთიერთობა. კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ აშშ საქართველოს უსაფრთხოების მთავარი გარანტორია. უმნიშვნელოვანესია ასევე ხელშეკრულების გაფორმების საკითხზე გადახედვა, რომელიც ამერიკასა და საქართველოს შორის, თავისუფალი ვაჭრობის დაწყებას გულისხმობს. ამ სამი საკითხის განხილვა უკვე ნიშნავს, რომ ამ შეხვედრას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ჩვენი ქვეყნისთვის.
– შეხვედრაზე იყო ერთი საკითხი, არჩევნების დემოკრატიულად ჩატარება და ხელისუფლების კანონიერი ცვლილება. როგორ აღიქვით თეთრი სახლის ლიდერის ეს განცხადება?
– როდესაც საუბარია აშშ–სა და საქართველოს სტრატეგიულ თანამშრომლობაზე, თან ვიცით, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ფუნდამენტი არის დემოკრატია და თავისუფალი არჩევნები, ბუნებრივია, პარტნიორ ქვეყანასაც იგივეს ურჩევს.
წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთი მჭიდრო ურთიერთობა, ორ ქვეყანას შორის ვერ იქნება. გასაკვირი იმაში, რომ ობამამ დააყენა დღის წესრიგში თავისუფალი არჩევნების საკითხი, არაფერია. მე არ მგონია, რომ ამ ადამიანებმა ზუსტად ვერ გაიგეს მნიშვნელობა ამ საკითხისა. ეს შეხვედრა იყო ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის და არა რომელიმე პოლიტიკური ძალისთვის. შესაბამისად, ყველა ის კომპონენტი, რომელიც აღნიშნული იყო შეხვედრაზე, ძალიან პრინციპულია. ნებისმიერ არჩევნებზე, რომელიც ტარდება დემოკრატიულად, ხდება ხელისუფლების გადაბარება და ამაში არაფერი გაუგებარი არ არის.
– წინასწარი პროგნოზები, რომელიც ბარაკ ობამას მხრიდან ხელისუფლების გაკრიტიკებას გულისხმობდა, არ გამართლდა. მმართველი გუნდის ოპონენტები ელოდნენ, რომ ქვეყნის პორეზიდენტს გააკრიტიკებდნენ, თუმცა პირიქით მოხდა...
– ეს სულელური პროგნოზები იყო. ბოდიში ამ სიტყვისთვის. თუკი ვინმეს ხელისუფლების შეცვლა უნდა, ეს უნდა გააკეთოს ქართველმა ხალხმა.
– ორი პრეზიდენტის შეხვედრის წინა დღეს, ბიზნესმენმა ბიძინა ივანიშვილმა, ორ წამყვან ამერიკულ გამოცემაში წერილი გამოაქვეყნა. როგორ აფასებთ ოლიგარქის ამ ქმედებას და რა განზრახვა ჰქონდა მას კრიტიკული წერილების გამოქვეყნებისას?
– აშკარად იკვეთება, რომ ბიძინა ივანიშვილის გუნდში არის რამდენიმე მიმართულება. უფრო სწორად, ორი მიმართულება. პირველი, ესაა წმინდა რუსული მიმართულება და მეორე ცდილობს არ გამოაჩინოს თავის სიმპათიები და შენიღბოს დასავლეთზე ორიენტირებით. რამდენად არის ეს ამერიკის კარზე ბრძოლა და რა შედეგს მოიტანს, ვერ გეტყვით. გავეცანი ბატონი ივანიშვილის ღია წერილს. უბრალოდ, წერილი უნდა იყოს ძალიან ფრთხილად და გონივრულად დაწერილი.
როდესაც წერილს აქვეყნებ ან მიმართვას ავრცელებ, ამან არ უნდა შეუშალოს ხელი შენი ქვეყნის სწრაფვას დასავლეთისკენ. ძალიან ფრთხილად უნდა იყოს შეფასებული აგვისტოს ომი. როდესაც უკვე შეფასებულია 2008 წლის აგვისტოს ომის რეალური მიზეზები აშშ–ს მიერ და დამტკიცებულია, საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის შეჭრა იმის გამო მოხდა, რომ ქვეყნის სწრაფვა არ გაგრძელებულიყო ნატოსკენ და ამაზე ოლიგარქი კიდევ აპელირებს, უკვე არც ვიცი რას ნიშნავს.
-რამდენად არის მიმართული მისი ეს პოზიცია აშშ–სკენ?
-მგონია, რომ უფრო, რუსეთის საამებლად არის, ეს ყველაფერი გაკეთებული.
0