პროხოროვი:  საინტერესოა ქართული გამოცდილება, კორუფციის წინააღმდეგ პროხოროვი: საინტერესოა ქართული გამოცდილება, კორუფციის წინააღმდეგ />


  13:11:39     02-02-2012

პროხოროვი: საინტერესოა ქართული გამოცდილება, კორუფციის წინააღმდეგ

a14729.jpg

რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ პროხოროვი აცხადებს, რომ არჩევნებში მისი გამარჯვების შემთხვევაში, მზადაა აღადგინოს საქართველოსთან ურთიერთობა და ეს ყველაფერი „სუფთა ფურცლიდან“ დაიწყოს.

„საქართველოსთან დავიწყებ სუფთა ფურცლიდან. მე ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ. ჩვენს ხალხებს არაფერი ჰყოფს“ - განაცხადა პროხოროვმა მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მოსკოვში მიაჩნიათ, რომ ასეთი განცხადებებით „პრეზიდენტობის კანდიდატი რუსეთის იმ ლიბერალური აუდიტორიის გულის მოგებას ცდილობს, რომელიც აღმერთებს მიხეილ სააკაშვილს“.

საქართველოსთან დაკავშირებით მსგავსი შინაარსის განცხადებას რუსი ბიზნესმენი პირველად არ აკეთებს. მას შემდეგ, რაც ის საპრეზიდენტო კამპანიაში ჩაება, პროხოროვმა საქართველოსთან დაკავშირებით რამდენჯერმე დააფიქსირა პოზიცია, მაგალითად ის, რომ „რუსეთისათვის აუცილებელია სხვა საგარეო პოლიტიკა, მათ შორის, საქართველოსთან ურთიერთობების დალაგება“.

„თუ ქვეყანას სურს იყოს თანამედროვე მსოფლიოს ლიდერი, მაშინ, ჩვენ უნდა ვისაუბროთ გონივრული კომპრომისის ენაზე, რაც არ უნდა რთული იყოს ეს. წყენა გვერდზე უნდა გადავდოთ. თუ გამოგვივა, მაშინ, საქართველოსთან ურთიერთობა სწრაფად ნორმალიზდება“ - განაცხადა მან რადიო „სერებრიანი დოჟდ“-ის ეთერში.

პროხოროვი უფრო მეტადაც დაკონკრეტდა: „წარსული უნდა გადავდოთ და ფხიზელი თვალით შევხედოთ. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხი რთულია. უნდა დავსხდეთ მოლაპარაკებათა მაგიდასთან და მივიდეთ გადაწყვეტილებამდე, უნდა დავილაპარაკოთ აფხაზებმა, ოსებმა, ქართველებმა და რუსებმა, ჩვენს ნაცვლად ამას არავინ გააკეთებს“ - აღნიშნა მან.

აქვე პროხოროვმა დასძინა, რომ საქართველოსთან კონფლიქტის მიზეზები მისთვის გაუგებარია. „მართალი გითხრათ, როგორც მოქალაქეს, კარგად არ მესმის ამ კონფლიქტის მიზეზები ვფიქრობ, რომ ამას პიროვნული ხასიათი აქვს. მე ბევრი მეგობარი მყავს საქართველოში, ჩვენ ვკონტაქტობთ, ისინი ხშირად ჩამოდიან ჩემთან სტუმრად და მართალი გითხრათ, განსაკუთრებულ პრობლემებს ვერ ვხედავ“ - განაცხადა ბიზნესმენმა. სხვათაშორის, მის ამ განცხადებას აუდიტორიაში აპლოდისმენტები მოყვა.

თუმცა, თუკი რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატი ამ განცხადებებს მხოლოდდამხოლოდ ლიბერალური აუდიტორიის გულის მოსაგებად აკეთებს, გამოდის, რომ ეს აუდიტორია, დღეს, არც თუ მცირერიცხოვანი და უმნიშვნელოა, რადგან საპრეზიდენტო კამპანიის დროს, როგორც წესი, კანდიდატები, უმნიშვნელო, წამგებიან და ერთეულებზე გათვლილ განცხადებებს არ აკეთებენ.

პროხოროვის წინასაარჩევნო აქცენტები საქართველოსთან დაკავშირებით, მხოლოდ ურთიერთობის აღდგენის სურვილით არ შემოფარგლულა. ცოტა ხნის წინ, მან ისიც განაცხადა, რომ საქართველო, პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველაზე წარმატებული ქვეყანაა. კანდიდატმა აღნიშნა, რომ კორუფციასთან ბრძოლის მეთოდები, რომელიც საქართველოში იქნა გამოყენებული, რუსეთისათვის მისაბაძი მაგალითი უნდა გახდეს.

„ჩემთვის საინტერესოა ქართული გამოცდილება კორუფციასთან ბრძოლის წინააღმდეგ. მე არ მაქვს საქართველოში ბიზნესის წარმოების პირადი გამოცდილება, ამიტომ გავესაუბრე ჩემს მეგობრებს, რომლებიც იქ საქმიანობენ. მათ ამიხსნეს, რომ ყველაზე კორუმპირებული რესპუბლიკა საბჭოთა კავშირში, პრაქტიკულად, სრულად განთავისუფლდა კორუფციისგან. არსად, არც ერთი მიმართულებით, საბაჟოდან დაწყებული სამართლადამცველი ორგანოებით დამთავრებული, იქ ჩასული ინვესტორი წინააღმდეგობას არ აწყდება. მე ვთვლი, რომ ეს ქვეყნისათვის დიდი მიღწევაა“ - განაცხადა ვლადიმერ პუტინის კონკურენტმა.

0

ავტორი: