12:49:46     02-02-2012
ჯეიმზ ჯოისის „ეველინი“ (დაბადების დღისადმი)
1882 წლის 2 თებერვალს ირლანდიაში, დუბლინში დაიბადა დიდი ირლანდიელი მწერალი და პოეტი ჯეიმზ ჯოისი (James Augustine Aloysius Joyce).
შარშან, 6 სექტემბერს პრესა.გეს მკითხველს შევთავაზეთ ჯეიმზ ჯოისის მოთხრობა „ეველინი“, თარგმანი ლია იმერლიშვილისა. მაშინ ვწერდით (უნდა გავიმეოროთ, რადგან აუცილებელია):
”მოთხრობა ძალიან საინტერესოა.დიდი მწერალი წარმოგვიდგენს დუბლინელი გოგონას განცდებს, რომელსაც უნდა, რომ გაექცეს საშინელ სინამდვილეს, უხეშ მამას, რომელმაც ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ გამოავლინა სითბო მის მიმართ, გაექცეს დედის ბედს, რომელიც სისასტიკემ, თუ გრძნობის გარეშე ცხოვრებამ, გააგიჟა. გაექცეს დუბლინს... გაქცევა მისთვის ოჯახის შექმნის პერსპექტივაა, მას დიდი სიყვარული არ აღელვებს, დიდი გრძნობა არ აქვს. მისი გადაწყვეტილება მხოლოდ გამოსავლის ძიება ყოფილა... ან იქნებ წასვლა არ შეუძლია და ამიტომ თავის გრძნობა აეჭვებს... ვინ იცის. „მსოფლიოს ყველა ზღვა ერთად ბობოქრობდა მის გულში“ - გვეუბნება ჯოისი (ეს ლია იმერლიშვილის თარგმანის მიხედვით, რომელიც მაშინ გამოვაქვეყნეთ, წინამდებარე ნათია ჩუბინიძისეული თარგმანით კი, რომელსაც ახლა გთავაზობთ: „გულში სამყაროს ყველა ზღვა დაუტრიალდა“).
მომავალი აქვე გოგონას? არ ვიცით. საქმეც ესაა, ის უპერსპექტივო დუბლინს ვერ წყდება, ოჯახს, რომელიც არაფერს მისცემს, ვერ ტოვებს. იქნებ სიყვარული ეწვიოს როდესმე? ღმერთმა ქნას.
ჯოისი ეველინის გულშემატკივრად გვაქვევს, მისი ცხოვრებით დაინტერესებულ ადამიანად. რამდენია მისი მსგავსი ჩვენს გარშემო, ჩვენ კი ვერც ვხედავთ მათ. ჯოისი ხედავს და ამ ღვთისგან მიტოვებული ადამიანების ბედით ჩვენც გვაინტერესებს...
ეს არის დიდი მწერლის ნიჭი.
1984 წელს თბილისში ქართულ ენაზე გამოვიდა ჯეიმზ ჯოისის მოთხრობების წიგნი „დუბლინელები“. თარგმანი ლია იმერლიშვილისაა. წიგნში შესულია 15 მოთხრობა. წიგნმა მაშინ ძალიან დააინტერესა ქართველი მკითხველი“.
სწორედ იმ წიგნიდან გვქონდა გადმობეჭდილი „ეველინი“ (სახელწოდებით „ევილინი“).
დღეს კი, როგორც ზემოთ ვთქვით, დიდი მწერლის დაბადების დღის აღსანიშნავად ჩვენს მკითხველს ვთავაზობთ ამ მოთხრობის ნათია ჩუბინიძისეულ თარგმანს. არა იმიტომ, რომ შევადაროთ, რომელი უკეთესია, არამედ იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ განვიცადოთ დუბლინელი ეველინის განცდები, რომელთაც ასე შესანიშნავად გადმოგვცემს დიდი დუბლინელი.
ჩემი აზრით, წინამდებარე თარგმანიც კარგია. ოღონდ ერთი შენიშვნა, სათაური „ეველინა“ (როგორც სხვადასხვა ინტერნეტგამოცემებშია, იქნებ კორექტული შეცდომაცაა) ვფიქრობ არასწორია, დედანში ამ მოთხრობას (და მის გმირს) ეველინი - Eveline ჰქვია.
მთარგმნელობითი საქმე წახალისებული უნდა იქნას... ამაზე არა ერთხელ მითქვამს და აღარ გავიმეორებ.
ეველინა
(თარგმნა ნათია ჩუბინიძემ)
გოგონა ფანჯარასთან იჯდა, უცქერდა, როგორ იპყრობდა საღამო პროსპექტს. თავი ფარდაზე მიედო და ნესტოებით შეიგრძნობდა მტვრიანი კრეტონის სუნს. დაღლილი იყო...
ქუჩაში რამდენიმე კაცმა გაიარა. ბოლო სახლში მცხოვრები მამაკაცი შინ მიიჩქაროდა. ეველინას კარგა ხანს ესმოდა ნაბიჯების ხმა ბეტონის ტროტუარზე, მერე წითელი სახლების წინ, დანაცრულ ბილიკზე, ჭრაჭუნის ხმაც გაკრთა...
ოდესღაც აქ, ამ ადგილას, მინდორი იყო. იქ ევიც თამაშობდა სხვა ბავშვებთან ერთად. მოგვიანებით მინდორი ვიღაც ბელფასტელმა შეისყიდა და სახლები ააგო.
ადგილობრივ მოსახლეთა პატარა, ყავისფერ ქოხთა მსგავსი კი არა, აგურის ლამაზი სახლები, პრიალა სახურავებით... იმ მინდორზე პროსპექტელი ბავშვებიც იყრიდნენ თავს: დევინები, უოტერსები, დანები, პატარა საპყარი კეო, ევი და-ძმასთან ერთად... მხოლოდ ერნესტი არ თამაშობდა მათთან, გოგონას უფროსი, უსაყვარლესი ძმა. ის უკვე დიდი იყო.
გოგონას მამა, ნარშავას ეკლიანი ჯოხით შეიარაღებული, ხშირად დასდევდა, ბავშვებს, მინდვრიდან რომ გაეყარა, მაგრამ პატარა კეო ფხიზლად დარაჯობდა პატარებს და აფრთხილებდა მოსალოდნელი საფრთხის შესახებ...
დიდი ხნის წინ იყო ეს ყოველივე. ახლა ეველინა დიდია, გაიზარდა მისი და-ძმაც, დედა კი ცოცხალი აღარ ჰყავთ. გარდაიცვალა მათი მეგობარი ტიზი დანიც, უოტერსები კი ინგლისში დაბრუნდნენ. ყველაფერი შეიცვალა და ახლა თვითონაც მიემგზავრება, სხვების მსგავსად, თავისი კერის მიტოვებას აპირებს...
სახლი! გოგონამ ირგვლივ მიმოიხედა, სურდა, გონებაში კიდევ ერთხელ აღებეჭდა ნაცნობი საგნები, წლების განმავლობაში მტვერს რომ წმენდდა და უკვირდა, საიდან გროვდებაო ამდენი.
ამიერიდან ალბათ ვეღარასოდეს იხილავს ნივთებს, რომელთა მიტოვებაც აქამდე არასოდეს უფიქრია. წლებია, უცქერს გაყვითლებულ ფოტოსურათს, კედელზე რომ კიდია გატეხილი ფისჰარმონიის თავზე და იხსენებს მასზე გამოსახული მღვდლის სახელს. ეს მოძღვარი ოდესღაც მამამისთან მეგობრობდა და ისიც ხშირად უხსნიდა სტუმრებს, ჩემი მეგობარი ამჟამად მელბურნშიაო. ოთახს მარგარიტა მარია ალაკოკის2* ფერადი გრავიურაც ამშვენებს...
ეველინამ უკვე გადაწყვიტა სახლიდან გამგზავრება, თუმცა არ იყო დარწმუნებული ამ ნაბიჯის სისწორეში. სცადა, საკითხის თითოეული მხარე აეწონ-დაეწონა: შინ არც საკვები აკლდა, არც თავშესაფარი, ირგვლივ კი ის ხალხი ეხვია, ბავშვობიდანვე რომ იცნობდა. ისე კი ბევრს შრომობდა შინაც და მაღაზიაშიც. ნეტავ რას იტყოდნენ სამსახურში, როცა გაიგებდნენ, შეყვარებულს გაჰყვა ბუენოს-აირესშიო? ალბათ იტყოდნენ, რომ სისულელე გააკეთა და მის ადგილზე კონკურსს გამოაცხადებდნენ.
ეს განსაკუთრებით მის გავანს გაახარებდა; ქალი სულ კრიჭაში ედგა გოგონას, განსაკუთრებით კი მაშინ ავსებდა საყვედურებით, როცა ხალხი უსმენდა. წამდაუწუმ გაჰკიოდა: „მის ჰილ, ვერ ხედავ? ქალბატონები გელოდებიან!“ ანდა - ,,ცოტა ცოცხლად, მის ჰილ, გეთაყვა!“
არა, მაღაზიის მიტოვება ნამდვილად არ დასწყვეტდა გულს... შემდეგ გათხოვდებოდა და ახალ სახლში გადავიდოდა, შორეულ, უცხო ქვეყანაში... ის სახლი სრულიად არ ემგვანებოდა ძველს... ამაზე ფიქრი სასიამოვნო ჟრუანტელს ჰგვრიდა...
მამა აღზრდისას გამორჩეულად ეპყრობოდა ეველინას, არ ექცეოდა ისე, როგორც ერნესტსა და ჰარის, ევი ხომ გოგონა იყო, მაგრამ... მოგვიანებით აითვალწუნა, ერთხელ ისიც კი უთხრა, რომ მხოლოდ მიცვალებული მეუღლის ხათრით ზრუნავდა ქალიშვილზე...
იმ დღის შემდეგ გოგონას აღარავინ დარჩა დამცველი. ერნესტი დაიღუპა, ჰარი კი ეკლესიის მოხატვაზე მუშაობდა და სულ სადღაც მიიჩქაროდა...
ეველინა თითქმის ყოველთვის უგზავნიდა მამას მთელ ხელფასს, შვიდ შილინგს. ჰარიც უგზავნიდა იმდენს, რამდენიც შეეძლო, მაგრამ გაავებული მშობელი ყოველ შაბათს ფულს ითხოვდა შვილებისგან, თვითონ კი არაფერს აძლევდა მათ. პირიქით, ქალიშვილს აყვედრიდა, დანაზოგს უაზროდ ფლანგავ, თავი მხრებზე არ გაბია, მე არასოდეს მოგცემ ჩემს წვალებით ნაგროვებ ფულს, რომ აქეთ-იქით მიმოფანტოო. ჰო, მართლაც საშინლად იქცეოდა მამა ყოველ შაბათ საღამოს... ბოლოს მიუგდებდა გოგონას ორიოდე გროშს და ავალებდა კვირისთვის სადილის მომზადებას. ისიც გარბოდა საყიდლებზე, ხელში მჭიდროდ ჩაბღუჯული შავი ტყავის საფულით, ძლივს მიიკვლევდა გზას ბრბოში, დატვირთული ჩანთით ბრუნდებოდა შინ და ძალ-ღონეს არ იშურებდა, რათა სახლისთვის და ორი ბავშვისთვის მიეხედა. ცდილობდა, რეგულარულად ეკვება ისინი, სკოლაში მოწესრიგებული გაეშვა ყოველდღე...
მძიმე ცხოვრება ჰქონდა, მაგრამ ახლა, როცა მიემგზავრებოდა, სრულიად აღარ ეჩვენებოდა ეს ყველაფერი უსიამოვნოდ, არასასურველად...
ფრენკთან ალბათ სულ სხვა ცხოვრება ელოდა. ის გულღია ადამიანი იყო, კეთილი, ვაჟკაცური. ევი მასთან ერთად გემით გაემგზავრებოდა ბუენოს-აირესში და ცოლად გაჰყვებოდა, იქ ახალი სახლი ელოდა...
რა კარგად ახსოვდა პირველი შეხვედრა ფრენკთან: ბიჭს სახლი ჰქონდა ნაქირავები მთავარ ქუჩაზე, იქ კი გოგონას ხშირად უწევდა გავლა. თითქოს სულ ახლახან იყო ყველაფერი... ფრენკი ჭიშკართან იდგა, წოწოლა კეპი თავზე ჩამოემხო, თმა ქუდიდან გამოსჩროდა და გარუჯულ, ბრინჯაოსფერ სახეზე ეფარებოდა. მოგვიანებით დაახლოვდნენ. ჭაბუკი მაღაზიის კართან ხვდებოდა და სახლამდე აცილებდა.
ერთხელ სპექტაკლი აჩვენა: მაიკლ უილიამ ბალფის „ბოშები“.
ევი საოცრად გახალისდა, მასთან ერთად თეატრის უჩვეულო სკამზე რომ მოკალათდა. ფრენკი მუსიკამ გაიტაცა და ჩუმად აღიღინდა. ხალხმა იცოდა, რომ ამ ორს ერთმანეთი მოსწონდა და როცა ბიჭი უმღეროდა ევის ქალიშვილზე, მეზღვაური რომ შეუყვარდა, გოგონას სიამოვნების ჟრუანტელი დაუვლიდა ხოლმე. ბიჭი სატრფოს ალერსით „მინდვრის ყაყაჩოს“ ეძახდა. თავდაპირველად ევის ის სიამოვნებდა, ვიღაც რომ ეტრფოდა, შემდეგ კი, თანდათან, თავადაც მოეწონა თაყვანისმცემელი.
ფრენკმა მუშაობა გემზე დაიწყო. თავდაპირველად „ალან ლაინზე“ მოეწყო თვეში ერთ გირვანქად, შემდეგ კი სხვა გემებზეც მუშაობდა და გოგონას ხშირად ეუბნებოდა იმ ხომალდთა სახელებს, რომლებზეც ემსახურა.
ბევრი ქვეყანა შემოიარა. ქალიშვილს ხშირად მოუთხრობდა შორეულ მხარეზე, საშინელ პატაგონიელებზე...
ერთხელ შვებულება ბუენოს-აირესში გაატარა და მას შემდეგ ოცნებობდა ეველინასთან ერთად იქ დასახლებაზე.
ეველინას მამამ შენიშნა, მისი გოგონა შეყვარებული რომ იყო, არც ფრენკით იყო უკმაყოფილო და წყვილს შეხვედრას არ უშლიდა. თუმცა ეს იდილია მალე დამთავრდა. ერთხელ მამა და ფრენკი წაკამათდნენ და ამის შემდეგ შეყვარებულები მალულად ხვდებოდნენ ერთმანეთს.
საღამომ ჩაამუქა პროსპექტი.
გაფერმკრთალდა იმ ორი წერილის სითეთრე, ხელში რომ ჩაებღუჯა. ერთი ჰარის ეკუთვნოდა, მეორე კი მამას. ევის ერნესტი უფრო უყვარდა, მაგრამ ჰარიც ხომ მისი ძმა იყო. მამა კი ძალიან დაბერდა, იცოდა, მოენატრებოდა მოხუც მშობელს.
ზოგჯერ იგი კეთილიც იყო. არც ისე დიდი ხნის წინ მოჩვენებათა ისტორიებს უამბობდა ავადმყოფ ქალიშვილს და ტოსტებს უბრაწავდა ცეცხლზე. ერთხელ, როცა დედაც ცოცხალი იყო, ყველანი პიკნიკზე გაემგზავრნენ ჰოუთ ჰილზე. მამამ მაშინ ქალის შლაპა დაიხურა და ოინბაზობა დაიწყო ბავშვების გასამხიარულებლად...
დრო გადიოდა, ის კი მაინც ფანჯარასთან იჯდა, თავი ისევ ფარდისთვის მიედო და ისევ შეიგრძნობდა ნესტოებით მტვრიანი კრეტონის სუნს... ქვემოდან, პროსპექტის სიღრმიდან, ქუჩის ორგანის დაკვრის ხმა მოესმა. ეველინასთვის ნაცნობი იყო ეს ჰაერი... სწორედ ახლა გაახსენდა დედისთვის მიცემული პირობა, სახლს მანამ მივხედავ, სანამ შევძლებო.
გაახსენდა მისი ავადმყოფობა და ერთად გატარებული ბოლო ღამე... ქალი დახუთულ, ბნელ ოთახში იწვა და გორაკის გაღმიდან მომავალ იტალიის მელანქოლიურ ჰაერს შეიგრძნობდა. ორგანისტს მაშინ ექვსპენიანი აჩუქეს, დაკვრა რომ შეეწყვიტა და წასულიყო. მამა აღელვებული ბოლთას სცემდა ოთახში და ბუზღუნებდა: “წყეული იტალიელები, რაღა აქ მოდიან!“
დედის საბრალო მზერის და უდროო აღსასრულის გახსენებამ შიშით ააცახცახა გოგონა. ამ ქალის სიცოცხლე ხომ უბრალო ადგილისთვის მსხვერპლშეწირვა იყო მხოლოდ, ჭკუიდან შეშლით დამთავრებული. ისევ გაახსენდა მშობლის ხმა, გიჟური დაჟინებით რომ იმეორებდა:
„ერე რაუნ შერაუნ! ერე რაუნ შერაუნ!“
შიშის უეცარმა იმპულსმა აიძულა ეველინა, წამომდგარიყო. გაქცევა, გაქცევაა საჭირო! ფრენკი გადაარჩენს.
ის მისცემს ქალიშვილს სიცოცხლეს და ალბათ სიყვარულსაც. მას ხომ სიცოცხლე სურს, რად უნდა იყოს უბედური?! ხომ აქვს ბედნიერების უფლება!.. ფრენკი ხელში აიყვანს, გულში ჩაიკრავს და იხსნის...
***
ეველინა უკვე ნორს უოლის სადგურზე იდგა მოძრავ ბრბოში. ფრენკმა ხელი ჩაავლო და რაღაცას უმეორებდა. სადგური სავსე იყო ყავისფერბარგიანი ჯარისკაცებით. ფარდულის ფართო კარში გოგონამ გემები შენიშნა. ისინი ნავმისაბმელთან იყვნენ განლაგებული და ილუმინატორები განათებული ჰქონდათ.
ევი ხმას არ იღებდა.
გრძნობდა, რომ ლოყები გაუფერმკრთალდა და გაუცივდა. გაოგნებული იყო და ღმერთს შესთხოვდა, აეხსნა, რა იყო მისი დანიშნულება, გზა ეჩვენებინა... უცებ ნისლში გემმა სამგლოვიარო ხმით დაუსტვინა... თუ წავიდოდა, ხვალ უკვე ბუენოს-აირესისკენ მიმავალი ხომალდით ზღვაში იქნებოდა გასული ფრენკთან ერთად. მათი ადგილები დაჯავშნული იყო. განა შეეძლო, წასვლა გადაეფიქრებინა მას შემდეგ, რაც ფრენკმა მისთვის გააკეთა?! მწუხარებამ სულში ზღვის ავადმყოფობა გაუღვიძა... მაინც განაგრძობდა ტუჩების ცმაცუნით, მდუმარედ, მგზნებარედ ლოცვას...
სულში ზარმა ჩამორეკა და ამ დროს იგრძნო, როგორ მოჰქაჩა ფრენკმა ხელზე: „წავედით!“
გულში სამყაროს ყველა ზღვა დაუტრიალდა, ფრენკი კი კვლავ თავისკენ იზიდავდა და ჩანდა, თავისას გაიტანდა კიდეც...
გოგონა რკინის მესერს ჩაეჭიდა მთელი ძალ-ღონით. „წამოდი!“ - კვლავ შეეხმიანა ფრენკი...
არა! არა! არა!.. ეს შეუძლებელი იყო... ეველინას ხელები რკინას შეეზარდა და განრისხებულმა სიმწრით შეჰკივლა ზღვას...
„ეველინა! ევი!..“ - კვლავ ისმოდა ძახილი...
ფრენკი ბარიერს იქით იდგა უკვე და გამწარებული უხმობდა სატრფოს, მომყევიო. ევი კი... დარჩა.
გოგონა, გაფითრებული, შორიდან შეჰყურებდა გულის სწორს, პასიური იყო და უმწეო, პაწაწინა ცხოველს ჰგავდა...
ამწუთას ეველინას თვალებში აღარაფერი იკითხებოდა... აღარც სიყვარულის ნიშატი, აღარც განშორების სევდა, აღარც ცნობადობა....
0