პუტინს სარკოფაგი, მედვედევს მარმარილოს ქვა… პუტინს სარკოფაგი, მედვედევს მარმარილოს ქვა… />


  10:26:01     02-02-2012

პუტინს სარკოფაგი, მედვედევს მარმარილოს ქვა…

a14716.jpg

მოსკოვში განხილვის თემად იქცა - სად დაკრძალავენ ვლადიმერ პუტინს? ეს საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც კრასნოიარსკის ტელეკომპანია ТВК-ს წამყვანს მარია ბუხტუევას ლენინი და პუტინი ერთმანეთში აერია და კითხვა დასვა : უნდა დაიკრძალოს თუ არა ვლადიმერ პუტინი?

სიუჟეტი, რომელიც ტელეწამყვანმა ამ სკანდალური ფრაზით წარადგინა პრეზიდენტობის კანდიდატის მიხეილ პროხოროვის ინიციატივას ეძღვნებოდა. პროხოროვი გამოდის ინიციატივით, რომ ლენინის დასაფლავების საკითხი ერთხელ და სამუდამოდ რეფერენდუმზე გადაწყდეს.

მარია ბუხტუევას უნებური წამოცდენა მაყურებელმა და ინტერნეტმომხმარებელმა აიტაცა და გამოხმაურებებმაც არ დააყოვნა: არ უნდა დავმარხოთ - 100 დღეს ვიტიროთ და მერე - მავზოლეუმში; პუტინი? და ლენინს რა ვუყოთ? ციმბირში გავასახლოთ?; ფროიდს არ სძინავს;

ტელეწამყვანმა მეორე სიუჟეტის წარდგენამდე შეცდომის გამოსწორება ასე სცადა: მავზოლეუმში, ჩვენ, ვლადიმერ ლენინი, სხვა ბელადი გვყავს.

მარია დაინდეს და სამსახური არ დაატოვებინეს. ალბათ იმიტომ, რომ მისმა შეცდომამ რამდენიმე „სასარგებლო“ იდეაც წარმოშვა - მართალია, ვლადიმერ პუტინის დაკრძალვის თემაზე, მაგრამ თუნდაც პუტინისთვის, ალბათ აქვს მნიშვნელობა, სად დაკრძალავენ - მავზოლეუმში, ლენინის ნაცვლად თუ გვერდით, თუ თეთრმარმარილოიან სარკოფაგში იმპერატორებთან ერთად.

ორგანიზაციამ „ნაციონალური კომიტეტი 60“, რომელიც ვლადიმერ პუტინის 60 წლის იუბილეს აღსანიშნავად სპეციალურად შეიქმნა (ეს თარიღი წელს აღინიშნება), ახალი კრეატიული წინადადება წამოაყენა, - რუსეთის პრეზიდენტები პეტროპავლოვსკის ტაძარში, იმპერატორებისა და იმპერატრიცების გვერდით დაკრძალონ.

კომიტეტი აპირებს მიმართოს დიმიტრი მედვედევს, კორექტირება გაუკეთოს ნორმატიულ აქტებს, რომლებიც სახელმწიფოს პირველი პირების მიწისთვის მიბარებას ეხება.

თუ მედვედევი თანახმა იქნება, პეტროპავლოვსკის ტაძარში დაკრძალვის პირველობას ტანდემს ვერავინ წაართმევს, თუ არ გავითვალისწინებთ საბჭოთა პრეზიდენტს მიხეილ გორბაჩოვსა და უკვე გარდაცვლილ ბორის ელცინს.

„ნაციონალური კომიტეტი 60“ უკვე იმაზეც ფიქრობს, როგორი შთამბეჭდავი იქნება ეს სარკოფაგები - თეთრი მარმარილოსი და ზედ ოქროს არწივებით.

ეს რაც შეეხება პრეზიდენტებს.  მაგრამ გული რომ არ დასწყდეთ, მიწას პრემიერ-მინისტრებსაც მოუზომავენ, თუმცა მთლად იმპერატორების გვერდით თუ არა, იმპერატორთა ნათესავების წრეში მაინც. და  ეს იქნება „ველიკოკნიაჟესკაია უსიპალნიცა“-ში, სადაც მოხვედრა, ადრე მხოლოდ იმპერატორული სისხლისა და მათთან დანათესავებულ  ადამიანებს შეეძლოთ.

სარკოფაგებს კი პრემიერ-მინისტრებს არ აუგებენ, მათ მხოლოდ თეთრი მარმარილოს ფირფიტებს და რა თქმა უნდა, ოქროს არწივებს სთავაზობენ.

ინიციატივის ავტორებს უკვე მონიშნული აქვთ, რომელი კანონის რომელ პუნქტში უნდა შევიდეს ცვლილებები. „ნაციონალური კომიტეტი 60“-ის წევრები ამბობენ, რომ დღეს ქვეყანაში არ არსებობს ადგილი, სადაც პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი შესაბამისი პატივით განისვენებენ.

მათთვის ელიტური სასაფლაოს მშენებლობა, მოსკოვთან ახლოს, ჯერ კიდევ ბორის ელცინის დროს დაიწყო და სათანადოდ დასრულებული დღემდე არ არის. თუმცა კომიტეტის წევრებმა აღმოაჩინეს, რომ ამ სასაფლაოზე საპატივცემულო პერსონების გვერდით შეიძლება დაკრძალონ ისეთი ადამიანებიც, როგორებიც არიან „ტაივანჩიკები“ და „იაპონჩიკები“, რაც მათთვის აბსოლუტურად მიუღებელია.

0

ავტორი: