22:40:39     01-02-2012
შს სამინისტრო დანაშაულებს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ხსნის

სამართალდამცავებმა 36 წლის ზურაბ ზურაბიშვილი დააკავეს, რომელიც თბილისსა და რამდენიმე რეგიონში 11 ეკლესიის გაქურდვაშია ბრალდებული. მისი იდენტიფიკაცია პოლიციამ თითის ანაბეჭდების მეშვეობით მოახდინა.
ზურაბიშვილი წარსულში ნასამართლევია და ამჟამად ოთხწლიანი პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა შს სამინისტრო თითის ანაბეჭდების იდენტიფიცირებით საქმეს ხსნის. თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით აქამდეც არაერთი დამნაშავის გამოვლენა მოხერხდა.
მაგალითად, გასულ წელს, შს სამინისტროს აჭარის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 75 წლის ქალბატონის - ლიდია გრიგოროვას მკვლელობაში დამნაშავე პირი სწორედ შემთხვევის ადგილიდან აღებული თითის ანაბეჭდის საშუალებით დაადგინეს. გამოძიების შედეგად გაირკვა, რომ წარსულში ორჯერ ნასამართლევმა 33 წლის თემურ საინიშვილმა ქ. ქობულეთში, საკუთარ ბინაში, შარფით დაახრჩო მეზობელი - ლიდია გრიგოროვა, გვამს მარცხენა ხელის თითი მოაჭრა, რომელზეც საქორწინო ბეჭედი ეკეთა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ მთავარ სამმართველოში არსებული თანამედროვე ტექნოლოგიები და გამოცდილი ექსპერტები გამოძიებას საშუალებას აძლევს, დანაშაული სუნის ნიმუშის მეშვეობითაც გახსნას. შს სამინისტროს პრაქტიკაში მსგავსი ტიპის არაერთი ფაქტი არსებობს. მაგალითად, გასულ წელს ყაჩაღობისთვის ნასამართლევ იოსებ მაღრიშვილს 10-მდე ბინის გაქურდვაში დასდეს ბრალი. გამოძიების მსვლელობისას გაქურდული ბინებიდან სუნის ნიმუშები იქნა აღებული, რის შედეგადაც საექსპერტო-კრიმინალისტიკურ მთავარ სამმართველოში დაინიშნა ოდოროლოგიური ექსპერტიზა და დადგინდა, რომ მაღრიშვილს 2011 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით 10-მდე ბინა ჰქონდა გაქურდული.
0