17:21:01     01-02-2012
დაზარალებულმა გიორგი სიბაშვილმა გამოძიებას ჩვენება მისცა

შს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომელი, გიორგი სიბაშვილი, გუშინ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, რომლის გამოც პოლიციამ ჟურნალისტი სოფო ნიკოლაშვილი დააკავა, კომენტარს არ აკეთებს. როგორც ცნობილია, ნიკოლაშვილს სიბაშვილის მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებენ.
ამ დროისთვის ცნობილი გახდა, რომ გიორგი სიბაშვილმა გამომძიებელს უკვე მისცა ჩვენება. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, სიბაშვილი ჩვენებაში აღნიშნავს, რომ მან სოფო ნიკოლაშვილი გასული წლის გაზაფხულზე გაიცნო, მეგობრობდნენ და არავითარი კონფლიქტი არ ჰქონიათ.
სოფო ნიკოლაშვილი მას გუშინ დაუკავშირდა და შეხვედრა სთხოვა, შეხვედრის დროს კი მისი მოკვლა სცადა, რა დროსაც სიბაშვილმა მას იარაღი წაართვა. იარაღის წართმევის შემდეგ, სოფო ნიკოლაშვილი პოლიციაში გიორგი სიბაშვილმა მიიყვანა.
როგორც ცნობილია, ინციდენტი გუშინ, საღამოს ქალაქ გურჯაანში, ვაჟა ფშაველას ქუჩაზე მოხდა. სამართალდამცავების ცნობით, სოფო ნიკოლაშვილი შეეცადა 21 წლის გიორგი სიბაშვილისთვის მამამისის კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა, თუმცა სიბაშვილმა მას იარაღი წაართვა.
კახეთის საოლქო პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება 19/108 მუხლით მიმდინარეობს. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში 20 წლის სოფო ნიკოლაშვილს 7–დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
დაკავებული ჟურნალისტის ადვოკატი აცხადებს, რომ იზოლატორში სოფო ნიკოლაშვილს უკვე შეხვდა, თუმცა ჯერ არ აკონკრეტებს, ზუსტად რას უკავშირდება მომხდარი. „მომაწოდა ინფორმაცია როგორ მოხდა მისი დაკავება, დაკითხვა და იზოლატორში გადაყვანა, რას უკავშირდება ეს ყველაფერი და ა.შ“–აღნიშნავს ადვოკატი გუგული ღვალაძე.
შეგახსენებთ, რომ გიორგი სიბაშვილი შს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომელია, დაკავებული სოფო ნიკოლაშვილი კი დავით ნიკოლაშვილის შვილია, რომელიც საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნების“ გურჯაანის ორგანიზაციას ხელმძღვანელობს.
0