17:08:30     01-02-2012
გოკა გაბაშვილი: ივანიშვილი არაადექვატურია

საქართველოს პრეზიდენტმა, საკუთარ თავზე უზარმაზარი ვალდებულებები აიღო და იგი უამრავ პროექტს ახორციელებს. სააკაშვილის მიერ გასატარებელი რეფორმები იქითკენ არის მიმართული, რომ ჩვენი ქვეყანა უკეთესობისკენ შეიცვალოს – აცხადებს გოკა გაბაშვილი.
პრეზიდენტ სააკაშვილის მომავალ გეგმებთან დაკავშირებით, - „პრესა.ჯი–ს“ მმართველი გუნდის წევრი, დეპუტატი გოკა გაბაშვილი ესაუბრა:
- Washington Times-მა, სტატია გამოაქვეყნა სათაურით „საქართველოს პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრად გახდომის შესაძლებლობას არ გამორიცხავს”. ამ საკითხს, მმართველ გუნდში განიხილავთ?
– ამ საკითხზე, განცხადება მიხეილ სააკაშვილმა არაერთხელ გააკეთა. პრეზიდენტმა რამდენჯერმე თქვა, რომ მისთვის კარიერაზე ფიქრის დრო არ დამდგარა და ის კონცენტრირებულია იმ საქმეზე, რომელსაც დღეს აკეთებს. კერძოდ, საქართველოს პრეზიდენტმა, საკუთარ თავზე უზარმაზარი ვალდებულებები აიღო და იგი უამრავ პროექტს ახორციელებს. სააკაშვილის მიერ გასატარებელი რეფორმები იქითკენ არის მიმართული, რომ ჩვენი ქვეყანა უკეთესობისკენ შეიცვალოს. მისი ახლანდელი საქმე ეს არის, თუმცა, რა თქმა უნდა, მისი პოლიტიკური მიზანი იქნება, რომ ქვეყნის მიერ აღებული კურსი გაგრძელდეს. რაც შეეხება პრეზიდენტის პიროვნულ საკითხებს, ის ამაზე კომენტარს არც ადრე აკეთებდა და არც ახლა აპირებს. ვინაიდან, საპრეზიდენტო არჩევნები 2013 წელს არის დანიშნული, ამაზე საუბარი 2012 წელს ნაადრევია.
– ამ გამოცემის მოსაზრებას არ ეთანხმებით, რომ სააკაშვილი პრემიერობას არ გამორიცხავს?
– ასეთი განცხადება არ მინახავს, თუმცა, პრეზიდენტმა თავისი პოლიტიკური გეგმების შეფასება ძალიან კარგად გააკეთა, როცა თქვა, რომ ის კონცენტრირებულია იმ საქმეზე, რომელსაც ახლა აკეთებს.
– ერთ-ერთმა ამერიკულმა გამოცემამ სტატია გამოაქვეყნა, რომ საქართველოსა და ამერიკის პრეზიდენტების შეხვედრა, ლობისტური კომპანიების წყალობით შედგა. ეს თემა, თქვენმა ოპონენტებმაც აიტაცეს. თქვენ რა ინფორმაციას ფლობთ?
– ამ შეხვედრას, ლობისტურ კომპანიებთან საერთო არაფერი აქვს. ქვეყნებს მთავრობა იმისთვის ჰყავს, რომ თავად გადაწყვიტონ ვის რა დროს შეხვდნენ და რა პოლიტიკური მესიჯები გააკეთონ. რაც შეეხება ამ კომპანიებს, მათი ფუნქციაა საქართველოს საინვესტიციო პოტენციალისა და ქვეყნის იმიჯის პოპულარიზაცია და არა, შეხვედრების გამართვა.
– მთავრობა აცხადებს, რომ ლობისტურ კომპანიებს, საქართველო, ქვეყნის პოპულარიზაციის მიზნით მიმართავს. ფინანსებთან დაკავშირებით კი, ოპონენტების მხრიდან, ხშირად კრიტიკა ისმის. რეკლამა, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება?
– ეს ინფორმაციია ღიაა და თქვენ შეგიძლიათ, ამასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია მოიპოვოთ. თუ „ნაციონალური მოძრაობა” კვლევას უკვეთავს, მაშინ, მომსახურების თანხებს ჩვენ ვიხდით, მაგრამ თუ ქვეყნის ტურიზმის რეკლამა კეთდება, ფინანსებს შესაბამისი დეპარტამენტი ფარავს.
– ლობისტურ კომპანიებს უკვე, ბიძინა ივანიშვილმაც მიმართა. ამერიკისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრამდე, ერთი დღით ადრე, Washington Times -ში, ოლიგარქის შეკვეთილი სტატია გამოქვეყნდა. შეხვედრის შემდეგ კი, ივანიშვილმა განაცხადა, რომ „ერთადერთი კაცი, ვინც საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას ხელს უშლის მიხეილ სააკაშვილია”. . .
– ივანიშვილს ფული აქვს და მას შეუძლია მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მომსახურება შეიძინოს. თუმცა, თუ მან ასეთი რამ თქვა, არაადექვატურია, რადგან საქართველოს ხელისუფლება, სააკაშვილის ხელმძღვანელობით ნატოს უახლოვდება. ნატოს გენერალური მდივანი და ელჩები აცხადებენ, რომ ამ ბოლო წლებში, საქართველო, როგორც არასდროს, ნატოს დაუახლოვდა. ამაზე მეტყველებს ის ნაბიჯები, რომელიც ყოველწლიური სამოქმედო გეგმის ფარგლებში წინ გადაიდგა. ჩვენს ხედვებს ივანიშვილი კატეგორიულად ეწინააღმდეგება. ეს ახალი არ არის, რადგან მისი პრიორიტეტი, რუსეთთან ურთიერთობის დალაგებაა.
ივანიშვილი საქართველოზე დემოკრატიულ ქვეყანად, რუსეთს აღიქვამს, თუმცა, მის მოსაზრებებს, მსოფლიოში სერიოზულად არავინ ისმენს. ივანიშვილის მიზანია, რომ ქვეყანამ „აგვისტოს ომში” თავი დამნაშავედ სცნოს, მაგრამ ეს მიდგომა ცივილიზებული სამყაროს მიერ უგულვებელყოფილია.
0