სირიელები რუსებს უტევენ, თუმცა ჯერ ინტერნეტით სირიელები რუსებს უტევენ, თუმცა ჯერ ინტერნეტით />


  15:29:03     01-02-2012

სირიელები რუსებს უტევენ, თუმცა ჯერ ინტერნეტით

a14701.jpg

რუსეთი არ მოსთხოვს ბაშარ ასადს გადადგეს, სამაგიეროდ, სირიელმა ამბოხებულებმა შეიძლება მოითხოვონ ვლადიმერ პუტინის გადადგომა. მოვლენათა ასეთ განვითარებას სავსებით ლოგიკურს უწოდებენ  მოსკოვშიც. სირიული დიასპორების მიერ რამდენიმე ქვეყანაში გამართულ საპროტესტო აქციებზე, რომლებიც მიზანმიმართულად რუსეთის საელჩოებთან ჩატარდა, მოსკოვის პოლიტიკა სასტიკად დაგმეს. სირიის ოპოზიცია აღშფოთებულია რუსეთის პოზიციის გამო, რომელიც ასადის რეჟიმს ემხრობა.

რუსულ ბლოგებზე კი უკვე გამითქვა მოლოდინი, რომ შესაძლოა, მოსკოვში დაგეგმილ ერთ-ერთ უახლოეს საპროტეტო აქციაზე გაისმას ლოზუნგი - ძირს პუტინი იმის გამო, რომ მხარს უჭერს სირიის დიქტატორულ რეჟიმს, ან შეწყდეს სირიის სისხლიანი რეჟიმისთვის იარაღის მიწოდება…

რუსეთზე იერიში სირიელებმა უკვე მიიტანეს, თუმცა ჯერჯერობით, ეს ვირტუალურ სივრცეში ხდება. გუშინ გავრცელდა ცნობა, რომ მათ Facebook-ის რუსი ინტერნეტმომხმარებლების გვერდებს შეუტიეს. მათ შორის პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევის Facebook-ს. „თავდამსხმელებმა“ დატოვეს შეტყობინებები, სადაც პროტესტია გამოთქმული იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთი შეიარაღებას აწვდის სირიას.

შეტევა განხორციელდა ინტერნეტგაზეთებზეც, -  Lenta.Ru-ზე, Slon.ru-ზე, Афиша-ზე, ასევე პირველი არხისა და ტელეკომპანია Дождь-ის ინტერნეტგვერდებზე, რუსული მედიისათვის დატოვებულ კომენტარებში კი წერია, რომ სირიის რეჟიმი ხალხს რუსული იარაღით კლავს და რომ არა რუსეთის ვეტო ოქტომბრის რეზოლუციაზე, მკვლელობები სირიაში რამდენიმე თვის წინ შეწყდებოდა.

წუხელვე განვრცელდა ცნობა, რომ სირიის პრეზიდენტის ბაშარ ასადის ელექტრონული ფოსტა გატეხა ვინმე „ალ პაჩინომ“. ტელეარხ ალ-არაბიას ცნობით, სელმან აზიმ, რომელიც „ალ პაჩინოს“ ფსევდონიმითაა ცნობილი, ასადის ფოსტაში ბევრი სკანდალური მონაცემი აღმოაჩინა, კერძოდ, ასადის პირადი, საიდუმლო მიმოწერა, მაკომპრომეტირებელი მასალები, ასევე ფაქტები, რომლებიც ადასტურებს, რომ დამასკოს ირანი უმაგრებს ზურგს. ალ პაჩინო დაემუქრა ასადს, რომ თუ ის 2 დღის ვადაში არ შეასრულებს ოპოზიციის მოთხოვნებს, ამ მასალებს სააშკარაოზე გამოიტანს. ჰაკერის ულტიმატუმი ასეთია - ასადი გადადგეს და შეწყვიტოს სირიელი ხალხის ხოცვა.

გარდა იმისა, რომ რუსეთის სტრატეგიული ინტერესებისათვის ბაშარ ასადის რეჟიმის დამხობა კატასტროფის ტოლფასია, ის ეკონომიკური თვალსაზრისითაც წაგებულ მდგომარეობაში დარჩება. იმ ინფორმაციის შესაბამისად, რაც ხელმისაწვდომია, დაითვალეს, რომ მოსკოვის მიერ დამასკოსათვის მიწოდებული იარაღის საფასური 4 მილიარდი დოლარია.

ალ პაჩინომ კი სირიის პრეზიდენტის ელექტრონული ფოსტის გარდა რამდენიმე სამინისტროს ვებ-გვერდიც გატეხა, მათ შორის ინფორმაციის, ეკონომიკისა და ვაჭრობის, შს სამინისტროებისა და სირიის პარლამენტის საიტები.

ეს ინტერნეტბრძოლა წუხელ იმ პერიოდში მიმდინარეობდა, როცა გაეროში სირიის შესახებ რეზოლუციის პროექტს განიხილავდნენ. თუმცა რაიმე შეთანხმებამდე მაინც ვერ მივიდნენ, რუსეთი და ჩინეთი ყველას ისევ წინააღმდეგნი არიან და არ ეთანხმებიან  ბაშარ ასადის გადადგომასა და ეროვნული ერთობის მთავრობის შექმნას, რაც საფუძვლად უდევს პროექტს. ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ აღნიშნული პროექტი არ გულისხმობს სირიაში რაიმე ძალისმიერი გეგმის განხორციელებას, თუმცა მოსკოვი მიიჩნევს, რომ დასავლეთისა და არაბთა ლიგის მიერ მოწონებული რეზოლუციის პროქტი სირიის საშინაო საქმეებში ჩარევას ნიშნავს.

ამის შემდეგ რუსეთის ინტერნეტსივრცეში კიდევ უფრო მეტად შიშობენ, რომ სირიელი ბლოგერები ამ მეორე რეზოლუციის პროექტის ჩაგდებას მოსკოვს არ აპატიებენ და „ძალიან მალე შეგვახსენებენ ამას“.

0

ავტორი: