„ქართლის ცხოვრება“ ანტონ მარტყოფელის შესახებ „ქართლის ცხოვრება“ ანტონ მარტყოფელის შესახებ />


  14:07:01     01-02-2012

„ქართლის ცხოვრება“ ანტონ მარტყოფელის შესახებ

a14695.jpg

19 იანვარს (ახალი სტილით 1 თებერვალს) ქართული ეკლესია აღნიშნავს ათცამეტი ასურელი მამიდან ერთ-ერთის, ანტონ მარტყოფელის ხსენების დღეს.

ანტონ მარტყოფელს დიდი დამსახურება მოიძღვის ქართული ეკლესიის წინაშე, ისევე როგორც მის მეგობრებსა და სულიერ ძმებს, ასურელ მამებს, რომელნიც მეექვსე საუკუნეში მოვიდნენ საქართველოში და დიდი წვლილი შეიტანეს ქართული ეკლესიის გაძლიერების, მართლმადიდებლობის განმტკიცებისა და გავრცელების საქმეში.

მამა ანტონს საქართველოში ჩამოუბრძანებია მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის ხელთუქმნელი ასლი (თუ შეიძლება ასე ითქვას).

მაცხოვრის განკაცების ხანაში, ედესიის მთავარმა, ავგაროზმა, რომელიც უკურნებელი სენით იყო დაავადებული, მისწერა იესოს წერილი, განკურნება სთხოვა და შესთავაზა, მე ვიცი, რომ ბოროტს გიპირებენ და ჩემთან ჩამოდი, აქ ვერავინ შეძლებს შენთვის ზიანის მოყენებასო.

იესომ დალოცა რწმენისათვის და გაუგზავნა წერილი, რომელიც დაბეჭდა შვიდი ბეჭდით, დღეს რომ ავგაროზის ლოცვის სახელითაა ცნობილი:

ჯვარი ფ ხ ე ი რ დ

ზღუდე ვარ მე ედესიისა და უტყველისა მის აღთქმისა სიმტკიცე.

ხოლო ბეჭედთა ახსნა არს ესე:

ჯვარი ვიდრემე ცხად ჰყოფს, ვითარმედ ნებსით დავემსჭვალე მას ზედა,

ხოლო ფ-არი ცხად ჰყოფს: ვითარმედ წვლილი კაცი არა ვარ მე, არამედ კაცი სრული ჭეშმარიტებით,

ხოლო ხ-ანი ცხად ჰყოფს: ვითარმედ განვისვენებ მე ქერაბინთა ზედა,

ხოლო ე-ნი ცხად ჰყოფს: ვითარმედ მე ვარ ღმერთი პირველი და თვინიერ ჩემსა სხვა არა არს.

ხოლო ი-ნი ცხად ჰყოფს: ვითარმედ მაღლა ვარ მეუფე და ღმერთი ღმერთთა,

ხოლო რ-აე ცხად ჰყოფს: რამეთუ მხსნელ ვეყავ ნათესავთა კაცთასა,

ხოლო დ-ონი ცხად ჰყოფს: ვითარმედ ყოვლითურთ მართალ  და სამარადისო და ცხოველ ვარ ვგიე უკუნისამდე.

... ავგაროზმა მისწერა მაცხოვარს და სთხოვა, უფლება მიეცა მხატვრისთვის დაეხატა იესო სახე. იესომ აიღო ტილო, სახეზე მიიდო და მასზე სასწაულებრივად, ხელთუქმნელად გამოისახა მისი ხატი.

ავგაროზისათვის განკუთვნილი წმინდა მანდილი, ხელთუქმნელი ხატი ედესიაში გადააბრძანეს. მან განკურნა ავგაროზ მთავარი. საერთოდ მისგან მრავალი სასწაული აღესრულებოდა...

გავიდა ხანი და საქართველოს ერგო მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი, ავგაროზ მთავრისთვის გაგზავნილი იესოს მიერ. დღეს ეს სასწაულთმოქმედი ხატი ანჩისხატის ხატის სახელითაა ცნობილი.

„ქართლის ცხოვრების“ ჩანართის მიხედვით, რომელიც მოგვითხრობს ანტონ მარტყოფელის შესახებ, წმინდა მანდილის ხატი სასწაულებრივად გადავიდა, ხელთუქმნელად გამოისახა მის წინ აფარებულ კეცზე. ეს სასწაულმოქმედი კეცი ანტონ მარტყოფელმა წამოაბრძანა საქართველოში. ამ მოთხრობის მიხედვით, სასწაულთქმოქმედი კეცის ხატი უჩინარ იქმნა ანტონ მარტყოფელის გარდაცვალების შემდეგ, თუმცა სასწაულებს კვლავ აღასრულებს.

ნეტარი ანტონ მარტყოფელის სახელს უნდა უკავშირდებოდეს მარტყოფის სახელის წარმოქმნა.

ღვთაების მამათა მონასტრის დამაარსებლის, მამა ანტონ მარტყოფელის ხსენების დღის აღსანიშნავად გავიხსენოთ ნაწყვეტი (ჩართული) „ქართლის ცხოვრებიდან“.

„ქართლის ცხოვრება“

(ჩანართი)

ხოლო მამა ანტონი შუა-მდინარელი, რომელი იყო მოწაფე მამისა იოვანესი, იყო წმიდა ესე განშორებულთა შორის ფრიად სათნო და წარჩინებული. ამან ყოვლად სანატრელმან წმიდა იგი ხატი უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესი, რომელ სახედ პირსა თჳსსა ტილოსა ზედან გამოსახა, და ავგაროზს სასოება აღუსრულა; და შემდგომად ამაღლებისა, თადეოსის-მიერითა ჴელითა მიუვლინა და განკურნა კეთრისა მისგან ქუემდებარისა, და ყოვლით სახლეულით მისით ნათელ-იღო, თადეოსის-მიერითა ჴელითა. და შემდგომად მისსა ძე კაცისა ავგაროზისა, და კუალად შვილის-შვილისა ძისა მისისა ენაცვალნეს მათ მეფობათა ოდენ, და არა ღმრთის-მსახურებითა. რამეთუ განდგომილ იქმნეს ღვთის-მსახურებასა, და დამონებულ ეშმაკთა საოცრებასა. რამეთუ რა იგი ავგაროზს ეყო ეშმაკთა, და ვითარ შემუსრნა და განუდგა, მისი ენება შურის-გება, რათა მიუზღოს ეშმაკთა, სახე ძუელისა მის საზორველისა დამჴობისა, დამჴობათა ხატისა მის საუფლოსათა, რომელი აღმართა ავგაროზ ბჭეთა ზედა ქალაქისათა, სადა-იგი ემართა კერპი ბილწი. რამეთუ მუნ დაუსუენა ხატი იგი ტილოსი, ფიცარსა ზედა გარდართხმული, რათა ყოველნი შემავალნი მუნ შინა ხილვით თაყვანის-ცემდენ. მაშინ ბილწმან შვილის-წულმან ავგაროზისმან აღირჩია დღე-კეთილებისა წილ უსახურობა, და ხატი იგი უარყო, და ეშმაკთა შეუდგა, და იგონა ხატისა მის ქრისტესისა, რათა წარწყმიდოს იგი.

მაშინ ეპისკოპოსმან მის ქალაქისამან გულის-ხმა ყო განზრახვა ბოროტისა მის, და ყო განგება ღირსი და შემსგავსებული მის ჟამისა. რამეთუ სადა-იგი ხატი ესუენა, კამარედად ქმნილ იყო, და წმიდამან ეპისკოპოსმან დადგა კანდელი აღნთებული, საფარველად ტაძრისა მის, აღმართა კეცი წინა პირსა ხატისასა, და აღმოყორა კარი იგი კამარისა, და შეაფარილა, რომელ ყოვლად არა ეტყობოდა, თუ ერთი რომელ უახლეს არს. და შემდგომად უკანასკნელთა ჟამთა, ხუასრო, სპარსთა მეფე, მოადგა ედესია ქალაქსა, და უწყო თხრა ქუეშე ზღუდესა, და ენება, რათა ეგრეთ შევიდენ, რ(ამეთუ) ვერ აგრძნან, თუ ბრძავს-ო. მაშინ ღ(მერთ)თ(მა)ნ არა დაიდუმა უტყუველი აღთქმა, რომელ აღუთქუა, ვითარმედ: „ზღუდე ვარ მე ედესიისა“, და მშობელისა თჳსისა მეოხებითა, ევლავიოზს, ეპისკოპოსსა მის ქალაქისასა, გამოეცხადა დედა ღმრთისა და რქუა, ვითარმედ: „მას რომელსა-მე ბჭესა ზედა არს ხატი იგი ჴელით-უქმნელი და დაფარული“. და ვითარცა განიღჳძა ეპისკოპოსმან, გულის-ხმა ყო ჭეშმარიტებით ყელსა შინა ჩუენებულსა მას, და განთიად წარვიდა, ლიტანიით, ადგილსა მას, და პოვა წმიდა ხატი იგი ყოვლად განურყვნელი, და კანდელი იგი წინაშე მისსა ანთებული ეგო ეგე-ოდენსა ჟამთა სიმრავლესა შინა, და გარდააწუეთეს ზეთი მის კანდელისა მბრძოლთა მათსა ზედან მის ქალაქისათა, და მეყუსეულად ვითარცა მიახლდა, მიედვა და დაიწვნეს, და ვითარცა მტუერი განიბნივნეს, და უჩინო იქმნეს.

ხოლო რომელი იგი კეცი საფარველად მის ხატისა აღმართებულ იყო, მას ზედა გამოსახულ იყო სხუა ხატი და მსგავსება წმიდისა მის საუფლოსა ხატისა. რომელი იგი სწორებით პატივ-იცემებოდეს, და ნისტორიანთა ეკლესიასა შინა დაესუენნეს.

მაშინ წმიდამან ამან ანტონი იძია მოძღურისა თჳსისა გზა, და ისწავა ჭეშმარიტი, და ცნა; რამეთუ წარვიდა სომხითს, ჩრდილოეთით-კერძო, სხუათა თანა მოწაფეთა, რომელთა აწ მოვიჴსენნეთ, დავით, და დოდო, და შიო ანტიოქელნი, და რვანი სხუანი მოწაფენი იოვანესნი, ერთისა საზღვრისანი. ესე ცნა წმიდამან ანტონი, აღიძრა ტრფიალებითა მოძღურისა თჳსისათა და ესე-ცა ეძჳნებოდა გულსა თჳსსა, რომელ ნისტორიანთა ეკლესიასა შინა იყვნეს საუფლონი იგი ხატნი, და აღიყვანა კეცი, რომელი საფარველად მის ხატისა ყოფილ იყო, და ხატი ქმნულ იყო. ესე უჩინარად წარმოიყვანა, წინა-ძღომითა ანგელოზისათა და უწყებითა ზეციერითა, ჩრდილოეთს და მიიწია მტკუარსა ზედან, განვლო იგი და დაემკჳდრა აღმოსავალით, ვითარ ოთხ მილიონ ნაპრალსა კლდისასა, შინაგან მთათა აკრიანთა. იოანეს ახლვიდა ვითარ ხუთ მილიონ, და შიოს ვითარ ცხრა მილიონ, დავით-დოდოს ათსამეტ მილიონ. ხოლო მუნქვეს-ვე რომელ წმიდისა ამის ანტონის ედგნეს საზარდელად გუამისა თჳსისა ირემნი. და იყო მთა უღაღი და სერტყიანი, და იყო ქალაქი ვითარ ერთ მილიონ, მცირე. და ესე ირემნი წარვიდიან ველსა, და ვითარ ჟამი მოვიდის, შინა მოვიდიან, წველის, ვითარ მწყემსნი მოვიდოდეს ჟამეულად. ხოლო ერთსა ოდენ ჟამსა მოიწივნეს უჟამოდ, დამფრთხალნი, და უკან ნუკრი მოხდევდა, ჴორც-შეკუეთილი. და ესე დაუკჳრდა წმიდასა მას, და თქუა გულსა შინა თჳსსა: თუ „სადა ვინ შეემთხჳა?“ რამეთუ არა უწყოდა სიახლე მის ქალაქისა, და მყის ვითარცა კაცთა თუალ-მმრუმედ ხედვასა თანა რქვა: „რა არს ეგე?“ და მათ ვითარცა პირ-მეტყუელთა თავ-მიზიდვით რქუეს: „შემომიდეგ და გიჩვენოთ“. და შეუდგა კუალსა მათსა, და მიიწია მას ადგილსა, სადა-იგი შემთხუეულ იყო მათდა, და აჰა მთავარი მის დაბისა მოვიდოდა ნადირობად და წინა შეემთხჳა და რქუა: „ვინ ხარ“? ხოლო წმიდა იგი ჴელით უჩუენებდა, სადა იყოფოდა და ყოველსა-ვე საქმესა, რამეთუ ენა არა ესმოდა.

მაშინ მთავარმან რქუა: „მე ენა შენი არა მესმის, და რომელ ეგე ჴელითა მეუბნები ეგე-ცა მოგკუეთო“. და რქუა: „წარიყვანეთ მჭედლისა თანა“. და ვითარცა მიიყვანეს, მჭედელმან შანთი გააჴურვა, და გამოიღო, რათა ჴელი მოჰკუეთოს, და დავარდა ქუე, და ჴელნი ვითარცა შეშანი შეექმნნეს. მაშინ წმიდამან მიჰყო ჴელი და ვითარცა ნაკუერცხალი ჴელითა აღებული მიუპყრა და რქუა: „ვყავ ადრე ბრძანებული შენდა“. და იგი განკრთა საშინელსა მას ზედა ხილვასა. და მსწრაფლ მიუმცნეს მთავარსა, და რქუეს ყოველი ხილული. და მან ბრძანა, რათა წინაშე მისსა მიიყვანონ. და ვითარცა მიიყვანეს, რქუა მას: „რა გნებავს სთქუ, და ყოველი მიგცე“. ხოლო მცირედი ქვა უჩვენა მან, ვითარ სამეული, და ლოკდა, და ცნეს რამეთუ მარილი უნდა, და მოართუეს ორი ოდენ ქვა გაუტეხელი. და მან მოხლიჩა ერთი ლიტრა და წარვიდა, და ალოკა ფურთა თჳსთა. და იყოფოდა ხატსა მას წინაშე ვიდრე აღსასრულამდე ცხოვრებისა მისისა. და წმიდა იგი წმიდათა შინა მიიცვალა, და ჩუენ დაგჳტევა ხატი იგი საუფლო, და არს ვიდრე დღეინდელად დღემდე უჩინრად, და სასწაულთ-მოქმედებს განცხადებულად, რომელ უადვილეს არს აღრიცხვა ზღჳს ქვიშათა, ვიდრე საკჳრველებათა საუფლოსა მის ხატისათა. გარნა ვინათგან ღმერთი მხოლო არს მოქმედი სასწაულთა, მან-ვე მხოლომან უწყის სიმრავლე სასწაულთა მისთა. და უკეთუ სოლომონ-ცა იყო, ვერ-ცა მან შეუძლოს აღრიცხვად, თჳნიერ ღმრთისა მხოლოსა.

0

ავტორი: