11:24:22     01-02-2012
გია როინიშვილი: საქართველოში შოუ–ბიზნესი არასოდეს ყოფილა
„პროდიუსერები წყვეტენ, ვინ სად მიიღოს მონაწილეობა. საერთოდ, შემოქმედის ცხოვრებაში ხანდახან ასეთი რაღაც ხდება, როცა მას სადღაც იწვევენ და ან ისე ტოვებენ. ისტორიას თუ გადავხედავთ, მომხდარა ისე რომ ზოგიერთ ხელოვანს ამა თუ იმ პროექტში მონაწილეობა არ მიუღია, ზოგიერთს - პირიქით.“ – განუცხადა „პრესა.ჯი–ს“ დეპუტატმა გია როინიშვილმა.
– ქართული კულტურის ხელშეწყობისთვის, რა კეთდება?
– გასული წლის ბოლოს, პარლამენტის მიერ, საქართველოს უსაფრთხოების კონცეფცია იქნა მიღებული, სადაც სხვა სტრატეგიულ საკითხებთან ერთად, ხაზგასმით არის მითითებული კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და თანამედროვე ხელოვნების ხელშეწყობა. ხაზს ვუსვამ, რომ ამ დოკუმენტის გათვალისწინება, სავალდებულოა ყველა სტრუქტურისთვის. ასევე, კონცეფციით, ხაზი გაესვა იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს ხელისუფლებისთვის ქართული კულტურის მოვლა და მისი განვითარება. იცით, რომ კულტურის სხვადასხვა სფეროს დასაფინანსებლად, ახალ ბიუჯეტში სოლიდური თანხებია გათვალისწინებული. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში, ბევრი ტაძარი აღდგა, გარემონტდა ქუთაისისა და ბათუმის მუსიკალური თეატრები და იცით, თუ როგორი ინტენსივობით მიმდინარეობს ბაგრატის ტაძრის აღდგენა. გარდა ამისა, ხელი ეწყობა ქართულ ფოლკლორს, ქორეოგრაფიას, სიმღერას და ა.შ. მთავარია, რომ მუსიკალურ დარბაზებს მსმენელი ჰყავდეს, სპექტაკლებზე მაყურებელი დადიოდეს და ის, ვინც თანამედროვე ხელოვნებას ემსახურება, დაფასებული იყოს..
– ცოტა ხნის წინ, „ოპერის მეგობართა საბჭოს” ხელმძღვანელად დავით კეზერაშვილი დაინიშნა. ამ ფაქტის გამო აჟიოტაჟი ატყდა. მსგავს პოსტებზე, არაპროფილური კადრის დანიშვნა მისაღებია?
– ოპერის თეატრთან ფონდი შეიქმნა, რაც კარგი საქმეა, რადგან ეს დააფინანსებს იმ ახალგაზრდებს, რომელთაც ამა თუ იმ კონკურსსა და ფესტივალზე გასვლა დასჭირდებათ. ასევე, ფონდი, ეროვნულ საოპერო თეატრში, ახალი სპექტაკლების დადგმას ხელს შეუწყობს. ვისურვებდი, რომ მსგავსი ფონდები სხვა დრამატულ თეატრებთან და დაწესებულებებთან შეიქმნას. ამით კი, ჩვენი ბიზნესმენები ქართული კულტურის განვითარებას მიეხმარებიან.
– ხელოვნებაში დასაქმებული ადამიანები ხშირად აცხადებენ, რომ მათ კონცერტებში, სპექტაკლებში და ა.შ, პოლიტიკური ხედვების გამო, მონაწილეობის მიღების საშუალებას არ აძლევენ. კულტურაში პროცესებს მართლაც პოლიტიკოსები წყვეტენ?
– როდესაც, თბილისსა და საქართველოს რეგიონებში პროექტები ხორციელდება, პროდიუსერები წყვეტენ, ვინ სად მიიღოს მონაწილეობა. საერთოდ, შემოქმედის ცხოვრებაში ხანდახან ასეთი რაღაც ხდება, როცა მას სადღაც იწვევენ და ან ისე ტოვებენ. ისტორიას თუ გადავხედავთ, მომხდარა ისე რომ ზოგიერთ ხელოვანს ამა თუ იმ პროექტში მონაწილეობა არ მიუღია, ზოგიერთს - პირიქით. ეს დამოკიდებული პროფესია და ამიტომ, ამ თემების პოლიტიკისა და პარლამენტის ჭრილში განხილვა უადგილოა, თან ცოტათი სასაცილოც. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ თეატრებში, პოლიტიკური ნიშნით არავის გამოარჩევენ და ოპონენტების შეფასებები ღიმილის მომგვრელია.
– ხელოვნებაში არსებული პრობლემებით თუ დაინტერესებულხართ და პირადად თუ გქონიათ იმ ადამიანებთან საუბარი, რომლებიც მსგავს პრეტენზიებს გამოთქვამენ?
– ხაზგასმით ვამბობ, რომ პოლიტიკა არაფერ შუაშია. მათ შიდა პრობლემები შემოქმედებით ხელმძღვანელებთან აქვთ და ხელისუფლება არც ერთ სახელოვნებო ორგანიზაციაში არ ერევა. მითუმეტეს, რომელსაც აფინანსებს. ჩვენი ვალდებულებაა, ხელი შევუწყოთ თანამედროვე ხელოვნების განვითარებას და არა ის, რომ ჩავერიოთ და გადავწყვიტოთ ვინ რა უნდა დადგას, დაწეროს და იმღეროს. ხელოვნება, აბსოლუტურად თავისუფალი სივრცეა და ვისაც, რა სურვილი ექნება ის უნდა გააკეთოს.
– საქართველოში თანამედროვე ძეგლები იდგმება, მაგრამ ამ სკულპტურებთან დაკავშირებით კრიტიკა ისმის. მოგწონთ - ველოსიპედი და კვერცხებზე შლოპანცები?
– როცა რაღაც ნოვაცია ხდება, ამას დრო სჭირდება. მსოფლიოში, როცა ახალი ფერი, ძეგლი, ქანდაკება, ხიდი თუ კოშკი შემოდის, ამასთან დაკავშირებით არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა. საერთოდ, ახალს საზოგადოება ძალიან რთულად იღებს და ეს არ არის მხოლოდ ქართველი ხალხის პრობლემა. ძეგლების დადგმას, ხშირად განსჯა მოჰყვება, მაგრამ მთავარია, რომ საქმე კეთდება. როცა გემოვნებაზეა საუბარი, ამბობენ, გემოვნებაზე არ დაობენო, მაგრამ ყველაზე მეტს გემოვნებაზე დავობენ.
– რაც შეეხება ე.წ. ქართულ შოუ–ბიზნესს, ეს დარგი, რატომ არის კრიზისში?
– საქართველოში ნიჭის პრობლემა არ არსებობს, მაგრამ შოუ–ბიზნესი არასოდეს ყოფილა. შოუ სანახაობას ნიშნავს, ხოლო ბიზნესი - ბიზნესია (შეწინააღმდეგების შემდეგ, რესპოდენტმა ამ სიტყვის განმარტება სცადა). მომღერალმა ფული თავისი სანახაობით უნდა იშოვოს, თუ ამის თავი აქვს ვინმეს, ქვეყანაში ამისთვის ყველა პირობა არსებობს, მაგრამ დამოუკიდებელი პროდიუსერები უნდა გაჩნდნენ, რომლებიც პროდუქტს შეფუთავენ და ამ დარგის განვითარებას ხელს შეუწყობენ. პროდიუსერების გადასაწყვეტია, ვარსკვლავად ვის შექმნიან და ა.შ. რაც შეეხება კინოს, სახელმწიფოს მხრიდან, კინომატოგრაფიის დახმარება მნიშვნელოვნად გაიზარდა და კინოცენტრი, ძალიან აქტიურად მუშაობს, რაც მხოლოდ დასაწყისია.
0