08:49:41     01-02-2012
ამერიკული დაზვერვა: რუსეთს შეუძლია შეუტიოს მეზობლებს, მაგრამ არა ნატო-ს ქვეყნებს
რუსეთის არმიას შეუძლია სწრაფად მიიტანოს იერიში მეზობელ ქვეყნებზე, თუმცა ვერ შეძლებს და არც აპირებს ხანგრძლივი ოპერაციები აწარმოოს ნატო-ს წევრი-ქვეყნების წინააღმდეგ ერთდროულად, - განაცხადა აშშ-ს ნაციონალური დაზვერვის დირექტორმა ჯეიმს კლეპპერმა, რომელიც კონგრესში ქვეყნის წინაშე მდგარი საფრთხეების თემაზე ყოველწლიური მოხსენებით წარსდგა.
„რუსეთის ჩვეულებრივი შეიარაღების ძალები საბჭოთა კავშირის შემდეგ დასუსტდა, რამაც აიძულა მოსკოვი დიდი სახსრები ჩადოს მის მოდერნიზებაში. და იქამდე, ვიდრე რუსეთის მაღალწერტილოვანი სისტემები არ შევა არმიაში, მოსკოვი, სამხედრო დაგეგმვის დროს, ისევ ბირთვულ შეკავებაზე იქნება აქცენტირებული. ის თავის ბირთვულ ძალებს კვლავაც განიხილავს, როგორც გადამწყვეტს - რუსეთის სუვერენიტეტისთვის და მსოფლიო არენაზე მისი მნიშვნელობის ხაზგასასმელად“ - განაცხადა კლეპპერმა.
მისი თქმით, აშშ-სთვის, დღესდღეობით, საფრთხე მომდინარეობს ირანიდან, რუსეთიდან და ჩინეთიდან. ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები, მათ შორის, ევროკავშირის მიერ ირანულ ნავთობზე უარის თქმა, სავარაუდოდ, უფრო შედეგიანი იქნება, ვიდრე აქამდე გატარებული ზომები, თუმცა ეს არსებული რეჟიმის დაცემას არ გამოიწვევს.
თეირანის ბირთვულ პროგრამაზე საუბრისას კლეპპერმა აღნიშნა, რომ მოცემულ მომენტში ირანის ხელმძღვანელობას ურჩევნია არ შექმნას იარაღი და განავითაროს ბირთვული ტექნოლოგიები, რათა საჭიროების მომენტში მაქსიმალურად ხელსაყრელ სასტარტო პოზიციაში აღმოჩნდეს.
თუმცა, დაზვერვის მონაცემებით, ირანს უკვე აქვს ბირთვული შეიარაღების შესაქმნელად საჭირო პოტენციალი. კლეპპერმა დასძინა, რომ დაზვერვისთვის უცნობია, უკვე მიიღო თუ არა თეირანმა უშუალოდ იარაღის შექმნის თაობაზე გადაწყვეტილება.
ცნობილი გახდა ისიც, რომ ირანის ხელისუფლებაში ერთგვარი განხეთქილება წარმოიქმნა, რადგან პოლიტიკოსთა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ კონფლიქტი თავიდან უნდა აიცილონ, თუნდაც იმის ფასად, რომ შეაჩერონ ბირთვული პროგრამა.
მაგატე-ს მონაცემებით, ირანს 3%-მდე გამდიდრებული, დააახლოებით, 4150 კგ და 20%-მდე გამდიდრებული 80 კგ ურანი აქვს. ამერიკის დაზვერვის შეფასებით, ირანს, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს შორის უკვე უკავია პირველი ადგილი ბალისტიკური რაკეტების რაოდენობის მაჩვენებლით.
რაც შეეხება საფრთხეებს რუსეთიდან და ჩინეთიდან... ამერიკის დაზვერვის შეფის ინფორმაცით ეს ორივე ქვეყანა განაგრძობს ჯაშუშურ საქმიანობას. თუმცა, ახლა უფრო ეკონომიკის მიმართულებაზე არიან გააქტიურებულები. სწორედ რუსეთისა და ჩინეთის წარმომადგენლები მონაწილეობენ ამერიკის კომპიუტერულ ქსელში მასობრივ შეღწევასა და ინტელექტუალური საკუთრების მოპარვაშიც.
აშშ-სთვის შემცირდა საფრთხე „ალ-ქაედასგან“, რაც უსამა ბინ ლადენის ლიკვიდაციით არის განპირობებული, თუმცა პრობლემა მოხსნილი არ არის. კლეპპერის თქმით, უახლოეს მომავალში მოსალოდნელია „ალ-ქაედას“ შემდგომი დეცენტრალიზაცია.
0