ექსპერტები, ობამა–სააკაშვილის შეხვედრას  მაღალ შეფასებას აძლევენ ექსპერტები, ობამა–სააკაშვილის შეხვედრას მაღალ შეფასებას აძლევენ />


  13:12:00     31-01-2012

ექსპერტები, ობამა–სააკაშვილის შეხვედრას მაღალ შეფასებას აძლევენ

a14661.jpg

რამდენიმე საათია, რაც საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების  პრეზიდენტების შეხვედრა დასრულდა. თეთრი სახლის ლიდერმა, რამდენიმე საკითხზე გაამახვილა ყურადღება, მათ შორის ქვეყნის თავდაცვის უნარიანობის გაზრდასა და ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში საქართველოს გაწევრიანების საკითხში მხარდაჭერაზე. შეხვედრაზე გაირკვა, რომ აშშ ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების საკითხსაც განიხილავს.   

ობამამ, მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ სააკაშვილს ქვეყანაში გატარებული რეფორმების, მათ შორის  პოლიციის რეფორმისა და უმცირესობების უფლებების დაცვისათვის. თეთრი სახლის ლიდერმა აღნიშნა, რომ საქართველო რეგიონში სამაგალითო ქვეყანაა, დემოკრატიული განვითარების კუთხით.

ორ პრეზიდენტს შორის შეხვედრას პოლიტოლოგები აფასებენ.

ექსპერტი მიხეილ თავხელიძე „პრესა.ჯი“–სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ საკითხები, რომელიც შეხვედრაზე იქნა განხილული, ყველა თანაბრად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის.

მიშა თავხელიძე –ექსპერტი: მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო და მე გავამახვილებ ყურადღებას სამ საკითხზე, რომელზეც ობამასა და სააკაშვილს შორის შედგა საუბარი. არ ჩამოვთვლი რიგითობის მიხედვით, ვინაიდან ყველა ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების განხილვის შესაძლებლობა, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკური ცხოვრებისთვის. ეს არის მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ არც ისე ბევრი ქვეყანაა, რომელსაც აშშ–სთან ეს ხელშეკრულება აქვს გაფორმებული. ესენი არიან მისი ძალიან ახლო მოკავშირეები და მეზობლები. კანადა, სინგაპური, იორდანია და ა.შ.  

ასევე მნიშვნელოვანია, რომ ახალ ეტაპზე და ახალ დონეზე გადადის თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობა.  

მესამე არის, რომ ობამამ ფაქტობრივად შეაქო საქართველო იმისთვის, რომ ამ დროის მანძილზე, ჩვენ წარმოუდგენელ პროგრესს მივაღწიეთ. იყო საუბარი იმასთან დაკავშირებითაც, რაც აღარც გვიკვირს. ამერიკა მადლიერია, ჩვენი მონაწილეობის გამო, ავღანეთის მისიაში, ნატოს ჯარებთან ერთად. გზავნილები იყო ასევე რუსეთის მისამართითაც. ქვეყნის თავდაცვაზე და უსაფრთხოებაზე საუბარი იმაზე მიანიშნებს, რომ შემდეგში აშშ უფრო აქტიურად გააგრძელებს საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების გარანტიების შექმნას. შესაბამისად, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაზრდა გაართულების რუსეთის იმ გეგმების განხორციელებას, რაც საქართველოსთან მიმართებაში აქვს.

ორ პრეზიდენტს შორის გამართულ შეხვედრასა და გახმოვანებულ იდეებს, მნიშვნელოვანს უწოდებს პოლიტოლოგი ზურაბ აბაშიძე. აბაშიძის თქმით, ეს შეხვედრა მნიშვნელოვანია იმითაც, რომ საქართველოს  პრეზიდენტის პირველი შეხვედრა იყო ობამასთან, ასეთი სრულფასოვანი ფორმატით.

ზურაბ აბაშიძე – პოლიტოლოგი:  როდესაც ასეთი დონის შეხვედრა და მნიშვნელოვანი მოვლენა ხდება, ოფიციალური განცხადებებისა და პრესის რეაქციის ანალიზის შემდეგ, სჯობს კომენტარის გაკეთება. ახლა ამ ეტაპზე ვართ. თუმცა შეიძლება  გარკვეული დასკვნების გაკეთება.

ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველოს ასეთი ურთიერთობები აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ამერიკა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების მთავარი გარანტიაა. მე, როგორც ერთერთი მოქალაქე, მოხარული ვარ, რომ ეს ურთიერთობები ფართოვდება. საუბარია იმაზე, რომ რაღაც ახალ ეტაპზე გადადის თემები, რომელიც იქ იქნა განხილული. პრეზიდენტმა ობამამაც, ხაზგასმით აღნიშნა ეს.  

ვფიქრობ, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების განხილვა, საქართველოს ეკონომიკისთვის ძალიან დიდი სტიმული იქნება.

ეს ჩვენ ეკონომიკას დღეს და ხვალ არა, მაგრამ პერსპექტივაში სერიოზულ სტიმულს მისცემს.  საუბარი იყო ასევე, ამერიკული ინვესტიციების ხელშეწყობაზე.  როგორც პრეზიდენტებმა აღნიშნეს, უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა ახალ ფორმატზე გადადის. ჩვენ ვვარაუდობდით და ასეც მოხდა, რომ ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული პროცესები იქნა განხილული საკმაოდ აქტიურად.  ობამა მიესალმება ქვეყანაში დემოკრატიულ პროცესებს და მან თქვა, რომ რეგიონში საქართველო გამორჩეულია თავის რეფორმისტული დამსახურებებით და მიღწევებით. თუმცა ობამამ განაცხადა, რომ ის  ახლა ელის შემდეგ ეტაპს, როდესაც მოხდება ხელისუფლების ოფიციალური გადაცემა. ეს ადრეც თქვა ამერიკის შეერთებული შტატების მაღალი თანამდებობის პირმა. ამერიკა ელის საქართველოში სამართლიანი და კანონიერი არჩევნების ჩატარებას, რაც საქართველოს ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს. ეს მნიშვნელოვანია იმითაც, რომ ჩვენი პრეზიდენტის პირველი შეხვედრა იყო ობამასთან ასეთი სრულფასოვანი ფორმატით.   საერთო ჯამში, კმაყოფილი ვარ, რომ აშშ მზად არის  კვლავაც აღმოუჩინოს მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასა და სხვა პრობლემების მოგვარებაში. ეს მხარდაჭერა ვრცელდება ქვეყნის მთელ მოსახლეობაზე. ეს არის როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის და საერთოდ ყველას მხარდაჭერა, ვინც საქართველოს მოქალაქეები ვართ.

0

ავტორი: