11:51:40     31-01-2012
ივანიშვილის „ნიუ იორკ თაიმსური“ ამაოებანი

ბიძინა ივანიშვილს ქართულ პოლიტიკაში ყოფნა ძვირი უჯდება. პოლიტიკაში მოსვლისთანავე, მან ამერიკული ლობისტური კომპანია – BGR Government Affairs დაიქირავა, რომელიც BGR Group–ის შვილობილი კომპანიაა. BGR Government Affairs-ის მიერ აშშ–ის იუსტიციის დეპარტამენტში წარდგენილი დოკუმენტების თანახმად, გაწეული მომსახურეობისთვის კომპანია ივანიშვილისგან ყოველთვიურად 25 000 აშშ დოლარს მიიღებს და უზრუნველყოფს მთავრობებთან ურთიერთობების დამყარებას, ძირითადად ლონდონსა და ბრიუსელში, ასევე მედიასთან ურთიერთობას მთელი ევროპის მასშტაბით. შემდგომ ივანიშვილმა ქართულ მედია–საშუალებებზე გააკეთა ფსონი და ამაში 710 598 ლარი გადაიხადა. ახლა კი მიხეილ სააკაშვილის ბარაკ ობამასთან ვიზიტთან დაკავშირებით, საგანგებოდ განათავსა გავლენიან გამოცემებში: ,,The Washington Post’’-სა და ,,The New York Times’’-ში წერილი ობამასთან.
აღნიშნულ გამოცემებში, პირადი უსტარის გამოქვეყნება საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა, თუმცა ივანიშვილს ალბათ მილიონიც უღირდა ჩრდილი მიეყენებინა საქართველოს პრეზიდენტისთვის ბარაკ ობამასთან შეხვედრისას. რამდენად საინტერესო იყო აშშ–ის პრეზიდენტისთვის რუსეთში მოღვაწე, ახლდაგამომცხვარი პოლიტიკოსის წერილი ეს ცალკე თემაა, მაგრამ ივანიშვილმა მაინც სცადა ამ გზით მაინც მიეწვდინა ხმა აშშ–ს პრეზიდენტისთვის. ,,ძვირფასო პრეზიდენტო ობამა’’ – ასე იწყებს საკუთარ წერილს ივანიშვილი და ბარაკ ობამას გავლენიანი გამოცემების სარეკლამო ფართზე ვრცლად მოუთხრობს ქვეყანაში, მისი თვალით დანახული პრობლემების შესახებ.
ბიძინა ივანიშვილს, როგორც ჩანს დიდი იმედი ჰქონდა, რომ ბარაკ ობამა გულდასმით წაიკითხავდა მის წერილს, უპირობოდ ჭეშმარიტებად აღიქვამდა მის წერილში მოყვანილ არგუმენტებს თუ რატომ უნდა შეიცვალოს საქართველოს ხელისუფლება ბიძინა ივანიშვილის გუნდით და მიხეილ სააკაშვილს თეთრი სახლიდან უცერემონიოდ გამოისტუმრებდა. თუმცა ოლიგარქმა ფული ამჯერადაც ფუჭად გადაყარა და ობამას ნაცვლად მის წერილს არა ,,The Washington Post’’-ისა და ,,The New York Times’’-ის მკითხველები, არამედ მისი მხარდამჭერები ეცნობიან, ისიც მხოლოდ იმიტომ, რომ ოლიგარქმა წერილის ქართული თარგმანი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოფინა.
0