„შტატები კვლავ მხარს დაუჭერს საქართველოს მისწრაფებას, ნატოში გაწევრიანებისაკენ“ „შტატები კვლავ მხარს დაუჭერს საქართველოს მისწრაფებას, ნატოში გაწევრიანებისაკენ“ />


  01:08:45     31-01-2012

„შტატები კვლავ მხარს დაუჭერს საქართველოს მისწრაფებას, ნატოში გაწევრიანებისაკენ“

a14649.jpg

საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტებს შორის შეხვედრა დასრულდა, რის შემდეგაც, ორი ქვეყნის პრეზიდენტი ჟურნალისტებს შეხვდა, სადაც სააკაშვილმა და ობამამ განცხადებები გააკეთეს.

აშშ-ის პრეზიდენტმა რამდენიმე საკითხზე გაამახვილა ყურადღება და მიხეილ სააკაშვილს მადლობა გადაუხადა გატარებული რეფორმების, მათ შორის, საქართველოში ინსტიტუციების განვითარების, პოლიციის რეფორმისა და უმცირესობების უფლებების დაცვისათვის.

თეთრი სახლის მეთაურის განცხადებით „ჩვენ გვინდა მაღალი დონის დიალოგი გავმართოთ თავისუფალი ვაჭრობის განვითარების კუთხით. ბევრი უნდა გაკეთდეს ამ მიმართულებით, ორივე ქვეყნისთვის მომგებიანი ბიზნესის განვითარებისთვის. აშშ მზადაა თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების განსახილველად... მადლობელი ვართ იმისი, რომ თქვენი სამხედროები ავღანეთში არიან და წვლილი შეაქვთ სამშვიდობო ოპერაციაში. შტატები განაგრძობს საქართველოს მისწრაფების მხარდაჭერას, რათა იგი გახდეს ნატოს წევრი. ასევე, ვაფასებთ იმ ქართულ მოდელს დემოკრატიისა და გამჭირვალობისა, რომელიც მაგალითი არის მთელი რეგიონისათვის. მომავალში, ბევრი ქვეყანა იტყვის, რომ საქართველო თუ აკეთებს ამას, ჩვენც შეგვიძლია იგივე გავაკეთოთ".

საქართველოს პრეზიდენტმა, თავის მხრივ, ასევე, მადლობა გადაუხადა კოლეგას მხარდაჭერისა და თანამშრომლობისათვის, ყველა დონეზე, განსაკუთრებით, დახმარებისათვის ნატოსკენ მისწრაფების საკითხში. საქართველოში რეფორმები ვერ განხორციელდებოდა, რომ არა შეერთებული შტატების მხარდაჭერა, საქართველო ივლის პროგრესის მიმართულებით, არასდროს დავუბრუნდებით რეტროგრადულ, კორუფციულ სისტემას - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

ორი ქვეყნის პირველი პირის შეხვედრას, ყურადღების ადევნებდა თვალს მსოფლიო მედია, ხოლო ექსპერტები და პოლიტოლოგები პროგნოზებს რამდენიმე დღით ადრე აკეთებდნენ. ყველა დაინტერესებული მხარე დიდი მოლოდინით იყო განწყობილი მოვლენისადმი, რომელიც ისტორიულად იქცა.

შეხვედრა პოლიტოლოგებმა უკვე წინასწარ შეაფასეს, როგორც კვირის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა. თუმცა, კონკრეტული კომენტარები უკვე ხვალიდან გაკეთდება. თავიდანვე ცნობილი იყო, რომ ორი ქვეყნის ლიდერები ორმხრივი თანამშრომლობისა და პარტნიორობის მრავალ ასპექტს შეეხებოდნენ. ასევე, განხილული იქნებოდა სტრატეგიული საკითხები და მიმდინარე პროცესები რეგიონსა და მსოფლიოში. 

პოლიტოლოგების განცხადებითვე, ეს ვიზიტი განსაკუთრებული მნიშვნელობის იმითაც არის, რომ  წელს ორივე ქვეყანაში არჩევნები იმართება. როგორც ცნობილია საქართველოში, მიმდინარე წელს, საპარლამენტო არჩევნები გაიმართება, ხოლო 6 ნოემბერს ამერიკის შეერთებული შტატები ახალ პრეზიდენტს აირჩევს.

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ სააკაშვილმა მონაწილეობა კალიფორნიაში, Basecamp-ის სამიტშიც მიიღო და მსმენელის წინაშე სიტყვითაც წარსდგა. გარდა ამისა, დაგეგმილია სხვა რიგი უმნიშვნელოვანესი შეხვედრებიც.

0

ავტორი: