21:06:40     30-01-2012
რა ფულს იხდის მოსკოვი, სოხუმისა და ცხინვალის აღიარების სანაცვლოდ

ავსტრალიასა და ახალ ზელანდიას აინტერესებს, რამდენად კანონიერად უხდის ფულს რუსეთი წყნარი ოკეანის რეგიონის სახელმწიფოებს, როცა მათ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარებაზე ითანხმებს. რამდენს იხდის მოსკოვი მოსყიდვაში და ჩატარდება თუ არა ვაჭრობის მორიგი რაუნდი ფიჯიზე ლავროვის ვიზიტის ფარგლებში?
„რუსული დიპლომატიის ექსპანსია წყნარი ოკეანის რეგიონში“ - ასეთი სათაურით აქვეყნებს ავსტრალიური გაზეთი ინტერვიუს ახალი ზელანდიის ოკლენდის უნივერსიტეტის საგარეო პოლიტიკის სპეციალისტთან დოქტორ სტივენ ჰედლისთან, რომელიც აცხადებს, რომ რუსეთი, რომელიც დღეს თავის გავლენის გაძლიერებას მთელს მსოფლიოში ცდილობს, დასავლეთის ინტერესების შესაკავებლად მოკავშირეებს ეძებს.
ავსტრალიელი ჟურნალისტი ინტერვიუს დასაწყისში, რუსული დიპლომატიის იმ მიმართულებაზე საუბრობს, რომელსაც ოფიციალურმა კანბერამ „დიპლომატია საფულე ჩეკებით“ უწოდა და რომელიც საქართველოს სეპარატისტული რეგიონების - აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ აღიარების მიზნით, წყნარი ოკეანის რეგიონის სახელმწიფოების მოსყიდვას ემსახურება.
დოქტორი სტივენ ჰედლი იხსენებს, რომ გასულ წელს, როცა ოკლენდში რაგბიში მსოფლიო ჩემპიონატი ტარდებოდა, იქ მყოფმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა და პრემიერ-მინისტრმა განაცხადეს, რომ თვითაღიარებული ქართული პროვინციების აღიარების სანაცვლოდ, რუსეთი დიდ ფინანსურ დახმარებას უწევს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა ტუვალუ, კირიბატი და ვანუატუ. ავსტრალიის პარლამენტის მდივანმა კი, ღიად დაადანაშაულა რუსები დიპლომატიაში „საფულე ჩეკების “ გამოყენებაში.
ექსპერტი ადასტურებს, რომ სოხუმისა და ცხინვალის აღიარების სანაცვლო ფულის ოდენობამ, რომელიც რუსებმა ტუვალუს გადაუხადეს, 50 მილიონი დოლარი შეადგინა. რეგიონის სხვა ქვეყნებთან ჩატარებული ვაჭრობის დეტალები ამ დრომდე უცნობია, თუმცა როგორც ჰედლი ვარაუდობს, ეს საკითხი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი იქნება ახალ ზელანდიაში სერგეი ლავროვის ვიზიტის დროს, რომელიც ამ დღეებში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის აზია-წყნარი ოკეანის ტურნეს ფარგლებში გაიმართება.
ამ თემაზე კითხვას ახალ ზელანდიაშიც და ავსტრალიაშიც, ლავროვს, აუცილებლად დაუსვამენ. მით უფრო, რომ ის, ამ ქვეყნების შემდეგ ფიჯიზე მიემგზავრება, სადაც, ვარაუდობენ, რომ „საფულე ჩეკებით“ ვაჭრობის მორიგი რაუნდი გაიმართება.
„ეს გამჭვირვალეობის საკითხია. უბრალოდ, ჩვენ გვინდა ვიცოდეთ, რას აკეთებენ რუსები, რა მასშტაბისაა ეს დახმარება, გვინდა ჩვენი დახმარების კოორდინირება მოვახდინოთ ამ დახმარებასთან, - თუ ის კანონიერია, რადგან ჩვენ ყველა ვმუშაობთ წყნარი ოკეანის ხალხების საკეთილდღეოდ.
მაგრამ გაუმჭვირვალობა და ეჭვები კარგი არ არის დიპლომატიისთვის“ - ამბობს სტივენ ჰედლი, რომელსაც ეჭვი არ ეპარება, რომ რუსების დახმარება უანგარო არ არის: რა თქმა უნდა, ეს დახმარება დაკავშირებულია იმასთან, რომ მოსკოვს მოკავშირეები ჰყავდეს გაეროს უშიშროების საბჭოში. „ასეთები არიან რუსები“ - დასძენს ის.
რას შეიძლება მოელოდეს ფიჯი ლავროვისგან?
დოქტორი ჰედლი ამბობს, რომ ფიჯის დღეს ძალიან სურს დივერსიფიკაცია. ის ცოტა განაწყენებულია იმით, რომ ავსტრალიამ და ახალმა ზელანდიამ მის მიმართ სადამსჯელო ზომების ინიცირება მოახდინეს და აპირებენ, ის წყნარი ოკეანის კუნძულების ფორუმიდან და თანამეგობრობიდან გარიცხონ, - ყოველ შემთხვევაში, დროებით მაინც, რადგან თვლიან, რონ ფიჯიზე არ არის სათანადო დემოკრატია.
ფიჯის კი სურს გააფართოვოს პარტნიორების წრე - ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის საპირწონედ. ასე რომ, თუკი ლავროვი ფიჯიზე ცხინვალისა და სოხუმის თემას მაინც წამოჭრის, მის არცერთ წინადადებას, სავარაუდოდ, წინააღმდეგობა არ შეხვდება.
0