16:04:00     30-01-2012
"ამერიკის მხრიდან, პოლიტიკურ გზავნილებს ველით"...

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაქ ობამა, დღეს, თეთრი სახლის ოვალურ დარბაზში საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მიიღებს. ქართველ კანონმდებელთა შეფასებით, ეს შეხვედრა ისტორიული მოვლენაა და აშშ-ს მხრიდან, კიდევ ერთხელ გაცხადდება, რომ ამერიკა, საქართველოს სანდო პარტნიორია. საკითხზე საუბრისას, პოლიტიკოსთა ნაწილი აქცენტს იმაზე აკეთებს, რომ საქართველოს პრეზიდენტი, მსოფლიოს ბევრ კარგ ნოვაციას შესთავაზებს.
როგორც "პრესა.ჯი-ს" უმრავლესობის წევრმა, დეპუტატმა ხათუნა ოჩიაურმა განუცხადა, ამერიკის პრეზიდენტთან შეხვედრა, ყველა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, მათ შორის საქართველოსთვის.
მისი აზრით, ამერიკა საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და აშშ-ს მხრიდან, კიდევ ერთხელ გაკეთდება განცხადება, რომ ამერიკა, გაჭირვებასა თუ ლხინში, საქართველოს გვერდით ყოველთვის იდგება, როგორც პარტიორი ქვეყანა.
"ამერიკის მხრიდან, პოლიტიკურ გზავნილებს ველით, მაგრამ ამაზე თავს შევიკავებ. რაც შეეხება რუსეთს, ჩვენი მთავარი პოლიტიკური მონაპოვარია, რომ რუსეთის რეაქციის მოლოდინის შესაბამისად არ ვმოქმედებთ და იმას ვაკეთებთ, რაც ჩვენი ქვეყნისთვის სასარგებლოა. ამ შეხვედრას, შეიძლება, რუსეთის მუქარა მოჰყვეს, მაგრამ ამას ყურადღება არ უნდა მივაქციოთ, გამოვიდეთ იქედან ჩვენი ქვეყნისთვის თუ რა არის სასარგებლო" - განაცხადა ოჩიაურმა.
შეხვედრას მნიშვნელოვან მოვლენად, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, დეპუტატი კობა ხაბაზიც მიიჩნევს.
მისი შეფასებით, მეგობარი ქვეყნების პირველი პირების შეხვედრისას, ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი წყდება, რომელიც უსაფრთხოებას, ეკონომიკასა და თანამშრომლობის გაღრმავებას ეხება.
"ეს შეხვედრა, მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როდესაც, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის ცნობით, რუსეთი ძალიან გააქტიურებულია და ამ მიმართულებით, ლავროვი ფიჯის კუნძულებზეც კი იმყოფება. რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ცდილობს, ამ სახელმწიფოს ლიდერებს, ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება დასტყუოს და ამ კუთხით, ამერიკის გააქტიურებას ველი. რაც შეეხება ამ შეხვედრის შემდეგ რუსეთის რეაქციას, კრემლის მუქარა შედეგს ვერ მოიტანს, რადგან ამერიკა არ არის ის ქვეყანა, რომელიც შეიძლება, ლავროვის განცხადებამ დააშინოს. არ ველი, რომ ამ ვიზიტის შემდეგ, რუსეთი პოლიტიკას გაამკაცრებს, მაგრამ არც იმას ველი, რომ რაიმე დიდს დათმობს" - განაცხადა ხაბაზმა.
პრეზიდენტების შეხვედრას აფასებენ, დეპუტატები გია როინიშვილი და გიორგი ასანიძეც. როინიშვილის მოსაზრებით, პრეზიდენტ სააკაშვილის ამერიკაში ვიზიტი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მიმდინარე წელს, საქართველოსა და ამერიკაში არჩევნებია დანიშნული.
დეპუტატი ვარაუდობს, რომ შეხვედრაზე, პრეზიდენტები იმ საკითხებს განიხილავენ რაც ქარტიის ფარგლებში არის გათვალისწინებული. "დარწმუნებული ვარ, რომ ყველა იმ საკითხზე იქნება საუბარი, რასაც ქარტია ითვალისწინებს. ასევე, საკითხი საქართველოს ნატოში ინტეგრირებასაც შეეხება. ჩიკაგოს სამიტზე, საქართველო ნატოს მხრიდან რას მიიღებს გაცხადდება" - დასძინა მან.
საკითხზე საუბრისას, გიორგი ასანიძე აქცენტს იმაზე აკეთებს, რომ მიხეილ სააკაშვილი მსოფლიოს ბევრ კარგ ნოვაციას შესთავაზებს. "შეხვედრისგან, პოზიტივს ველით. ვინაიდან, საქართველოს გარე მტერი აქტიურდება, ამ რანგის შეხვედრა ისტორიულია. პრეზიდენტი ჟურნალისტებს ხვდება, ინტერვიუებს აძლევს და ვფიქრობ, რომ ის დამოკიდებულება რაც მათგან იგრძნობა, ძალიან დადებითია. მსოფლიო იმის მოლოდინშია – სააკაშვილი რას იტყვის" - განაცხადა ასანიძემ.
შეხვედრის მნიშვნელობაზე ექსპერტებიც საუბრობენ. როგორც "პრესა.ჯი"-ს ექსპერტმა, ვასილ ჭყოიძემ განუცხადა, შეხვედრაზე, პრიორიტეტები გამოიკვეთება, მაგრამ საკითხები გაცილებით დიდი იქნება, კერძოდ, განსახილველი თემები იქნება თავდაცვა, საქართველოს ნატოში ინტეგრაცია და ქარტიიის ფარგლებში არსებული საკითხები.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი აშშ-ში 25 იანვარს გაემგზავრა და უკვე შეხვედრებიც გამართა. ორი პრეზიდენტი დღეს განიხილავს, საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის, სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში, ურთიერთობის გაძლიერებას ვაჭრობის, ტურიზმის, ენერგეტიკის, მეცნიერების, განათლების, კულტურისა და უსაფრთხოების სფეროებში. პრეზიდენტი ობამა ხაზს გაუსვამს საქართველოსთან სამხედრო თანამშრომლობას. თეთრის სახლის ვებ–გვერდის ინფორმაციით, ბარაქ ობამა კიდევ ერთხელ დაადასტურებს აშშ-ის მხარდაჭერას, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
0