13:54:57     30-01-2012
მიხეილ სააკაშვილმა ვაშინგტონში უმნიშვნელოვანესი შეხვედრები გამართა

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, უკვე გამართა რამდენიმე უმნიშვნელოვანესი შეხვედრა და საინტერესო განცხადებებიც გააკეთა. ბარაკ ობამასთან ოვალურ კაბინეტში შეხვედრამდე, მიხეილ სააკაშვილი დღეს ჟურნალისტებს შეხვდა, სადაც კორუფციასთან ბრძოლის კუთხით, საქართველოს წარმატებაზე ისაუბრა. „ბევრ ქვეყანას ჩვენი გამოცდილების გაზიარება სურს“ – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა. საქართველოს პრეზიდენტმა მედიას, მსოფლიო ბანკის მიერ გამოცემულ წიგნზეც მიაწოდა ინფორმაცია, სადაც საქართველო, კორუფციასთან ბრძოლის საუკეთესო მაგალითადაა დასახელებული.
მიხეილ სააკაშვილმა კალიფორნიაში, Basecamp-ის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას გაიხსენა რუსეთის აგრესია, როდესაც კრემლის მხრიდან მასზე თავდასხმა იგეგმებოდა და აღნიშნა, რომ დღეს რუსეთში ხალხმა ქუჩაში გამოსვლა გაბედა და ისინი ქართულ რეფორმებს ითხოვენ. ამერიკულ საზოგადოებას პრეზიდენტმა განუმარტა, რომ საქართველოში რუსეთთან შედარებით ხუთჯერ ნაკლები მაჩვენებელია კრიმინოგენური ვითარების კუთხით და ქვეყანა ევროპის ერთ–ერთი ყველაზე უსაფრთხო სახელმწიფოა. მიხეილ სააკაშვილი, სამიტზე, საგანგებო სტუმრის სტატუსით იყო მიწვეული.
საქართველოს პრეზიდენტი, ასევე, შეხვდა „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის“ აღმასრულებელ დირექტორს, დენიელ იოჰანესს, სადაც განაცხადა, რომ მომავალ წელს საქართველოში მასობრივად გაიხსნება მსოფლიო კლასის საუკეთესო სკოლები. მიხეილ სააკაშვილმა იოჰანესს ბათუმში მშენებარე ახალი უნივერსიტეტის პროექტიც გააცნო. „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის" პრეზიდენტმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ საქართველომ განათლების სფეროში მნიშვნელოვან წინსვლას მიაღწია.
„საქართველო მართლაც შესანიშნავი ქვეყანაა, ისტორიული და კულტურული თვალსაზრისით. ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული ქვეყანაა, სადაც ღვინო დაიბადა, საიდანაც სათავეს იღებს მედიცინა, რომელსაც სახელწოდება ჩვენი დედოფლის – მედეას სახელიდან დაერქვა“ – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
სააკაშვილის თქმით, საქართველოს „ვარდების რევოლუციამდე“ სახელმწიფოს სახე მხოლოდ გარეგნულად ჰქონდა, თავი ძველ ეპოქაში გეგონებოდათ, სადაც ტელევიზორი შავ-თეთრ ფერებში აჩვენებდა. ჯერ კიდევ ინაუგურაციამდე წავედი საერთაშორისო ორგანიზაციებში იმისთვის, რომ მეთხოვა მათთვის ნაღდი ფული, რომ სამუშაო პირობები შეგვექმნა გადასახადების ამკრეფთათვის, კორუფციის წინააღმდეგ სამუშაოს გასაწევად და ა.შ. ჩვენ მივიღეთ დახმარება გაეროს განვითარების პროგრამისა და სხვა ჯგუფებისგან“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.
მიხეილ სააკაშვილის ვიზიტი აშშ-ში გუშინ, ოფიციალურად დაიწყო. დღეს, ვაშინგტონის დროით 15.00 საათზე, საქართველოს პრეზიდენტს, აშშ–ის პირველი პირი თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში უმასპინძლებს.
0