გალაკტიონის ერთი დღე სემინარიაში (და რამდენიმე ლექსი) გალაკტიონის ერთი დღე სემინარიაში (და რამდენიმე ლექსი) />


  10:27:55     30-01-2012

გალაკტიონის ერთი დღე სემინარიაში (და რამდენიმე ლექსი)

a14622.jpg

გალაკტიონი 1908 წლიდან სწავლობდა ტფილისის სასულიერო სემინარიაში. 1909 წელს ის კლასში ჩარჩა. გულს ვერ უდებდა სწავლას, არ მოსწონდა სემინარიაში გაბატონებული რეჟიმი.  მთავარი კი არის, რომ მთელი არსებით ლიტერატურულ ცხოვრებაში იყო ჩაფლული. ამ დროს უკვე ქვეყნდებოდა მისი ლექსები სხვადასხვა გამოცემებში, რაც დიდ სიხარულს ანიჭებდა. დრო არც კი რჩებოდა გაკვეთილების მოსამზადებლად... ამან ცუდი შედეგი გამოიღო და გამეორებითი გამოცდები დაუნიშნეს აგვისტოში.

ამ ამბავმა ძალიან იმოქმედა დიდ პოეტზე, რას ეტყოდა დედას, ძმას, თუ სემინარიიდან გარიცხავენ...

გამოცდაზე თავად რექტორმა გამოსცადა. სხვებს თუ თხუთმეტ-ოც წუთს გამოკითხავდა, გალაკტიონს ნახევარი საათი აწვალებდა. დიდმა პოეტმაც ცუდად არ უპასუხა კითხვებს... მაგრამ გალაკტიონი კლასში ჩატოვეს...

მან კარბოლმჟავა დალია...

ქართველთა საბედნიეროდ, დროზე მოუსწრეს და გადაარჩინეს ჩვენი პოეზიის მომავალი მნათობი...

როგორც ჩანს, იმ პერიოდში მოსწავლეთა შორის ხშირი ყოფილა თვითმკვლელობის ფაქტები... საზოგადოება აღელდა, დაიწერა პრესაშიც...

მეგობრებმა ცოტათი მოახერხეს მისი თანაგრძნობა. უფროსი ძმა თავზე ადგა. დედამ მისწერა: „არ შემომაკიდო დაუვსებელი ცეცხლი; ნუ გენაღვლება, დარჩი, არა უშავს რა.“ ეტყობა პოეტის დედამ ყველაფერი არ იცოდა...

განაგრძო სემინარიაში სიარული, თუმცა ძალიან ნერვიულობდა... ძნელია ვინმეს გამტყუნება, მაგრამ მაინც, მეტი სიფრთხილე უნდა გამოეჩინა ყველას გალაკტიონთან ურთიეთობაში...

გალაკტიონის დღიურის 1909 წლის 11 სექტემბრის ჩანაწერი:

„დღევანდელი დღე უფრო სევდით აღსავსეა ჩემთვის.

სემინარიის კარიდორში მივდიოდი, როცა გვერდით მწყრალი ხმა შემომესმა...

-  Аах... милостивый государь! - მოვიხედე, რეკტორი იყო.

- მითხარით, თქვენ მოსწავლე ხართ თუ არა? მიპასუხეთ...

- დიახ, მოსწავლე ვარ! - მივუგე... თვალებში უთუოდ საშინელი მრისხანება გამომიკრთოდა...

- წელზედ ხელებშემოწყობილნი მოსწავლეები არ დადიან. დაუშვით ხელები!

არ დავემორჩილე, მაგრამ საშინლად ავღელდი.

- თქვენ იცით, ვისთან გაქვთ საქმე?

- ადამიანთან - ცოტა დამშვიდებით მივუგე.

- ადამიანთან, ადამიანთან... თვალები ძალზე გაუფართოვდა, უთუოდ ჩემი სიმშვიდის გამო.

- წაიღეთ დოკუმენტები... გასწმინდეთ სემინარია... ეხლავე, ამ წუთში...

აქაც სიმშვიდე მრისხანების მაღლა ავსწიე - მომეცით-მომეცით მეთქი.

ინსპექტორის კაბინეტისაკენ გასწია საჩქაროდ, მე კი ქვევით ბაღში წავედი.

არ გასულა ორი წუთი, ამხანაგი დამეწია და მითხრა: - რეკტორი თავის ბინაზედ გიბარებსო.

როცა ბინას მივუახლოვდი, ზარის დასარეკად გავსწიე ხელი, მაგრამ ის უკვე ჩემთან იყო.

- მობრძანდით - და თვითვე შემიძღვა.

ის დამშვიდებულიყო. ღმერთო, შეგცოდე, ამ წუთში ის ადამიანად მომეჩვენა.

- დაბრძანდით, я хочу маленкую натацию вам прочесть. Примирись с судьбой, будешь по-братский жить, лучше ли считаться уволенным из семинарии?

ჰმ... ბედს შეურიგდიო! მგონია სამართლიანად ვუპასუხე, სიკვდილს ვირჩევ-მეთქი.

უფრო გავცეცხლდი, როცა ჩემს სიკვდილის ხსენებაზედ ის წელში გასწორდა და ირონიულად მითხრა:

- Ты хотел же дяволу душу отдать! Нет, братец ты мой, примирись с судьбой...

კიდევ გაიმეორა ეს საძაგელი სიტყვები.

საშინელ მდგომარეობაში დავბრუნდი კლასში. გაკვეთილი უკვე დაწყებულიყო... ქართულის მასწავლებელი ხან აქ ალაჯებდა უშნოდ ფეხებს და ხან იქ..

არ ვიცი, არ მახსოვს მომცა შენიშვნა თუ არა მასწავლებელმა დაგვიანებისათვის. სასწავლო წიგნის მაგიერ ლექსების რვეული ამომეღო. სწორედ არ დავკვირვებივარ. მასწავლებელი მომიახლოვდა, აიღო რვეული, გადაათვალიერა...

- სწორედ უკეთესი იყო, ამათ წერას „საღმრთო წერილი“ გესწავლა, შენ ხომ იმისთვის დაგტოვეს.

მაშინალურად მივუგე რაღაც...

- არა, მითხარი, ძალიან გუყვარს „საღმრთო წერილი“ არა?

ამ სიტყვებმა საერთო ხარხარი გამოიწვია მთელს კლასში. მეც გამეცინა.

- საიდან იცით, რომ არა? - ჩემის მხრით დავეკითხე.

- ზედ გეტყობათ.

- აბა როგორ?

- შენ ხომ „სოციალისტი“ ხარ... ზედ გეტყობა, ზედ გეტყობა...

ასეთმა ლოგიკამ განმაცვიფრა.

- ვერ გაიგეთ? ყმაწვილო, ეგ თმა გაგიშვიათ და მაშ ვინ იქნებით, თუ არა „სოციალისტი“.

უკანასკნელი სიტყვები ისე ხაზგასმულად და სერიოზულად თქვა, რომ ჩემდა უნებურად გამეცინა. ჩემმა სიცილმა მთელი კლასის ხელმეორედ ხარხარი გამოიწვია.

ესეც შენი ქართულის გაკვეთილი და სამშობლო ენის მასწავლებელი!!!“ (ნოდარ ტაბიძე, გალაკტიონი).

ახლა კი ლექსები:

ხელოვნება

ვის უნახავს შავი წიგნი, წიგნი წითელ ასოებით,
დაწერილი სისხლის წვეთით, დაწერილი სასოებით?
გადიარეს გრიგალებმა, დღეს ეს წიგნი არვინ იცის,
და ჟამთ მტვერით იფარება წიგნი ცის და დედამიწის.

დიდხანს ვწერდი, დიდხანს მწვავდა შთაგონების ცეცხლი მწვავე,
ვწერდი ჟინით, ვწერდი ვნებით... და ჰა, იგი დავათავე.
და ვფიქრობდი: ჩემს შავს წიგნში თუ არს-მეთქი რამ ისეთი,
რომ არ აჩნდეს მწარე გესლი, რომ არ აჩნდეს სისხლის წვეთი?

და მეწვია შემდეგ ეჭვი, და მომწყინდა იგი მცნება.
ვთქვი: "სხვას რას აქვს ფასი ქვეყნად, რომ არ იყოს ხელოვნება"!..
მაგრამ ჩემში საუბრობდა მეორე ხმა, ხმა ფარული: -
"ხელოვნება - ეს ოქროა მიწის გულში დამარხული.

ხელოვნება მარგალიტს ჰგავს, მას ზღვა ფარავს შეუცვლელი,
რას იშვიათ თუ მისწვდება კაცის გული, კაცის ხელი...
არის წმინდა პოეზია და მუსიკა არის შორი,
მაგრამ ქვეყნად არ არსებობს - ის ალერსი, ის ამბორი.

არის საღვთო ბილიკები ამ სივრცისკენ მიმავალი,
აირჩიე მათგან ერთი, აირჩიე ერთი კვალი!"
შავი წიგნი არ თავდება, შავი წიგნი შუა წყდება...
მას იქით კი კაცის გრძნობა და გონება ვერას წვდება.

მალე ფერგადაშლილი

მალე ფერგადაშლილი,
ამწვანდება ტყე-ველი,
გაიშლება ყვავილი,
სურნელების მფრქვეველი;

გაცოცხლდება დაფნარი,
მთის მწვერვალი, ტყის პირი,
და დაივლის ნარნარი
გაზაფხულის ზეფირი.

წყნარი სევდა მეწვევა,
წამიღებს სიმთა ჟღერა;
ნისლით გამოერკვევა
ჩემი გულის სიმღერა.

ქვებს, ბალახებს დაატკბობს
ჰანგი თავისებური,
მკაცრი - მაგრამ ლამაზი,
ნაზი - მაგრამ ველური.

როდი მიყვარს, გულისთქმა
თუ ნაღველს არ ერევა,
ათას ხმაში ჩემი ხმა
ამ ხმამ განაცალკევა.

 როდი მიყვარს, გულისთქმა
 თუ გულმავე არ ჰპოვა,
 ათას ხმაში ჩემი ხმა
 ამ ხმამ განამარტოვა...

სინამდვილეში ოცნებისას

დაე, ვცდებოდე, მატყუებდეს ოცნება ჩემი,
აუსრულებელ იმ ოცნებებს კვლავ მივეცემი.

ჩემს შორ გაზაფხულს უდარაჯებს სიცოცხლის ვნება,
იმ შორ გაზაფხულს, ძლიერად რომ გამობრწყინდება.

სინამდვილეშიც ოცნებისას ავანთებ კანდელს,
იმ შორ გაზაფხულს ფეხქვეშ ვუგებ ყოფნას დღევანდელს.

0

ავტორი: