15:55:36     28-01-2012
რუს დეპუტატებს „ჯაშუშებთან“ და აშშ-ს ელჩთან კონტაქტს უკრძალავენ

რუსეთის „ფსბ“ ჯაშუშებს სახელმწიფო დუმაშიც ეძებს. დეპუტატი „ედინაია როსიადან“ ალექსანდრ ხინშტეინი გამოვიდა ინიციატივით, რომ „ფსბ“-დან გამოითხოვონ ინფორმაცია რუსი პარლამენტარების ბრიტანულ დაზვერვის სამსახურთან მი-6 თან შესაძლო თანამშრომლობის შესახებ. დუმას კოლეგის ინიციატივა მოეწონა.
„როსია1-ის ეთერში ნაჩვენები იქნა „ფსბ“-ს თანამშრომლის გენერალ-მაიორ სოროკინის ინტერვიუ, რომელშიც მან განაცხადა, რომ უშიშროების ორგანოების მიერ დაფიქსირებულია დიდი ბრიტანეთის დაზვერვის თანამშრომლის მარკ დოუს სტუმრობს ფაქტები დუმაში, სადაც ის დეპუტატებს კანონშემოქმედობითობის შესახებ ინსტრუქტაჟს უტარებდა“ - ნათქვამია დუმის მიერ შედგენილ წერილში.
ხინშტეინის აზრით,რუსი დეპუტატების მსგავსმა არასანქცირებულმა კავშირებმა უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებთან, შეიძლება ზიანი მიაყენოს ნაციონალური უსაფრთხოების ინტერესებს. ქვედა პალატაში ეხლა უნდა გაარკვიონ, კონკრეტულად, რომელი დეპუტატები კონტაქტობდნენ ბრიტანელ ჯაშუშებთან.
ადრე „ფსბ“-მ დაადგინა, რომ დოუ 2006 წელს რუსეთში ჯაშუშურ საქმანობას ეწეოდა და რუსეთის რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციასაც კურირებდა.
მაგრამ როგორც ჩანს, რუსეთის დეპუტატებისათვის არა მარტო ჯაშუშებთან, არამედ თვით ამერიკის ელჩთან შეხვედრაც აკრძალულია და მაიკლ მაკფოლთან რაიმე სახის კონტაქტი ეჭვებს აჩენს. ხინშტეინი იმ დეპუტატებსაც „დაესხა თავს“, რომლებიც აშშ-ის ელჩთან კონტაქტებში „შეინიშნებიან“.
ხინშტეინმა შეახსენა კოლეგებს, რომ ამერიკელი დიპლომატი „აღიარებული სპეციალისტია ნარინჯისფერი რევოლუციების საკითხში“ და მასთან ურთიერთობა სახელმწიფოსათვის საზიანოა. „ჩვენ გვაქვს ყველა შანსი, გავიმეოროთ სამწუხარო გამოცდილება სხვა ქვეყნებისა, სადაც რეალიზებულ იქნა ხელისუფლების გადანაწილებისა და სუვერენიტეტის დაკარგვის დასავლური სცენარი“ - განაცხადა მან.
დუმის უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ედინოროსელმა ირინა იაროვაიამ მხარი დაუჭირა ხინშტეინს და აღნიშნა, რომ კომიტეტი დაუყოვნებლივ მიმართავს „ფსბ“-ს, რათა გაიგოს იმ დეპუტატების ვინაობა, რომლებიც ბრიტანელ ჯაშუშს ხვდებოდნენ.
დუმაში ერთმანეთისადმი უნდობლობის სინდრომი იმდენად გამძვინვარდა, რომ დეპუტატები „ფსბ“-სგან ერთმანეთის ოფშორული ანგარიშების შესახებ მოხსენების მომზადებას მოითხოვენ.
რუსეთის დუმაში ისეთი დეპუტატებიც აღმოჩნდნენ, რომლებსაც ამ „კამპანიამ“ საბჭოთა დრო გაახსენა, როცა უცხოელებთან კონტაქტი ადამიანს ძვირად უჯდებოდა.
თუმცა, ვიდრე დუმა ჯაშუშებთან დაახლოებულ დეპუტატებს გამოავლენს, მედვედევის განკარგულებით, უცხოეთში პროფესიონალიზმის ასამაღლებლად, სახელმწიფო სტრუქტურებიდან 500 ადამიანს გაგზავნიან. „უცხოეთში კადრების მომზადების პროექტმა“ ეჭვები გააჩინა, - დასავლეთს არ ვენდობით, მათი არაფერი მოგვწონს, მაგრამ მაინც მათგან ვსწავლობთ. ტრენინგგავლილი კადრები ან აღარ დაბრუნდებიან, ან თუ დაბრუნდებიან „გლობალისტური“ იდეებით იქნებიან შეპყრობილები, რაც, როგორც ხელისუფლება აცხადებს, არ ემსახურება რუსეთის ინტერესებს. რა გამოდის?
0