კიტა აბაშიძის “ილია ჭავჭავაძე და ლევ ტოლსტოი“ – I (დაბადების დღისადმი) კიტა აბაშიძის “ილია ჭავჭავაძე და ლევ ტოლსტოი“ – I (დაბადების დღისადმი) />


  13:16:39     28-01-2012

კიტა აბაშიძის “ილია ჭავჭავაძე და ლევ ტოლსტოი“ – I (დაბადების დღისადმი)

a14600.jpg

1870 წლის 16 (ახალი სტილით 28) იანვარს გურიაში, სოფელ ლესაში, დაიბადა ცნობილი ქართველი ლიტერატურათმცოდნე, კრიტიკოსი, პუბლიცისტი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, ქართველ სოციალ-ფედერალისტთა პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ლიდერი - კიტა (ივანე) აბაშიძე.

მამა, გაღარიბებული თავადი, გიორგი აბაშიძე, 4 წლის ასაკში გარდაეცვალა მომავალ პუბლიცისტს. ჰყავდა ორი უმცროსი და, ეკატერინე და პოლინა. მამის გარდაცვალების მერე ოჯახს უძღვებოდა მოსიყვარულე დედა, გურიელის ქალი სოფიო.

კონსტანტინე გამსახურია წერს: „ბუნებით ნამდვილი დემოკრატი, იგი არაფრით ჰგავდა იმ გაბღენძილ აზნაურებს, რომელნიც ქედმაღლურად ექცეოდნენ უბრალო და მშრომელ ადამიანებს“

კიტა აბაშიძეზე სხვა დროს კიდევ ვისაუბრებთ. ბევრი რამ არის სათქმელი. დღეს კი, ჩვენი მამულიშვილის დაბადების დღის აღსანიშნავად გავიხსენოთ მისი შესანიშნავი ესეს„“ილია ჭავჭავაძე და ლევ ტოლსტოი“ I ნაწილი. II ნაწილს მალე შემოგთავაზებთ. ესეში კიტა აბაშიძე ორი მწერლის, ილიასა და ლევ ტოლსტოის გმირების განსხვავებულ, ერთგვარ დაპირისპირებულ ხასიათებს, ფსიქოლოგიას გვიჩვენებს, რაც ამ ორ მწერალსა და ორ ერს შორის განსხვავებად შეგვიძლია ჩავთვალოთ. ესე ძალიან საინტერესოა და აქტუალურია დღესაც, სხვადასხვა მიზეზის გამო, რასაც მკითხველი კარგად შეამჩნევს.

დიდ მწერალ ლევ ტოლსტოიზე არასდროს ცუდს არ ვიტყვი. ვერც ვიტყვი. ჩემზე მის ნაწარმოებებს დიდი გავლენა მოუხდენიათ. ისე მოხდა, ბავშვობიდან ვკითხულობდი ლევ ტოლსტოის, ქართულად, რა თქმა უნდა. ვერ მოვწყდი, გამიტაცა და შეიძლება ითქვას, რომ ნიკოლენკა ირტენევის გვერდით გავიზარდე. მისი სიხარული მიხაროდა, მისი მწუხარება მადარდებდა, „რატომ მოკვდა ნიკოლენკა ირტენევი“ - ისევე განციცადე მე, როგორც შესაძლოა ავტორმა განიცადა, ან ავტორს რომ სურდა მკითხველს განეცადა, ისე მაინც...

ვერც ერთ ქართველს ვერ ათქმევინებ ცუდს რუსულ ლიტერატურაზე და მათ შორის ლევ ტოლსტოიზე (თუ რომელიმე მწერლის ნაწარმოები აშკარად შოვინისტურ მოწოდებებს არ შეიცავს). არც ჩვენი კიტა აბაშიძე უარყოფს ლევ ტოლსტოის დიდ მწერლობას. ქართველები მართლაც ვაფასებთ რუსულ კულტურას და გამოვყობთ მას რუსული სახელმწიფოსგან.

როცა ამ ესეს კითხულობ, შეიძლება გაგახსენდეს მარკიზ დე კიუსტინის წიგნი, „ნიკოლოზ პირველის დროინდელი რუსეთი“, სადაც ფრანგმა მარკიზმა ამხილა რუსეთის სახელმწიფოს, რუსი ჩინოვნიკების მიერ უბრალო ადამიანების გაუგონარი ჩაგვრა და დაგვიხატა გასაცოდავებული რუსი ადამიანები, რომლებიც ბედს ურიგდებიან და წინააღმდეგობის გაწევის სურვილიც არ აქვთ, არც კი იციან, რომ წინააღმდეგობა შეიძლება გაწეულ იქნას...

სამწუხაროდ, რუსეთის სახელმწიფო ცდილობს ისევ ისე დააძაბუნოს და დაამონოს თავისი ადამიანები, როგორც ივანე მრისხანეს, ნიკოლოზ პირველის, ნიკოლოზ მეორისა და ლენინის  ხანაში იყო. რუსული სახელმწიფო არა მარტო მეზობელთა უბედურების წყაროა, არამედ საკუთარი ხალხისაც. სწორედ რუსულმა სახელმწიფომ ჩამოუყალიბა, ჩემი აზრით, თავის ხალხს, უბრალო რუსებს, ისეთი ხასიათი, როგორზეც გვესაუბრება კიტა აბაშიძე.

შეიძლება არ დაეთანხმო ზოგიერთ რამეში კიტა აბაშიძეს, მაგრამ, დიდი მწერლობა არა მხოლოდ დიდი ტილოების შექმნაა, არამედ ამ ტილოების ელემენტთა გაფერადებაც, ანუ საკუთარი ხალხის ხასიათის ჩამოყალიბებისათვის ზრუნვაც. ამაში კი, ილია ჭავჭავაძე ბევრს აღემატება მსოფლიოში.

ილია ჭავჭავაძე და ლევ ტოლსტოი“

 (ოთარაანთ ქვრივი და პლატონ კარატაევი)

 I

უეჭველია, ყველას ეუცხოვება ასეთი დაპირდაპირება. ბევრს კიდევაც ემწუთხება. ეუცხოვება იმიტომ, რომ მართლაც ი. ჭავჭავაძის და ლ. ტოლსტოის შორის განსხვავების მეტი არაფერია და ეს განსხვავება იმდენად დიდია, როგორც რუსეთის ,,სტეპსა“ და ჩვენის სამშობლოის მთაგორიან, ათასფერად აჭრელებულ ბუნებაში; ისეთი დიდია ეს განსხვავება, როგორც ქართველსა და რუსში, მათ თვისებასა და არსებაში. ეუცხოვება ეს შედარება მათ, ვინც მკრეხელობადაც კი მიიჩნევს ტოლსტოის სახელთან ილიას სახელის ხსენებას.

ადამიანს ჯერ არ გამოუგონია ისეთი ინსტრუმენტი, რომლის შემწეობითაც შესაძლებელი იყოს ორის ნიჭის შედარება, აწონ-დაწონვა. შეუძლებელია სთქვა, არა თუ მათემატიკურის, უბრალო დაახლოვებულის სინამდვილითაც კი, რამდენი ერთეულით სჯობს ერთი ნიჭი მეორეს.

ლ. ტოლსტოის დიდ ნიჭიერების უარისყოფა რუსეთის სინოდსაც კი არ შეუძლია, მაგრამ ვერც ილია ჭავჭავაძის დიდის ნიჭის წინააღმდეგ იტყვის ვინმე ქართველი. ხოლო ტოლსტოი, შეიძლება, ისე ძვირფასი არც კი იყოს რუსისათვის, როგორც ილია ქართველისათვის. რაიცა შეეხება მსოფლიო მნიშვნელობას, ამაზედ ვერას ვიტყვით. ლ. ტოლსტოი კი არა, პოტოპენკოც და მსგავსნიც კი იქცევენ ევროპის ყურადღებას. მაშასადამე, ტოლსტოის დიდი ნიჭი აქ არაფერ შუაშია. რუსეთი, როგორც დიდი სახელმწიფო, ძალაუნებურად იპყრობს ქვეყნის ყურადღებას.

ჩვენ არც კი გვიკისრია ამ ორის მწერლის შედარება. ჩვენ გვსურს მხოლოდ დაუპირდაპიროთ ორ საეროვნო მწერლის მიერ ხალხის გულიდამ ამოღებული ტიპები.

რუსის ხალხის წარმომადგენელად ტოლსტოიმ დაგვიხატა პლატონ კარატაევი, რომლის წინაშეც მუხლს იყრის, ვითა უდიდესისა და უმაღლესის ძალის წინაშე. პლატონ კარატაევი (და აკიმა ,,ბნელეთის სამეუფოისა“, თედორე ,,ანნა კარენინასი“) იგივე რუსის ,,მუჟიკი“, ტოლსტოის აზრით, განგებისაგან მოწოდებულია ,,დამპალის“ ევროპის კულტურის გარდამქნელად და განსაახლებლად. იმავე ,,მუჟიკის“ წყალობით თვით ტოლსტოიც მოინათლა და გარდაიბადა, მისი შემწეობით თვით ტოლსტოიმ მოიპოვა აღშფოთებულის სულის დამაამებელი და დამამშვიდებელი იდეალი.

ოთარაანთ ქვრივი ქართველის ხალხის წარმომადგენელია, ჭირსა და ვარამში გამოწრთობილი, უბედურებაში გაკაჟებული. ოთარაანთ ქვრივს (გაბოს, კაკოს, ზაქროს იმავე ქართველ გლეხებს) საუკუნების განმავლობაში ბრძოლამ თავის დაცვისამ და მრავალწლოვანმა კულტურამ, ცხოვრებისათვის ბრძოლისა და ჭიდილის მიუცილებლობა სავსებით შეაგნებია. ოთარაანთ ქვრივში (გაბოსა, კაკოსა და ზაქროში) ილიამ მთელი თავისი ცხოვრების ფილოსოფია გამოხატა, როგორც ტოლსტოიმ პლატონ კარატაევში (აკიმსა და თედორეში). გავითვალისწინოთ ეს ორი ტიპი, წარმომადგენელნი ორი ერისა და დავინახავთ არათუ იმ უფსკრულს, რომელიც არსებობს ამ ორ ერსა შორის, არამედ იმ ღრმა განსხვავებასაც, რომელიც ორ სხვადასხვა პოლუსზე აყენებს ორ დიდებულ მწერალს, მათ ფილოსოფიასა და სულის კვეთებას.

ოთარაანთ ქვრივი მოთხრობის შესავალიდამვე ასე გვიხასიათებს თავის თავს: ,,მე მარტო ისა ვარ, რომ ჩემს ჯავრს არავის შევარჩენ, ტყუილუბრალოდ არავის დავეჩაგვრინები (ხაზი ჩვენ გვეკუთვნის-კ. ა.), ,,თუ გაჭირდა, რკინის ჯოხს ავიღებ ხელში და ხელმწიფემდი ვივლი“. სოფელმაც კარგად იცოდა, რომ ოთარაანთ ქვრივს ტყუილუბრალო ბაქიობა და მუქარა არ უყვარდა, იმისი თქმა და ქმნა ერთი იყო“.

ამიტომაც არათუ სოფელი ერიდებოდა, სოფლის ბატონი და პატრონი - გზირი და მამასახლისიც კი ისე ჰყავდა შეშინებული, რომ, რაც გინდ დიდი საქმე ჰქონოდათ, ,,ოთარაანთ ქვრივის ეზოში ვერ გაიწაწანებდნენ და თუ როგორმე გაბედავდნენ, ისეთს ალიაქოთს ასტეხდა, რომ ბედსა და თავს დააწყევლინებდა“.

ოთარაანთ ქვრივის არსებითი თვისება სწორედ ეს გახლდათ, რომ ,,თავისს ჯავრს არავის შეარჩენდა და ტყუილაუბრალოდ არავის დაეჩაგვრინებოდა“. მთელი მისი აღშფოთებული მებრძოლი ბუნება სულ იმის დევნაში იყო, ვინც მცონარე, ლაჩარი, სხვისი ხელის შემყურე იყო.

მაგრამ ,,მაშვრალთა და ტვირთმძიმეთ“ კი დიდის სიბრალულითა და გულმოწყალეობით ეპყრობოდა: ამათ ის ნამდვილ, აქტიურ დახმარებასა და შემწეობას უჩენდა. განსაკუთრებული ქისაც კი ჰქონდა, სადაც ,,ღარიბთა გასაკითხ“ ფულს ინახავდა. მისთვის ყოველივე სენტიმენტალური წრიპინი საზიზღარი იყო, თვით მხნე და ლომი დედაკაცი სიტყვების რახარუხს არას დაგიდევდათ. იმისთვის საქმესა ჰქონდა მნიშვნელობა და იმდენზედ მობეზრებული ჰქონდა ქვეყნის ქალაჩუნობა, რომ რაც უნდა მადლი ექმნა, უთუოდ პილპილს მაინც მოაყრიდა.

,,ტკბილი სიტყვა რა არისო», იტყოდა ხოლმე ოთარაანთ ქვრივი: „ამ გამწარებულს წუთისოფელში ტკბილი სხვა რა არის, რომ სიტყვა იყოს. (ხაზი ჩვენია კ.ა.) რას მიჰქვიან ტკბილი სიტყვა! თვალთმაქცობაა, სხვა არაფერი. ტკბილი სიტყვა ნუგეშია, კაცს გულს მოჰფხანს. გულის ფხანა რაღა დარდუბალაა! ფხანა ქეცმა იცის. ნუ გაიქეციანებ გულს და ფხანაც საჭირო არ იქნება. სიტყვა სამურველი ხომ არ არის, - მოსაკიდებელი ჩანგალია, რომ გული ან აქეთ მისწიოს, ან იქით. თორემ ობი მოეკიდება, როგორც კიდობანში დავიწყებულს პურებს. გული ადგილიდამ უნდა მისძრას-მოსძრას კაცმა, თუ კაცს კაცის სიკეთე უნდა“…

ასეთი გარეგანი სისასტიკე და სიმკაცრე სრულიადაც ხელს არ უშლის, არსებითი და გულითადი თანაგრძნობა და დახმარება აღმოუჩინოს ყოველ გაჭირვებულს.

გარეგანი მისი სისასტიკე ისეთს კეთილს გულს, ისეთს ღრმა გრძნობებს ჰფარვიდა, რომლის წინაშე მართლაც მუხლი უნდა მოიდრიკოს კაცმა. აბა გაიხსენეთ, რანაირის თავგადადებით უვლის ქმრისაგან დატოვებულ თოფ-იარაღს, რომელიც მისთვის სათაყვანებელის ადამიანის სახსოვარია; აბა, შეხედეთ, რანაირის ლმობიერებით და თავგანწირულებით ეპყრობა მის შვილ გიორგის ცოცხალს, და რანაირის თავდავიწყებით გადაჰყვება თან მკვდარსა. ასეთ ადამიანებს შუაგზაზედ შეჩერება არც შეუძლიათ და არც უყვართ. მათი გრძნობა უსაზღვროა და უკიდო, მაგრამ ეს გრძნობა მარტო ენაზედ კი არ აკერიათ, მთელი მათი არსება ამ გრძნობითაა გამსჭვალული.

ამ უბრალო სოფლის დედაკაცისათვის ერთადერთი იდეალი მისი ქმრის ანდერძია და განძი - მისი შვილი. ამ იდეალს შეწირავს მთლად ერთიანად, სავსებით, უკან დაუხეველად მთელს თავის ცხოვრებასა და სიცოცხლეს, და ამნაირი ცხოვრება, ნამდვილი ადამიანური ცხოვრებაა. მხოლოდ ოთარაანთ ქვრივისთანა სრულს და მთელბუნებოვან ადამიანს შეუძლია აღასრულოს ნამდვილი დედა-შვილობა, ნამდვილი მეგობრობა და სიყვარული, ნამდვილი მამულიშვილობა და მოქალაქეობა. ყოველსავე, რასაც ხელს მოჰკიდებს მისი ძლიერი ბუნება, ყოველსავე სავსებით შესწირავს თავის ძალსა და ღონეს და ყოველსავე, რასაც კი ითავებს, სინდისიერად და წმინდად აღასრულებს.

ასეთი ადამიანები ჰქმნიან ცხოვრებას, ასეთნი, რომელთა ცხოვრების დევიზია, ,,ტყუილ-უბრალოდ არავის დაეჩაგვრინოს“, გარდაჰქმნიან ხოლმე დამპალ ცხოვრებას და ახალს საუკეთესო საძირკველს ჩაუდგმენ. მათთვის ყოველგვარი დაჩაგვრა საზიზღარია, ყოველგვარ მტარვალობას წინააღუდგებიან, ესენი ნამდვილი ცხოვრების მეტოქენი არიან თუ ეჭვსგარეშეა ის მოვლენა, რომ ცხოვრება დაუსრულებელი ბრძოლაა ცხოვრების სხვადასხვა ძალთა, სხვადასხვა დარგისა და მიმართულების შორის. საცა ასეთი პიროვნება იშვიათია, ცხოვრება მიმქრალია და მოდუნებული; იქ ცხოვრება ჭენჭყოდაა ქცეული, სიცოცხლის მომწამვლელ და მომშხამველ ჭენჭყოდ. ასეთი იყო სიცოცხლით აღსავსე ოთარაანთ ქვრივი, ასეთი იყო უებრო მებრძოლი ამ გამწარებულ წუთისოფელში, ქვეყნის ტანჯვაში გამოზრდილი და ცხოვრების ვაებაში გამოწრთობილი ადამიანი.

ავიღოთ პლატონ კარატაევი, ეს ტოლსტოის სათაყვანებელი გმირი, რომელიც, მისის აზრით, წარმოადგენს იმ სიღრმეს აზრისა და გრძნობისას, რომლის წინაშე მთელის ევროპის კულტურა გაკოტრებულად მიაჩნია.

მთელის მეცნიერებისა და ფილოსოფიის სწავლა ტოლსტოის იმ დასკვნამდე მიიყვანს, რომ ერთადერთი ხსნა ქვეყნად არის პლატონ კარატაევის ცხოვრების სიბრძნეში და რომ ერთადერთი შინაარსიანი ცხოვრება კარატაევის ცხოვრებაა. როგორი არის ეს ფილოსოფია და ცხოვრება, რომელიც ტოლსტოიმ დაუპირდაპირა კაცობრიობის ფილოსოფიასა და კულტურას? რაში გამოიხატება პლატოშას ეს სიბრძნე, რომელსაც ტოლსტოი სოლომონის და სოკრატის სიბრძნესაც ამჯობინებს.

პლატონ კარატაევი, პიერ ბეზუხოვის წარმოდგენით, ,,განხორციელება იყო ყოველისავე რუსულის კეთილისა და ,,დარგვალებულის“… გაცნობის მეორე დღეს რომ დაინახა პიერმა პლატონი, ,,პირველი შთაბეჭდილება რაღაც დარგვალებულისა ხელახლად განმტკიცდა მასში“. პიერისათვის კარატაევი დარჩა სამარადისო სახსოვრად ,,ვითა მიუწდომელი დარგვალებული და საუკუნო სახე სიმართლისა და მარტივის სულისა“.

რა არის ეს ,,დარგვალებული“? ამის ახსნა თვით ავტორსაც უჭირს, მაგრამ რაღაც მომხიბვლელის მისტიკურის ძალით კი მოსავს მას. ამის დამამტკიცებელი ისაა, რომ ეს თავისებური ჰამლეტი პიერ ბეზუხოვი, რომელსაც ეჭვებითა აქვს მოწამლული ცხოვრება, პლატონ კარატაევის შეხვედრის შემდეგ გარდაიბადა და განახლდა; ,,უწინ მისთვის დამსხვრეული მსოფლიო, ეხლა ახალის ძალით გაბრწყინვებული, ახალს შეურყეველს საძირკველზედ შენდებოდა და მის სულში მოძრაობდა“.

მთელი თვისება კარატაევისა გამოიხატება სრულს ინდიფერენტიზმში, პასივობასა და აპათიაში, იგი სრულის უსაზღვრო გულგრილობით ემონება და ემორჩილება ყოველს ძალსა და ხვედრს.

,,თავის დღეში არ დაფიქრდებოდა იმის შესახებ, თუ რა სთქვა, ან რა უნდა სთქვას და სწორედ ამიტომაც მის სიტყვებს შეურყეველი დამაჯერებელი ძალა ჰქონდა. მღეროდა ხოლმე ისე, როგორც ჩიტები გალობენ, უთუოდ მარტო იმიტომ, რომ ეს მღერა მისთვის მიუცილებელი საჭირო იყო, როგორც გაზმორება, გინდ გავლა-გამოვლა… ხანდისხან დაიწყებდა ლაპარაკსა და ბაასს, მაგრამ სრულიად იმის წინააღმდეგს იტყოდა, რაც წინათ უთქვამს, მაგრამ მაინც ძველი და ახალი ნათქვამი ჭეშმარიტებით იყო აღსავსე… სრულიადაც არ ესმოდა იმგვარი გრძნობა დამოკიდებულებისა, მეგობრობისა და სიყვარულისა, როგორც ეს ესმოდა პიერს (და, მაშასადამე, ყოველ გონიერს ადამიანს), მაგრამ უყვარდა და სიყვარულით ეპყრობოდა ცხოვრებაში არა რომელსამე ამა თუ იმ პირს, არამედ ყოველს კაცსა, რომელსაც კი დაინახავდა… პიერი კარგად გრძნობდა, რომ, თუმც კარატაევი ძალიან სათნოებით ეპყრობოდა, ერთი წუთითაც არ მოიწყენდა, რომ მოშორებოდა… როცა კარატაევი ლაპარაკს დაიწყებდა, ასე ეგონებოდა კაცს, არც კი იცისო, რით გაათავებს. როცა პიერს პლატონის სიტყვების აზრი განცვიფრებაში მოიყვანდა ხოლმე, შეეკითხებოდა, სთხოვდა გამეორებას, მაგრამ არაფრით არ შეეძლო იმისი გახსენება, რაცა სთქვა ერთის წუთის წინ“.

მთელი ფილოსოფია და მორალი კარატაევისა, რომელიც ბოლოს დროს, საუბედუროდ, ტოლსტოიმაც მიიღო და რომელიც ,,რუსულის სულის“ განსაკუთრებულ საამაყო თვისებად მიაჩნია თვით ტოლსტოისაც, იმ ორ იგავში გამოიხატება, რომელსაც ხშირად იმეორებდა ხოლმე: ერთი შეეხებოდა მის ჯარისკაცად წაყვანას. ერთხელ პლატონი ხეების მოსაჭრელად სხვის ტყეში შეიპარა. დაიჭირეს, სცემეს და მერე ჯარისკაცად მისცეს (ბატონყმობის დროიდამ არის).

მწუხარებისა და სევდის ნაცვლად, პლატონის ამგვარად დასჯის გამო, თვით იგი და მთელი მისი ოჯახი სიხარულსა და შვებას მიეცნენ იმიტომ, რომ ამ შემთხვევის წყალობით ,,სალდათობას“ გადარჩა წვრილშვილებით დატვირთული მეორე ძმა პლატონისა. ამ იგავს კარატაევი ამგვარის ფილოსოფიურის სენტენციით იწყებს: ,,მათხოვრის გუდაზე და დასატუსა ღოზედ თავის დღეში უარს ნუ იტყვიო“ და ამნაირის მორალით ათავებს: ,,რა ჩვენი საქმეა, რომ ვმსჯელობთ, ეს არ ვარგა, ის ცუდიაო. ყოველი-ფერი იღბლის საქმეა. ჩვენი ბედნიერება წყალში ცხრილს მიაგავს, მოსწევ , მძიმეა, ამოიღებ და შიგ არაფერია“.

მეორე იგავი ერთის ვაჭრის ამბავს შეეხებოდა. ვინმე ვაჭარს უსამართლოდ შესწამეს კაცის მოკვლა და კატორღაში გაგზავნეს. იქ სიკვდილზედ მიღწეულ ამხანაგებს თავის თავგადასავალს უამბობს. მათ შორის აღმოჩნდება სწორედ ის ავაზაკი, რომლის ბოროტმოქმედებაც ვაჭარს მოახვიეს თავზედ. ავაზაკი დაეცემა მუხლებზედ, ბოდიშს მოიხდის და მთავრობასაც შეატყობინებს, მაგრამ ვიდრე მთავრობა მიწერ-მოწერას მორჩებოდეს, უდანაშაულოდ დასჯილი კიდევაც მოკვდება. უსამართლოდ დატანჯული ვაჭარი თავის ხვედრს მორჩილებითა და მოთმინებით იტანს: ,,მეო“, ამბობს იგი, ვიტანჯები ჩემისა და სხვების ცოდვების გამო… ჰგავს, ღმერთმა ჩემის ცოდვებისთვის დამსაჯაო“. ხოლო სინანულში ჩავარდნილ ავაზაკს ეუბნება: ,,ღმერთი გაპატიებს, ხოლო ჩვენ კი ყველანი ცოდვილნი ვართ და მეც ჩემის ცოდვებისთვის მივიღე სატანჯველი“ (ხაზი ყველგან ჩვენია. -კ. ა.). თუ კარგად ჩაუკვირდებით, ნახავთ, რომ ეს ფილოსოფია არის ფილოსოფია სიცოცხლის, ცხოვრების და ცხოვრებაში სიხარულის უარყოფისა. ყოველივე ტანჯვა ამ ფილოსოფიით უნდა მიიღო, ვითა შენის ცოდვების შედეგი და კანონიერი სასჯელი და, მაშასადამე, ყოველსავე ტანჯვას, ვაებას და წამებას კი არ უნდა შეებრძოლო და წინააღუდგე, სიხარულითა და მოთმინებით უნდა მიიღო. უბედურებას ნუ გაურბი იმიტომ რომ იგი შენის ცოდვების ღირსეული ჯილდოა ანადა იმიტომ, რომ შენის ტანჯვითა და ვაებით იქნება კიდევაც ვინმემ ისარგებლოს.

ამ ფილოსოფიის ლოგიკური დასკვნაა ის უცნაური ,,არა წინააღუდგე ბოროტსა“, რომელზედაც დაახურდავა ტოლსტოიმ მთელი ქრისტეს მორალი და რომელიც მარტო და მხოლოდ რუსის დაბეჩავებულის, საუკუნეების მტარვალობის ქვეშ წელში გაწყვეტილის ხალხის სულის ფილოსოფიაა და სხვა არაფერი.

უსამართლობა იქნება ვსთქვათ, რუსეთის ხალხს მარტო პლატონ კარატაევები ჰყავდეს წარმომადგენელად, ის კი უეჭველი ჭეშმარიტებაა, რომ ტოლსტოიმ ეს თვისება რუსის ხალხისა პასიური ინდიფერენტიზმი, უენერგიობა და აპათიის გაღმერთება და ტანჯვა-ვაების წინაშე ქედის მოხრა, დიდისა და მძლავრის ნიჭით გადაგვიშალა თვალწინ. მხოლოდ რუსეთის ხალხის ამგვარი ძირითადი თვისება, რომელიც ერთთავად ნაყოფია უკულტურობისა, ხდის შესაძლებლად ისეთს ისტორიულს მოვლენას, რომ მეოცე საუკუნეში რუსეთში იგივე ბარბაროსული რეჟიმია, რომელიც იოანე მრისხანის დროს იყო. ვინ იცის, ეს უცნაური თვისება ,,არა წინააღდგომა ბოროტისა“ იქნება დამღუპველი შეიქმნეს რუსის ხალხისა.

სავალალო და სამწუხარო აქ ის არის, რომ ამ დამღუპველ თვისებას რუსისას, რუსეთის დიდებული მწერალი რაღაც მიუწდომელ იდეალად სახავს, კაცობრიობის განახლებისა და გარდაქმნის წამალს აქ იძიებს და თვით თავის თავის მაგალითზედ ეჭვით გულგანგმირული მიგვითითებს: ,,რუსის ხალხს მივმართე და იმ აზრს, რომელსაც ეს ხალხი აძლევს ცხოვრებასა და აქ მოვიპოვე ნავთსაყუდელიო“. ეს ხალხი ცხოვრებას მძიმე შრომაში ატარებს, მაგრამ იგი ცხოვრების კმაყოფილია… ,,ყოველს ავავადმყოფობას, უძლურებას ის უხვდება, არავითარ წინააღმდეგობას არ უწევს; არაფერი არავითარ  ეჭვს არ აღუძრავს ხოლმე მას; სრულის სიმშვიდით მიეგებება ყოველსავე და ღრმად არის დარწმუნებული, ყოველი ფერი ისე უნდა მიმდინარეობდეს, როგორც არის, აქ სხვაგვარად შეუძლებელია მოხდეს რამე, ყოველივე რაც არის კეთილია“.

აბა, თუ პირდაპირი ლოგიკური დასკვნა არ არის რუსეთის ხალხის უსაზღვრო მოთმინება ყოველგვარის დესპოტიზმისა?..

რამდენად უფრო მაღლა აყენებს ჩვენი დიდებული მწერალი ქართველის ერის წარმომადგენელსა, როცა მას სიცოცხლის მოსარჩლეობას აჩემებს და ბოროტის წინააღმდეგ მედგარ მებრძოლად გამოჰყავს. განა თუ ქართველ ერშიაც არ მოიძებნება ღვთისაგან და კაცისაგან მოძულებული ბეჩავი სოსია მეწისქვილე (,,ოთარაანთ ქვრივი“) და გინდ მეურმე, რომელიც მთელს თავის პროტესტს არსებულის ცხოვრების მიმართ იმით გამოჰხატავს, რომ ზაქროსა და კაკოს ბედის შემნატრი ,,შურით ხარს შოლტს გაუტყლაშუნებს’“. არიან ეგრეთი ბეჩავნი ქართველ ერშიაც, მაგრამ იგინი მეორე პლანზე დგანან და ილიას დიდი დამსახურება ჩვენის ერის წინაშე სწორედ ის არის, რომ ოთარაანთ ქვრივისთანა კაჟისაგან გამოქანდაკებულ პიროვნებას გვისურათებს ჩვენის ერის არსებით თვისებების წარმომადგენელად და მთელი მისი სიმპათია ამგვარის პიროვნებისკენ არის (ეგრეთივეა მისი გაბრო, კაკო და ზაქრო).

ცხოვრება, მანამდე, ვიდრე იგი ცხოვრებაა, მარტო ოთარაანთ ქვრივებისთანა ენერგიულ ადამიანების სამეუფოა. მარტო ოთარაანთ ქვრივებს შეუძლიათ შეჰქმნან გაბროები და კაკოები, რომელთა, ვითომ და ,,ავაზაკობა“ რევოლუციონურის სულითაა გაჟღენთილი და რომელთაც მარტო შეუძლიათ გარდაჰქმნან ცხოვრება საუკეთესო იდეალის მიხედვით: ოთარაანთ ქვრივი თავს ტყუილად არავის დააჩაგვრინებს, გაბრო თავის გაუპატიურებას არავის შეარჩენს, ეგრე მოიქცევა კაკოცა და ზაქროც.

აბა, წარმოიდგინეთ რომელიმე მათგანი ან პლატონის როლში, როცა ჯარისკაცად წაიყვანეს, ანადა უდანაშაულოდ დასჯილის ვაჭრის როლში: ყველა მათგანი, რასაკვირველია, იგრძნობდა, რომ მათმა უბედურებამ ვისმე ბედნიერება მიუტანა და ამ ბედნიერების თვისების მიხედვით ესიამოვნებოდათ, ან იწყენდნენ, მაგრამ მათ გამაუძლურებელს კი არ შეარჩენდნენ, იგინი ჯავრს იყრიდნენ, არათუ მარტო კერძო პირზედ, მთელს საზოგადოებისაგან იძიებდნენ შურს, იმ საზოგადოებისაგან, რომელიც ჰქმნის, ხელს უწყობს უსამართლო მსაჯულს, გამაუპატიურებელ მებატონეს, სულთამხუთავ გზირსა და მამასახლისს.

პლატონ კარატაევი ,,გაროზგეს“ და ამაში მან სასიამოვნო მხარე მოსძებნა, ზაქრომ კი ,,გაროზგვაში“ მხოლოდ პირადობის შეურაცხყოფა და გაუპატიურება ნახა და შური იძია მთელის საზოგადოებისაგან.

პლატონ კარატაევი და ამასთან ერთად აკიმი (,,ბნელეთის სამეუფო“), თედორე (,,ანნა კარენინაში“) უბედურებასა და ვაებას ერთნაირის გულგრილობით უხვდებიან და გაიძახიან პლატონსავით: От семы и тюрьмы никогда не отказывайся“-ო, ანადა აკიმსავით, რომელიც არას მოასწავებს გარდა იმისა, რომ ადამიანი მცენარისა და მინერალის უგრძნობლობასა და უარარაობას უახლოვდება. ოთარაანთ ქვრივი, გაბრო, კაკო და ზაქრო კი ცხოვრების ვაებას ბრძოლას უწევენ, ბოროტს წინააღუდგებიან და ან იცხოვრებენ ისე, როგორც ცხოვრებას შეეფერება, სიხარულითა და შვებით, მტკიცედ და შეურცხვენელად, ანადა თავს შეაკლავენ ბრძოლას თავისის იდეალისათვის, თუ არა და სიცოცხლეს მოისპობენ. მათ პირუტყვულს ცხოვრებას, ნაზრახ სიცოცხლეს, სიკვდილი ურჩევნიათ.

ჩვენის დიდებულის მწერლების სადიდებლად უნდა აღვიაროთ, რომ მათგან ნაანდერძევი იდეალი სიმხნევისა, სიმამაცისა და ბოროტის წინააღმდეგ ნესტან-დარეჯანის დასახსნელად ბრძოლის იდეალია. მათ იშვიათის გამჭრიახობით, წინასწარმეტყველურის ნიჭით შეუგნიათ ცხოვრების არარაობა, მისი სიბინძურე და სიბილწე; ძვირად თუ ოდესმე პოეტს და მწერალს უგრძნია საუკუნის ჩვენის ბედშაობა ისე, როგორც ბარათაშვილს, ილიასა და აკაკის, მაგრამ თავის დღეში მათ ვერ წარმოუდგენიათ უბედურების წინაშე მუხლის მოყრა, უბედურებაში სიტკბოების ძიება, მათთვის ფილოსოფია და ,,ტაე-ტაეს“ ფილოსოფია ისეთი ანბანია, რომელსაც თავისდღეში ვერ მიხვდებიან.

 იგინი ყოველთვის იმას ჩაგვძახიან:

„თუ კაცნი გვქვიან, შვილნი სოფლისა, უნდა კიდევაც მივსდიოთ მას, გვესმას მშობლისა“ ანადა: ,,აწმყო თუ არა გვწყალობს, მომავალი ჩვენია“,
 
ანდა კიდევ:

,,არ მომკვდარა, მხოლოდ სძინავს, მოვა დრო და გაიღვიძებს“.

მთელი მათი პოეზია, ფილოსოფია და მორალი ამგვარის მხნე და მრთელის პესიმიზმით იყო გაჟღენთილი, რომელიც ცხოვრების სიმწარეს სავსებით გრძნობს, მაგრამ ამ სიმწარის შერიგებას კი არ სცდილობს, ებრძვის მას, წინააღუდგება და სწამს სიკეთისა და სიხარულის სამეუფოს განმტკიცება და გარეშე ამისა სიცოცხლე ჩირის ფასადაც არ მიაჩნია.

ასეთია საუკუნო დედა აზრი ჩვენის ლიტერატურისა, რომელიც უკვე რუსთაველისაგან გვაქვს ნაანდერძევი: საარაკო ტანჯვა ტარიელისა ნესტან- დარეჯანის ძებნაში, მისი მოპოვებით და მასთან საუკუნო კავშირით დამთავრდება.

ამიტომაც ტოლსტოი-კარატაევის ფილოსოფია სიკვდილისა, მცონარეობისა, სულით დაგლახაკებისა, დაკრავებისა და ბრწყინვალე ცხოვრების უარყოფისა, ისე შორს არის ჩვენგან, ისე უცხოა, როგორც უცხონი და გაუგებარნი არიან ერთმანეთისათვის პლატონ კარატაევი და ოთარაანთ ქვრივი, აკიმა, თედორე გაბრო, კაკო და ზაქრო.

0

ავტორი: