11:57:27     28-01-2012
ჩრდილოეთ კავკასიაში არეულობა და შეტაკებები გრძელდება...

ვიდრე კრემლი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება, ხოლო ოპოზიცია მიტინგებისთვის, უკიდურესად დაიძაბა ვითარება ჩრდილოეთ კავკასიაშიც. წუხელ გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციასა და ადგილობრივ მებრძოლებს შორის, ერთდროულად, შეტაკებები მოხდა დაღესტანსა და ინგუშეთში. რუსული მედიის მტკიცებით, ბრძოლების დროს ათამდე ჩრდილოკავკასიელი მებრძოლი დაიღუპა. დაღუპულები არიან ფედერალური ძალების მხარესაც.
დაღესტანში, მორიგი ბრძოლებისას, ოთხი რუსი სამხედრო მოკლეს და რამდენიმე დაჭრეს. ირკვევა, რომ სამხედროები მებრძოლთა დიდ ბაზას გადააწყდნენ, მაგრამ ალყაში მოყვნენ, რის შემდეგაც მძიმე ორთაბრძოლა გაიმართა. რუსული წყაროები ირწმუნებიან, რომ მებრძოლთა მთელი ჯგუფის განადგურება მოხერხდა, თუმცა, რუსებმაც არანაკლებად იზარალეს.
მეორე შეტაკება ინგუშეთის ერთ-ერთ სოფელთან დაფიქსირდა. რუსებმა სახლების ფანჯრებში რამდენიმე შეიარაღებული მამაკაცი შეამჩნიეს და მათ დანებება მოსთხოვეს, თუმცა, შეიარაღებულებმა სამხედროებს ცეცხლი გაუხსნეს. რუსული მედიის ინფორმაციით, დაღუპულთა შორის აღმოჩნდა საერთაშორისო ტერორისტული ქსელის, კავკასის იმირატის ხელმძღვანელი ჯამალეილ მუტალიევი. ის შამილ ბასაევის უახლოეს თანამებრძოლად ითვლებოდა.
ამავე დროს, ცნობილი გახდა კიდევ ერთი სისხლიანი შემთხვევის შესახებ. ყაბარდო-ბალყარეთში, შეიარაღებული პირები ქალაქის ერთ-ერთ სკოლას დაესხნენ თავს, სადაც კალათბურთს ექვსი მამაკაცი და ერთი ქალბატონი თამაშობდნენ. თავდამსხმელებმა იცოდნენ, რომ ერთ-ერთი მამაკაცი სამხედრო ნაწილის მფრინავი მოიერიშე იყო. მებრძოლებმა მას ხელი გამოჭრეს. ოფიცერი ადგილზე გარდაიცვალა...
0