ხავერდოვანი რევოლუციები რუსეთის საზღვრებთან და პუტინის შიშები ხავერდოვანი რევოლუციები რუსეთის საზღვრებთან და პუტინის შიშები />


  18:11:15     27-01-2012

ხავერდოვანი რევოლუციები რუსეთის საზღვრებთან და პუტინის შიშები

a14590.jpg

რაც უფრო მეტად ცდილობს დასავლეთი მხარი დაუჭიროს დემოკრატიულ მოძრაობას რუსეთის საზღვრებთან, მით მეტად ავტორიტარული ხდება ვლადიმერ პუტინის რეჟიმი - ასეთ დასკვნას აკეთებენ BBC-ის ეთერში გასული ფილმის „პუტინი, რუსეთი და დასავლეთი“ ავტორები.

მაყურებელმა ამ დოკუმენტური ფილმის უკვე მეორე ნაწილი ნახა, რომელიც საქართველოსა და უკრაინის რევოლუციებს ეძღვნება. თუმცა, საქართველოსთან დაკავშირებით უფრო საინტერესო ფილმის შემდეგი სერია იქნება, რომელიც 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომს მიეძღვნება, მეორე სერია კი უფრო მეტად უკრაინაში „ნარინჯისფერი რევოლუციის“ პერიოდსა და კრემლის მაშინდელ შიშებზე ყვება, რაც მოსკოვს, ჯერაც არ აქვს გადალახული.

ფილმის ავტორთა თქმით, ერთ-ერთი საკვანძო მოვლენა, რომელმაც გავლენა მოახდინა რუსეთის შიდაპოლიტიკურ პროცესებზე, უკრაინის პრეზიდენტის 2004 წლის არჩევნები იყო, რომლის შემდეგაც რუსეთის ხელისუფლებამ გაამკაცრა კანონები არასამთავრობო ორგანიზაციებისა და არჩევნების შესახებ, ასევე დაიწყო ახალგაზრდული პროკრემლისტური ორგანიზაციების შექმნა.

„ნარინჯისფერი რევოლუცია“ კრემლის სერიოზული მარცხი იყო, - მიაჩნიათ ფილმის ავტორებს, რომლებიც ყვებიან, რომ სწორედ მაშინ ვლადიმერ პუტინი ჩავიდა თავის კოლეგასთან ლეონიდ კუჩმასთან, რათა განეხილა, „როგორ მიეღოთ ისეთი შედეგები არჩევნებში, რომელიც დაიცავდა რუსეთის ინტერესებს.“

„ეს ხომ საიდუმლო არ არის - წამოიძახებს ფილმში ლენიდ კუჩმა. - რა, დასავლეთი არ განიხილავდა, ვინ გახდებოდა უკრაინაში პრეზუდენტი? მთელი დასავლეთი და ერთი პუტინი… რუსეთი ხედავდა ბატონ იუშენკოს, იცოდა მისი პოზიციები, მისი გამონათქვამები. პუტინს არ ჰქონდა დიდი სურვილი, რომ ის ხელისუფლებაში მოსულიყო“ - ამბობს კუჩმა.

ზოგადად, ფილმში აღნიშნულია, რომ პუტინი არჩევნების წინ უკრაინას 7-ჯერ ეწვია, ხოლო მოსკოვიდან კიევში ჩავიდა პოლიტტექნოლოგთა ჯგუფი, რომელსაც იანუკოვიჩის კამპანია უნდა წარემართა.

„ჩვენ ყოველთვის რუსეთის ხელმძღვანელობაზე ვმუშაობდით“ - ამბობს ფილმში მოსკოველი პოლიტოლოგი სერგეი მარკოვი,- უკრაინაშიც ყოველთვის ამას ვამბობდით: ჩვენი მთავარი დამკვეთი, მთავარი ხელმძღვანელობა - ეს, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაა“.
როგორც მეორე მოსკოველი პოლიტტექნოლოგი გლებ პავლოვსკი ამბობს, 2004 წელს იანუკოვიჩის კამპანიას მთლიანად კუჩმა მართავდა, ხოლო თავად კანდიდატი, ფაქტობრივად, „უუფლებო ფუნქციონერი“ იყო.

მოსკოველი პოლიტტექნოლოგების მუშაობას, როგორც მარკოვი ამბობს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაშინდელი უფროსი, დიმიტრი მედვედევი კურირებდა. პოლიტოლოგის თქმით, მედვედევს ეს არ მოსწონდა. „ის ამჯობინებდა რუსული საქმეებით დაკავებულიყო … და კანონიერი საქმეებით. მედვედევს უყვარს, როცა ყველაფერი წესისა და კანონის მიხედვითაა. უკრაინაში ყველაფერი ხდებოდა არა კანონისა და წესის მიხედვით“ - ამბობს მარკოვი.

ფილმში დეტალურადაა მოყოლილი ვიქტორ იუშენკოს მოწამვლის შესახებ, თუმცა პოტენციური შემკვეთებსა და შესაძლო შემსრულებლებზე მინიშნებების გარეშე. ასევე იმაზე, რომ იუშენკოს საარჩევნო შტაბის წარმომადგენელი ოლეგ რიბაჩუკი რაღაც მომენტიდან თითქმის ყოველკვირა დადიოდა მოსკოვში - კრემლის ადმინისტრაციასთან სასაუბროდ. ეს მას შემდეგ ხდებოდა, რაც იქ გაიგეს, რომ იუშენკო საპრეზიდენტო მარათონის ლიდერი იყო.  თუმცა შეთანხმება ვერ მოხერხდა. მიუხედავად იმისა, რომ ეგზიტპოლების მონაცემებმა იუშენკოს გამარჯვება აჩვენა, უკრაინის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამოაცხადა, რომ იმარჯვებს იანუკოვიჩი. პუტინმა მიულოცა კიდეც „მოსკოვის პროტეჟეს“ ისე, რომ არ დაელოდა ოფიციალურ შედეგებს. ეს იყო პოლიტიკური სიგნალი - ამბობს გლებ პავლოვსკი.

კიევის ქუჩებში გამოვიდა იუშენკოს ათეულო ათასობით მომხრე, ითხოვდნენ ხმების გადათვლას. ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის განვითარება დაიწყო.

როგორც კუჩმა იხსენებს, პუტინი მას მიანიშნებდა, რომ ოპოზიციასთან მკაცრად უნდა მოქცეულიყო.

„პუტინი მკაცრი ადამიანია, რაღაც მინიშნებები, ასე ვთქვათ, იყო. ეს საიდუმლო არაა. მაგრამ პირდაპირ: „გაიყვანე ტანკები მოედანზე“ - მას არ უთქვამს, - ყვება ექსპრეზიდენტი და დაძენს: „მე პუტინს ვუთხარი, რომ მაიდანს ძალით არ დავშლიდი, რადგან ვიცი, რომ იქ ბავშვები არიან“.
როცა ვითარება დაიძაბა, კუჩმამ შუაღამისას დაურეკა პოლონეთის ლიდერს ალექსანდრ კვასნევსკის. როგორც კვაშნესვკი იხსენებს, ღამის 3 საათზე მას დაურეკა უკიდურესად აღელვებუმა კუჩმამ და სთხოვა, ჩასულიყო კიევში და შუამავლის როლი ეკისრა.

„მან ორჯერ თუ სამჯერ გაიმეორა: „მე არ დავუშვებ, რომ სისხლი დაიღვაროს“ - იხსენებს კვაშნევსკი.

უკრაინაში  ვროპელი შუამავლები ჩავიდნენ. მათი შეხვედრა კუჩმასთან, როგორც ფილმშია ნათქვამი, პუტინის ზარის გამო რამდენიმე ხნით შეწყდა. კუჩმა ამბობს, რომ ითხოვა, შეხვედრაზე რუსეთის წარმომადგენელიც ჩასულიყო.

კვაშნევსკი იხსენებს: „კუჩმა დაბრუნდა და თქვა: „პუტინი გვთვაზობს, რომ რუსეთის წარმომადგენელი იყოს… ბორის ელცინი“.

„მე ძალიან ვაფასებ ელცინს, მაგრამ აქ საუბარია მნიშვნელოვან მოლაპარაკებებზე და არა შოუზე“ - იქვე აცხადებს კუჩმა.

საბოლოოდ, კიევში რუსეთიდან ბორის გრიზლოვი ჩავიდა, დუმის ექს-სპიკერი და შს ყოფილი მინისტრი.

უკრაინის მოვლენებმა აიძულა მოსკოვი,  შიდა პოლიტიკისთვის გადაეხედა. როგორც კრემლში მომუშავე პოლიტტექნოლოგები ფილმში ადასტურებენ,  სწორედ ამის მერე დაიწყო პროკრემლისტური ახალგაზრდული  მოძრაობების შექმნაც.

„ეფექტური პოლიტიკის ფონდის“ თავმჯდომარის გლებ პავლოვსკის თქმით, „ნარინჯისფერი რევოლუციის“ შემდეგ მას ჰქონდა შეგრძნება, რომ „სადღაც აქვე იკრიბება ეს ხალხი, ეს ობობები და ძალიან მალე ისინი გავლენ მოსკოვის ქუჩებში“. პოლიტოლოგი ამბობს, რომ „საჭირო იყო სასწრაფოდ გამოყვანათ პუტინისადმი პოლიტიკურად ლოიალური ადამიანები“. ასე შეიქმნა მოძრაობა „ნაში“, რომელიც სერგეი მარკოვის თქმით, თავიდან რეგიონებში ჩამოყალიბდა,  10 საათის სავალზე მოსკოვიდან, რომ მათ მალევე შეძლებოდათ წითელ მოედანზე მისვლა და თქმა - „ჩვენ დავიცავთ ქვეყნის სუვერენიტეტს“.

დოკუმენტური ფილმის შემდეგი ორი ეპიზოდი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომსა და რუსეთის ხელისუფლებაში დიმიტრი მედვედევის მოსვლას მიეძღვნება.

0

ავტორი: