16:17:27     27-01-2012
რუსეთი ომისთვის ემზადება და სამხრეთის საზღვრებზე სპეცდანიშნულების სამხედრო ნაწილებს გზავნის
რუსეთი სამხრეთის საზღვრებზე სამხედრო ნაწილების რაოდენობას ზრდის. თავდაცვის მინიტრის ანატოლი სერდიუკოვის ბრძანებით, სამხრეთის სამხედრო ოლქში დამატებით ორი სპეცდანიშნულების სამხედრო ფორმირება გაიგზავნება. საფუძველი „გარედან მოსალოდნელი საფრთხეა“, რომელსაც მოსკოვი სპარსეთის ყურეში არსებულ დაძაბულობას უკავშირებს და ასევე, არ ასვენებს ის, რომ „მილიტარიზაციის პროცესი საქართველოში ისევ გრძელდება.“
თუმცა, ექსპერტების თქმით, ამჯერად, კრემლს ყველაზე მეტად სოჭის 2014 წლის ოლიმპიადის ჩატარების თემა აწუხებს. მით უმეტეს, როცა „გარეშე მტრების“ გარდა, ოლიმპიადას, შესაძლოა, საფრთხე შიგნიდანაც დაემუქროს. ანტიტერორისტული ძალები და ოპერაცია ჩრდილოეთ კავკასიაში, რომელსაც დასასრული არ აქვს და ვერც წარმატებული შედეგებით გამოირჩევა, უსაფრთხოების უზრუნველყოფას ვერ შეძლებს.
ამიტომაც, ეს დამატებითმა სამხედრო ნაწილებმა უნდა გააკეთოს. თანაც, ექსპერტების თქმით, „სამხრეთის მიმართულება დღეისათვის ყველაზე პრობლემურია სამხედრო საფრთხეების თვალსაზრისით, ხოლო იმის გამო, რომ მოწინააღმდეგესთან შეტაკებას აქვს ძირითადად, ანტიტერორისტული ხასიათი, რომელიც შესაძლოა, ფართოდ მანევრირებად ომში გადაიზარდოს, სპეცრაზმები სათანადოდ უნდა იყოს მომზადებული“.
ანუ რუსეთი არა მარტო ლოკალური, არამედ უფრო მასშტაბური ბრძოლებისთვისაც ემზადება. ამ გეგმის ნაწილია სამხედრო მიმართულების გაძლიერება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, რაც უკვე სახეზეა. როგორც ცნობილია, სწორედ სეპარატისტული რესპუბლიკების ტერტორიაზე ჩატარდება მასშტაბური სამხედრო სწავლება „კავკაზ 2012“-იც, რომელიც სექტემბრისთვისაა დაგეგმილი და რომლისთვის სამზადისიც უკვე მიმდინარეობს. აფხაზეთის რეჟიმის მეთაურმა ალექსანდრე ანქვაბმა დღეს ე.წ. თავდაცვის მინისტრთან გამართა შეხვედრა და „აფხაზურ არმიაში“ არსებული ვითარება განიხილა.
რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქი, ზოგადად, ყველაზე მასშტაბურია. მის შემადგენლობაშია მოტომსროლელი 11 ბრიგადა, აქედან 2 სამთოა, სადესანტო ბრიგადა, სამთო დივიზია, საზღვაო ფეხოსანთა 2 ბატალიონი და ერთი ბრიგადა, 3 სამხედრო ბაზა, შავი ზღვის ფლოტისა და კასპიის ფლოტილიის დანაყოფები, ასევე სამხედრო-საჰაერო ძალებისა და ანტისაჰაერო თავდაცვის სარდლობა.
ამ დროისათვის, სამხრეთის სამხედრო ოლქში გამალებული სწავლება მიმდინარეობს, ამზადებენ სნაიპერებს, როგორც ამბობენ, თითოეულ მებრძოლთან პერსონალურ წრთვნას ატარებენ. მთიან რაიონებში ბრძოლის დროს მნიშვნელოვანი როლი სწორედ სნაიპერებს დაეკისრებათ.
0