11:58:09     27-01-2012
ამერიკელი სენატორი რუსეთთან სამხედრო გარიგებების გადახედვას ითხოვს...
ამერიკელი სენატორი რესპუბლიკური პარტიდან, მოითხოვს, საგამოძიებო კომისიამ სასწრაფოდ შეისწავლოს ვაშინგტონის ნატოელი პარტნიორების რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობის საკითხი.
კერძოდ, საქმე ეხება საფრანგეთს, რომელმაც მოსკოვისათვის „მისტრალების“ მიყიდვის თაობაზე შეთანხმება გააფორმა.
სენატორი რიჩარდ ლუგარი შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთისათვის არა მარტო ფრანგული „მისტრალების,“ არამედ გერმანული და იტალიური ჯავშანტექნიკის მიყიდვის გამოც და მოუწოდებს კონგრესს, შეისწავლოს, რა ალბათობა არსებობს ამ ტექნიკის თავად ალიანსის წევრების წინააღმდეგ გამოყენების მიმართულებით.
„მაშინ, როცა ნატო ცდილობს კონსტრუქციული თანამშრომლობა დაამყაროს რუსეთთან, ეს გაყიდვები შეშფოთებას იწვევს იმ ფონზე, როცა რუსეთის ხელმძღვანელობა ამ შეიარაღების ნაწილის ამერიკისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ შესაძლო გამოყენებაზე საუბრობს“ - წერს ლუგარი მიმართვაში. მან ასევე გაგზავნა სპეციალური მოთხოვნა, რათა შეიქმნას სტრუქტურა, რომელიც შეიარაღების სფეროში რუსეთთან ორმხრივი გარიგებების რეგულირებას მოახდენს.
„მოიტანა ამ გარიგებებმა რაიმე სარგებელი მხარეებს შორის ურთიერთობაში? ჩვენი ევროპელი პარტნიორები მსგავს შეთანხმებებს ჩინეთთანაც ხომ არ გააფორმებენ?“ - კითხულობს ლუგარი.
სენატორის შეშფოთება გამოიწვია დიმიტრი მედვედევის ცნობილმა განცხადებამ იმის შესახებ, რომ თუ რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების განთავსებისას, მოსკოვის პოზიციებს არ გაითვალისწინებენ, რუსეთი უარს იტყვის განიარაღებისა და შეიარაღების კონტროლის სფეროში თანამშრომლობაზე.
როგორც ცნობილია, მოსკოვისათვის განკუთვნილი სამხედრო ხომალდი „მისტრალი“ ექსპლუატაციისთვის, მზად, 2014 წელს იქნება. მეორე ხომალდი კი 2015 წლისთვის აიგება.
რუსულ-ფრანგული გარიგების შესახებ ოფიციალურმა ვაშინგტონმა თავისი უარყოფითი პოზიცია თავიდანვე დააფიქსირა. რისთვის სჭირდება მოსკოვს ეს ხომალდები?
შეშფოთებულია ლატვიაც, რომელიც აცხადებს, რომ როგორც კი „მისტრალი“ ბალტიის ზღვაში გამოჩნდება, ოფიციალურ განაცხადს გააკეთებს და მიმართავს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს, გაზარდოს ლატვიის სამხედრო და პოლიტიკური დახმარება.
რუსეთის „სამხედრო მობილიზაცია“ ლიტვასაც აღლევებს, რომელიც შეშფოთებულია იმით, რომ რუსეთი კალინინგრადის ოლქში „ისკანდერებს“ განათავსებს. ლიტვის თავდაცვის სამინისტრო გამოეხმაურა ბალტიის ფლოტის შტაბიდან გაჟღერებულ ინფორმაციას, რომ „ისკანდერები“ კალინინგრადში უკვე 2012 წლის მეორე ნახევრიდან გამოჩნდება. ლიტვის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ რუსეთი, დასავლეთის მიმართულების საეჭვო მოდერნიზებას ახდენს, რაც გაუგებარია და ეჭვებს იწვევს.
0