20:53:57     26-01-2012
მედვედევმა გაბედა: თუ პუტინი ვერ გაიმარჯვებს, დამშვიდებული სინდისით გავაგრძელებ სამშობლოს სამსახურს

დიმიტრი მედვედევმა ვლადიმერ პუტინსა და ზოგადად, თავის აუდიტორიას, სიურპრიზები შესთავაზა, როცა სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ შესაძლოა, დეკემბერში დაწყებულ საპროტესტო მიტინგებში ის ადამიანებიც მონაწილეობდნენ, რომლებსაც კვლავ მისი გაპრეზიდენტება სურთ.
ეს რუსული მედიისთვისაც სიურპრიზი იყო. მედვედევმა, რომელმაც თავად „დაულოცა გზა“ ვლადიმერ პუტინს, უეცრად, საპრეზიდენტო ამბიცია გამოავლინა.
„რაც შეეხება იმ მოვლენებს, რომელსაც ადგილი ჰქონდა დუმის არჩევნების შემდეგ, მე არ შემიძლია ეს ყველაფერი პირდაპირ დავუკავშირო იმას, რომ მე უარი ვთქვი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე. მაგრამ, ალბათ, ვუშვებ იმას, რომ მათ შორის, ვინც ბალოტნაიაზე და სახაროვის პროსპექტზე გამოდიოდა, იყვნენ ადამიანები, რომლებსაც სხვაგვარი სიტუაცია, მათ შორის, საპრეზიდენტო არჩევნებში ჩემი მონაწილეობა სურდათ. მე ამას ვუშვებ, ეს ნორმალურია“ - განაცხადა მედვედევმა.
პრეზიდენტის განცხადებები სხვა მიმართულებითაც მოულოდნელი იყო. მან აღიარა, რომ რუსეთში ხდება მედიაზე ზეწოლა, რომ „პოლიტიკურ სისტემას ჰაერის დამატება სჭირდება“…
ამ აღიარებების შემდეგ კი კიდევ ერთი განაცხადი გააკეთა: ამ შეხვედრის ტელეტრანსლაცია არ მოხდება, რადგან „ზოგიერთ ამხანაგს“ არ დარჩეს შთაბეჭდილება, რომ მედვედევი „პიარს“ იკეთებს.
ამ ნებსით თუ უნებლიე მინიშნებების შემდეგ კი პირდაპირ განაცხადა, რომ შესაძლებელია, წამოაყენოს თავისი კანდიდატურა…
„მე არასოდეს მითქვამს, რომ აღარასოდეს ვიყრი კენჭს, - და გაიპრანჭა - შეგახსენებთ, რომ ჯერ მხოლოდ 46 წლის ვარ. ეს არც ისე სერიოზული ასაკია, რომ უარი ვთქვა შემდგომ პოლიტიკურ ბატალიებზე. მაგრამ ამჯერად, ნამდვილად გადავწყვიტე, რომ კენჭს არ ვიყრი“ - დასძინა ბოლოს.
როგორც ჩანს, რუსეთის პრეზიდენტი გულახდილობის ხასიათზე დადგა, - იმდენად, რომ გუშინ, თავს უფლება მისცა საჯაროდ, ეჭვი პუტინის გამარჯვებაშიც კი შეეტანა, ოღონდ ეს აზრი „ირიბად“ ჩამოაყალიბა, მიანიშნა რა, რომ შესაძლოა, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ვერ გახდეს პრემიერი, რადგან უშვებს, რომ თავად პუტინი ვერ გახდება პრეზიდენტი.
„ჯერ ერთი, მე არ ვიცი, რა იქნება მაისში. მე ვუშვებ მოვლენათა სხვადასხვაგვარად განვითარების შანსს… თუ ვლადიმერ პუტინს ეს გამოუვა, ალბათ, მართლაც გავხდები მთავრობის ხელმძღვანელი, ხოლო თუ არ გამოუვა, დამშვიდებული სინდისით გავაგრძელებ სამშობლოს სასიკეთოდ სამსახურს. სად - არ ვიცი, მაგრამ გადაჭრით შემიძლია ვთქვა - მე პოლიტიკიდან არ წავალ.“
ცოტა ხნის წინ კი, ზოგიერთმა რუსულმა გამოცემამ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კრემლთან დაახლოებული ჟურნალისტების თქმით, შესაძლოა, პუტინმა, გამარჯვების შემთხვევაშიც კი, მედვედევს არ შესთავაზოს დაპირებული პრემიერის პოსტი.
„არგუმენტი ნედელის“ ინფორმაციით, ამბობენ, რომ ცოლ-ქმარი მედვედევები 100%-ით არ არიან დარწმუნებულები, რომ პუტინი თავის დაპირებას შეასრულებს. როგორც გაზეთი წერს, ახალი წლის დღეების შემდეგ ცოლ-ქმარი მედვედევები პატრიარქ კირილთანაც იყვნენ და ამ დელიკატურ საკითხში რჩევა და მხარდაჭერა სთხოვეს. გასაგებია, რომ შეუძლებელია, პუტინს ვერ გაეგო ამ შეხვედრის შესახებ და როგორც ამბობენ, ის უკმაყოფილო იყო. და საპასუხოდ, მაშინვე გააძლიერა კონტაქტები ე.წ. მართლმადიდებელ „ჩეკისტებთან“ - სანკტ-პეტერბურგის გუბერნატორთან პოლტავჩენკოსთან და რკინიგზის უფროსთან იაკუნინთან. პატრიარქს აჩვენეს, რომ პრემიერს, ეკლესიაში, დამოუკიდებელი რესურსები აქვს, მაგალითად, სინოდის ეკლესიისა და საზოგადოების განყოფილების ხელმძღვანელი დეკანოზი ჩაპლინი, რომელმაც სწორედ იმ პერიოდში განაცხადა, რომ ის, ვინც ხალხს მიტინგებზე ეპატიჟება, სასწრაფოდ ჯარში უნდა გაიწვიონ. გადარჩენილები ადამიანებად იქცევიან - თქვა ჩაპლინმა.
პარალელურად კი, პრესაში გამოჩნდა მასალები, რომლებშიც ჩინოვნიკები მედვედევის დისკრედიტაციას ცდილობენ. მაგალითად, რუსეთის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მედვედევმა იმედები გაუცრუა ახალგაზრდებს, რადგან ვერ შეასრულა პუტინის დავალებები. ასე რომ, მედვედევის ხელისუფლებიდან ჩამოშორება, შესაძლოა, სულაც არ მოხდეს გაჟღერებული სცენარით - წერს „არგუმენტი ნედელი“.
0