ცხინვალის „არჩევნებში“ რუსეთის „ფსბ“ ჩაერთო ცხინვალის „არჩევნებში“ რუსეთის „ფსბ“ ჩაერთო />


  17:48:34     26-01-2012

ცხინვალის „არჩევნებში“ რუსეთის „ფსბ“ ჩაერთო

a14569.jpg

რუსეთის სპეცსამსახურებმა ცხინვალის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მოიცალეს. „ფსბ“-მ ჩხრეკა ჩაატარა მოსკოვში, ოპოზიციონერი ჯამბულატ თედეევის ბინაში, რომელიც 25 მარტის განმეორებით არჩევნებში აპირებს მონაწილეობას.

თედეევი, რომელსაც დეკემბრის არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მისცეს, როგორც ჩანს, ამჯერადაც არასასურველი კანდიდატია და კოკოითის სავარძლისთვის ბრძოლაში პრობლემებს კვლავაც შეუქმნიან.

მით უფრო, რომ მას სახელმწიფო გადატრიალებაში ადანაშაულებენ. მისი ნათესავები აცხადებენ, რომ რუსეთის „ფსბ“-მ, მთედეევის სახლში ჩხრეკა ცხინვალის გენერალური პროკურატურის თხოვნის საფუძველზე ჩაატარა, თუმცა  უფრო მეტად სარწმუნო ის ვერსიაა, რომ ჯამბულტ თედეევი, ისევე როგორც ალა ჯიოევა, არა ცხინვალისთვის, არამედ კრემლისთვის არიან მიუღებელი პერსონები.

ოპოზიციონერის სახლზე „ფსბ“-ს შტურმის შემდეგ ახლობლებმა თედეევთან დაკავშირება ვეღარ შეძლეს, ის სავარაუდოდ, ხანგრძლივ დაკითხვაზე იმყოფებოდა, რათა „სახელმწიფო გადატრიალების“ მისეული ვერსია მოესმინათ. საქმე ეხება დეკემბრის თვეში ცხინვალის აარჩევნო კომისიის შენობასთან მომხდარ ინცინდენტს, როცა თედეევი მომხრეებთან ერთად ელოდა პასუხს - დაარაგისტრირებდნენ თუ არა ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატად. ოპოზიციონერები ამბობენ, რომ მაშინ დებოში და იარაღის ჟღარუნი არა თედეევმა, არამედ მთვრალმა გენპროკურორმა დაიწყო და კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება მოახერხა.

ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ მოსკოვს არ სურს ცხინვალის არჩევნების კონტროლი ხელიდან გაუშვას და კვლავაც არასასურველი პერსონების ჩამოცილებას აპირებს.

ვის მიემხრობა ამჯერად კრემლი, ჯერ უცნობია. წაგებული ანატოლი ბიბილოვი, რომელიც დეკემბრის არჩევნებში მოსკოვის ფავორიტი იყო, ოფიციალურად, პატრონებს, ჯერ არ დაუწუნებიათ, თუმცა კვლავ მისი კანდიდატურის წამოყენების შანსები, რასაკვირველია, ძალიან მცირეა.

ბრძოლის გაგრძელებას აპირებს ალა ჯიოევაც, მაგრამ ამ ქალბატონს აშკარად უჭირს პრინციპულობის შენარჩუნება. კოკოითის დროებითი შემცვლელის მიმართ წაყენებული ულტიმატუმის შემდეგ, რომ ვადიმ ბროვცევს მისთვის  გადაეცა ხელისუფლება, ჯიოევა კვლავ მასთან მოლაპარაკებას დათანხმდა, შემდეგ კი ისევ დაიმუქრა, რომ აღარანაირ სხვა არჩევნებს არ სცნობს და იანვრის ბოლოს, როგორც უკვე ერთხელ ჩატარებულ არჩევნებში გამარჯვებული, თავისი ინაუგურაციის თარიღსაც გამოაცხადებს.

ჯიოევას მომხრეები არც მიტინგების განახლებაზე იტყვიან უარს, ვიდრე ხელისუფლებას არ გადასცემენ. მით უმეტეს, რომ ჯიოევას უკვე მომზადებული აქვს არა მარტო ინაუგურაციაზე დასასწრები მოსაწვევები, არამედ პირველი განკარგულებებიც, რომელიც ამნისტიის გამოცხადებას, უსახლკაროთა საცხოვრებლით დაკმაყოფილებას და დაუყოვნებლივ ჰუმანიტარული დახმარების დარიგებას შეეხება.

რა და ვინ სურს კრემლს ცხინვალში, ალბათ, მალე გაირკვევა, თუ რა თქმა უნდა, მოსკოვმა, გლობალური საგარეო და საშინაო პრობლემების ფონზე, ამისთვის, საერთოდ, მოიცალა. თუ არადა, როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, ოკუპირებული რეგიონი კვლავ იმ რუსი ჩინოვნიკების კურატორობის ქვეშ დარჩება, რომლებმაც რეგიონის მოსახლეობისათვის გამოყოფილი რუსული ფული კარგად „აითვისეს“ და რომლებიც ახლაც შეეცდებიან, რომ ეს „ოქროს ორმო“ არ დაკარგონ, მოსახლეობას კი ისღა დარჩება, რომ მხოლოდ მათი კარგად ყოფნის ცქერით დატკბეს.

0

ავტორი: