16:05:19     26-01-2012
დავით ბაქრაძე: რუსეთს პროვოკაციების საშუალება აღარ ექნება

პარლამენტის თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის შეფასებით, ბარაკ ობამასა და მიხეილ სააკაშვილის შეხვედრა მნიშვნელოვანი მოვლენაა. მისი თქმით, ვიზიტის ფარგლებში, პრეზიდენტები საქართველო-ამერიკის თანამშრომლობასა და ნატო-საქართველოს ურთიერთობაზე იმსჯელებენ. დავით ბაქრაძე განსაკუთრებულ ყურადღებას ჩიკაგოს სამიტზე ამახვილებს და ამბობს, რომ ვიზიტი დროში ჩიკაგოს სამიტს ემთხვევა და ქართული მხარე, ელის, რომ სამიტზე საქართველო კონკრეტულ სიგნალს მიიღებს, რომლითაც ნატოს გაწევრიანების გზაზე, ქვეყნის პროგრესი დადასტურდება. „პრესა.ჯი-ს” კითხვებს, დავით ბაქრაძე პასუხობს:
– რა საკითხებზე იმსჯელებენ საქართველო-ამერიკის პირველი პირები და ამ ვიზიტისგან, რას ელით?
– პირველ რიგში, ეს შეხვედრა იმით არის გამორჩეული, რომ საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტია, რომელიც ამერიკის მხარის მოწვევითY და ინიციატივით იმართება. ამიტომ, როგორც შესაბამის ვიზიტს შეეფერება, შეხვედრაზე ის საკითხები იქნება განხილული, რომელიც ამერიკა-საქართველოსთვის მნიშვნელოვანია. კერძოდ, ეს იქნება ორმხრივი ურთიერთობის საკითხები, რომელიც მოიცავს უსაფრთხოებას, ეკონომიკას, რეგიონულ პროექტებს, ადამიანებს შორის კონტაქტის განვითარებას, კულტურულ სფეროს და ბუნებრივია, საუბარი რეგიონულ უსაფრთხოებაზე - ავღანეთზეც იქნება.
ჩვენ არაერთხელ მოგვისმენია შეერთებული შტატების პოზიცია, რომ ამერიკა იმ წვლილისთვის მადლიერია, რომელიც საქართველოს ავღანეთის ოპერაციაში შეაქვს. ამერიკა და საქართველო მოქმედებენ, როგორც მოკავშირეები.
– შეხვედრაზე, ამერიკა-ისრაელი-ირანის კონფლიქტთან დაკავშირებით თუ იქნება საუბარი და ამ დაპირისპირებაში საქართველო რა პოზიციას დაიკავებს?
– რეგიონალური უსაფრთხოების კონტექსტში არ გამოვრიცხავ, რომ საუბარი ირანისა და სხვა რეგიონის სახელმწიფოებსაც შეეხოს, მაგრამ ის ვარაუდი, რომელიც ამ დღეების განმავლობაში, ქართველი ექსპერტების მხრიდან იყო, ვფიქრობ, რომ მკვეთრად დრამატიზებულია და პირადად, მე ვითარების ასეთ დრამატიზებას არ მოვახდენდი.
– გარდა ამ შეხვედრისა, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით, ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონიც ეწვევა. ამ რანგის შეხვედრები, ჩიკაგოს სამიტზე რა გავლენას მოახდენს და მოსალოდნელია თუ არა საქართველო-ნატოს თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასვლა?
– ეს ვიზიტები დროში ჩიკაგოს სამიტს ემთხვევა და ველით, რომ სამიტზე საქართველო მკაფიო გზავნილს იმის თაობაზე მიიღებს, რაც ნატოს გენერალურმა მდივანმა, აშშ-ს ადმინისტრაციისა და სხვა ქვეყნების წარმომადგენლებმა განაცხადეს, ის რომ საქართველო, როგორც არასოდეს ისე ახლოსაა ნატოსთან. ამიტომ, ჩვენ ხვდებით, რომ ამის დადასტურება ჩიკაგოს სამიტი გახდება და საქართველო კონკრეტულ სიგნალს მიიღებს, რომლითაც ნატოს გაწევრიანების გზაზე, ჩვენი პროგრესი დადასტურდება. ბუნებრივია, რომ ნატო-საქართველოს ურთიერთობა, პრეზიდენტების შეხვედრისა და ქალბატონი კლინტონის ვიზიტის დროს, ძირითადი განსახილველი თემა იქნება.
– ობამა-სააკაშვილის შეხვედრის ანონსს, რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის საქართველოში განთავსებასთან დაკავშირებით, ვლადიმერ პუტინის განცხადება მოჰყვა. ზოგადად, პოლიტიკურ არენაზე, საქართველოს მიერ, წარმატებული სვლის შემდეგ, რუსეთი პროვოკაციებს მიმართავს. თუ ეს შეხვედრები შედეგის მომცემი იქნება, რუსეთისგან რა რეაქციას ელით?
– საქართველო-ამერიკის ურთიერთობა რაც უფრო განვითარდება, რუსეთს პროვოკაციების განხორციელების საშუალება მით უფრო ნაკლები ექნება. რუსეთის პრემიერმა თუ ნებისმიერმა სხვა თანანმდებობის პირმა, რაც არ უნდა განაცხადოს, ასეთი მუქარისა და შანტაჟის გამო, აშშ-სთან ურთიერთობა და ნატოში ინტეგრაცია არ უნდა შევწყვიტოთ. უნდა გვესმოდეს, რომ თუ შანტაჟს დავემორჩილებით, მაშინ, საქართველო, მუდმივად, შანტაჟისა და რუსეთთან პროვოკაციების თემა იქნება. ერთადერთი გზა, წინ სიარული და ამერიკასთან ჩვენი ურთიერთობების გაღრმავებაა. ასეთ შემთხვევაში, რეალურად მივაღწევთ დაცულობას, უსაფრთხოებასა და თავისუფლებას, როგორც ბალტიის სახელმწიფოების შემთხვევაში მოხდა. ასეთი ტიპის განცხადებები და შანტაჟები, ჩვენთვის უნდა გახდეს არაშემაფერხებელი, არამედ პირიქით, მოტივაცია, რომ დასავლურ სამყაროსა და ევროატლანტიკურ ინსტიტუციებს დავუახლოვდეთ.
0