მუხრან მაჭავარიანის „საბა“ მუხრან მაჭავარიანის „საბა“ />


  15:07:36     26-01-2012

მუხრან მაჭავარიანის „საბა“

a14564.jpg

1725 წლის 26 იანვარს (ახალი სტილით 6 თებერვალს), მოსკოვში, დიპლომატიური მისიის შესრულებისას გარდაიცვალა დიდი ქართველი მამულიშვილი, სულხან-საბა ორბელიანი.

შეიძლება ეს თარიღი 6 თებერვალს უნდა აღგვენიშნა, თუმცა რა მნიშვნელობა აქვს, 6 თებერვალსაც აღვნიშნოთ, განა ესეც საკმარისი იქნება დიდი მამულიშვილის დასაფასებლად?

დიდ ქართველ მწერალს, პოლიტიკურ მოღვაწეს, მეცნიერს, დიპლომატს სულხან-საბა ორბელიანს მშობლიურ მიწაში დაკრძალვა არ ეღირსა. ქართველებმა ვიცოდით, რომ მისი საფლავი იყო ვსესვიატსკოეში (Всехсвятское ანუ Всесвятское), მოსკოვში. ვსეხსვიატსკოეს ტაძრის სასაფლაო არა ერთზის განადგურებულა და საფლავის ქვები არა ერთხელ გადაუტანიათ სხვადასხვა ადგილას, ბევრი კი დაიმტვრა (თუ დაამტვრიეს), ჯერ კიდევ XIX საუკუნეში.

რამდენიმე ხნის წინ გავიგეთ, რომ ვსესვიატსკოეში კიდევ მოხდა ვანდალიზმი და განსასვენებლები კიდევ ხელყვეს. შეიძლება ვეღარავინ მიაგნოს ჩვენი დიდი მამულიშვილის ნეშტს.

სულხან-საბა ორბელიანი დიპლომატიურ დავალებას ასრულებდა, ვახტანგ VI-ის დავალებით გაემგზავრა ევროპაში პოლიტიკური დახმარების მისაღებად. ეახლა საფრანგეთის მეფე ლუდოვიკო XIV-ს და რომის პაპს კლიმენტი XI-ს, მისი დიპლომატიური მისია მარცხით დამთავრდა.

თანამედროვე ეპოქაში, ელჩობა და დიპლომატობა პრესტიჟული და საპატიო თანამდებობაა, რომელიც კარგად ცხოვრების საშუალებასაც აძლევს ადამიანს. სულხან-საბა ორბელიანის ელჩობა კი, იმ არეულ და ველურ პერიოდში, უაღრესად რთული საქმე გახლდათ.

ჩვენმა დიდმა მწერალმა უამრავი განსაცდელი გამოიარა. უკვე ასაკიანს, უამრავი გაჭირვების, ძალმომრეობის, ძარცვისა და შეურაცხყოფის გადატანა მოუწია სანამ დაბრუნდებოდა სამშობლოში, თანაც გზაში გაცივდა... სამშობლოშიც ბევრი პრობლემა შეექმნა.

დადიოდა ევროპაში მოხუცი, დაღლილი, მაგრამ სამშობლოსათვის დაუღალავი ორბელიანი, ასაკიანი, მაგრამ საქართველოსათვის ჯიუტად მუხლმაგარი მამულიშვილი, დაავადებული, მაგრამ მშობელი ხალხისათვის თავდადებული შვილი... დადიოდა და ქრისტიანული ქვეყნის გადარჩენას სთხოვდა გაზულუქებულ ხელმწიფეებს. ხავს ეჭიდებოდა საქართველო, ხავს ეჭიდებოდა მეფე, ხავს ეჭიდებოდა ორბელიანი...

გავიდა დრო, იქნებ ახლაც, საქართველოს გაჭირვების ჯამს, ადამიანებს ეხმიანება და ყველას ეუბნება - „დაეხმარეთ საქართველოს“... იქნებ 2008 წლის აგვისტოში ფრანგი სარკოზის საქციელზე გავლენა იქონია მისმა ლოცვამ, იქნებ თან ახლდა საქართველოში გამომგზავრებულ საფრანგეთის ახალ „ხელმწიფეს“. იქნებ, იმავე 2008 წლის აგვისტოში რომ განაცხადა რომის პაპმა: „იმედია, ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველო გადარჩებაო“, სულხან-საბას აჩრდილი დასტრიალებდა თავს, ან მისი (სხვებთან ერთად) შრომის ნაყოფიც იყო ეს...

თუ ადრე ვერ გაუგეს ჩვენს წინაპრებს, ამით მათი საქმე არ დამთავრებულა, მათს ღვაწლს უკვალოდ არ გაუვლია, სამყაროში არაფერი იკარგება, შრომას, თავდადებას ნაყოფი მოჰყვება...

იმედია, მუხრან მაჭავარიანი მართალია და  „მუხა კვლავაც შეიმოსება“. იმედია, გაიგებს დასავლეთი საქართველოს მნიშვნელობას ჯეროვნად.

რაც მთავარია, ჩვენ უნდა დავეხმაროთ საქართველოს - ქართველები! ახლა მაინც ნუ გავყიდით პატარებს უცხოეთში, ახლა მაინც ნუ გავყიდით სამშობლოს ინტერესებს!

მუხრან მაჭავარიანის ლექსი კარგად გამოხატავს იმ განწყობას, რასაც, ალბათ, გამიცდიდა ორბელიანი ევროპაში მოგზაურობისას...

საბა

ორბელიანი
ლუდოვიკო მეთოთხმეტესთან
ალოდინეს და…
მეთხუთმეტე კაცად შევიდა…

ცამეტი ლუდოვიკო
კედლიდან იყურება;
ციცას ეფერება
ლუი მეთოთხმეტე;
ხალხს ხმა დაუკარგა
მეფის სიყრუემა,
მეფეს ხალხზე უფრო
კატა ეცოდება.

ხელმწიფემ
საბას ნაუბარი
მოისმინა რა,
– ოჰ…
ოჰ…
ოჰ…
ოჰო!… –
თქვა და
თითქოს კიდეც ინანა.

მაგრამ ამითი
არაფერი
გამოვიდა რა
(საბას ხმა
როდი წააგავდა
კნავილს კატისას);
რაც შეიტანა,
ისევე ის გამოიტანა
იმ სახელგანთქმულ ვერსალიდან
ელჩმან ქართლისამ.

– წვიმა არ არი!
საბას კაბა
დაუსველა რამ?!
– თოვლი არ არი!
საბას თავი
გაუთეთრა რამ?!
– ყინვა არ არი!
სულხან-საბას
აკანკალებს რა?!

– რამ დაასველა?!
რამ დათეთრა?!
რა აკანკალებს?!
საქართველოა
მისთვის წვიმაც,
თოვლიც და ყინვაც!..

…მზე ეთხოვება
ალბათ ახლა
ტურფა ტანძიას…
ეს სიცხადეა,
სულხან-საბავ,
თუ ფანტაზია?!
დედის ცრემლები
ყაყაჩოს და ბალახებს აწვიმს,
ალვის ჩეროში
სტირის დედა
შვილს მოტაცებულს,
სტამბოლში
შვილი დედას სტირის, -
ჰყიდიან ყმაწვილს
(სჭვრეტენ ჯვარის წინ
წმიდა ნინოს –
მუხლზე დაცემულს).

– რამდენს აფასებ მაგ პატარას? –
ჰკითხა სპარსულად
საბამ სპარსელს და
მოუთმენლად ელოდა პასუხს.
– უი, ქართველი მეგონა და
სპარსი ყოფილა, -
წარმოსთქვა ბალღმა,
ყური მოჰკრა რა საბას სპარსულს.

– არა, პატარავ,
ქართველი ვარ,
ქართველი,
გესმის?
– უი, დედასთან წამიყვანე,
წამიყვან, ძია?.. –
საბას ცრემლები მოეძალა,
ატირდა კაცი, -
თავის ბალღობა გაახსენდა,
თავის ტანძია.

ვით ეს ყმაწვილი –
საქართველოც
ასე მცირეა,
საქართველოსაც,
ვით ამ ყმაწვილს,
ასე ჰყიდიან;

საფრანგეთს ვთხოვოთ:
გვიშველისო,
– სასაცილოა!
შენი ვხტანგი
ლუდოვიკოს
ფეხზე ჰკიდია.

ასე ფიქრობდა სულხან-საბა
ხელჯოხიანი;
მხარდამხარ საბას
ის პაწია ბიჭი მოსდევდა…
– მოგწყინდა განა უნაყოფოდ,
ელჩო, ყიალი?!
– გულს ნუ გაიტეხ!
– მუხა კვლავაც შეიმოსება!

0

ავტორი: