რუსები შეშფოთდნენ - ამერიკელმა ელჩმა „რევოლუციის მუზეუმი“ დაათვალიერა... რუსები შეშფოთდნენ - ამერიკელმა ელჩმა „რევოლუციის მუზეუმი“ დაათვალიერა... />


  21:51:54     25-01-2012

რუსები შეშფოთდნენ - ამერიკელმა ელჩმა „რევოლუციის მუზეუმი“ დაათვალიერა...

a14540.jpg

პუტინ-მედვედევის პარტია „ედინაია როსია“ ამერიკის ელჩის მაიკლ მაკფოლის მიმართ საპარლამენტო გამოძიების დაწყებას ითხოვს.  მოსკოვში ეჭვი აქვთ, რომ მაკფოლი, რუსეთში „ფერადი რევოლიციის“ მოსაწყობად არის წარგზავნილი. როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარის მოადგილემ ანდრეი ისაევმა განაცხადა, მაკფოლი ცინიკურად იქცევა.

მაკფოლს ვერ პატიობენ, რომ მოსკოვში ჩასვლისთავანვე ის ოპოზიციას შეხვდა. თუმცა ამერიკელი ელჩის მიმართ, რუსეთში ეჭვები მისი დანიშვნისთანავე გაჩნდა, რადგან მაკფოლს აქ „ფერადი რევოლუციების სპეციალისტს“ უწოდებენ.

ისაევის თქმით, სწორედ მაკფოლმა დაუჭირა მხარი ოპოზიციონერებს, რომ თავის სიმბოლოდ ექციათ თეთრი ლენტი, რომელსაც ედინოროსელები „ნაციონალური კაპიტულაციისა და ღალატის სიმბოლოს“ უწოდებენ; მან, ასევე დახურული შეხვედრები გამართა გამოჩენილ ოპოზციონერებთან, მათ შორის ნემცოვთან, ჩირიკოვთან, შიბანოვასთან. ხელისუფლების მიერ კონტროლირებადმა პირველმა არხმა, იმავე საღამოს ამ შეხვედრას სიუჟეტი მიუძღვნა - „აშშ-ს საელჩოში ინსტრუქციები მიიღეს“.

მოსკოვში კარგად ახსოვთ, მაკფოლის მიერ 2001 წელს დაწერილი წიგნი  „დაუმთავრებელი რუსული რევოლუცია“ და შიშობენ, რომ ელჩი რუსეთში სწორედ ამ რევოლუციის დასასრულებლად ჩავიდა.

ამ ისტერიის შემდეგ, მაკფოლი იძულებული გახდა განცხადებით დაემშვიდებინა აჟიტირებული პოლიტიკოსები, რომ არანაირი რევოლუციის ორგანიზებისთვის არ ემზადება. ზოგიერთი ექსპერტის თქმით, მაკფოლზე თავდასხმა კრემლის წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია, რომლითაც უჩვენებენ, რომ მოსკოვს არ ეშინია ამერიკის და ბრძოლისთვისაც მზად არის.

რუსეთის მმართველი ელიტის შიშები უკვე სერიოზულობის საზღვრებს გასცდა. მაკფოლის ნებისმიერი ქმედება, რევოლუციის სამზადისად აღიქმება. ასე იყო 22 იანვარსაც, როცა ელჩი რუსეთის „რევოლუციის მუზეუმს“ ესტუმრა და როგორც შენიშნეს, „განსაკუთრებული ინტერესით შეისწავლა 1917 წლის რევოლუციის ამსახველი ექსპოზიცია“. მაკფოლის მუზეუმში ყოფნის ყველაზე „ამაღელვებელი მომენტი“ კი ის იყო, რომ ელჩის დაჯავშნული მანქანა მუზეუმის შენობასთან 1917 წლის რევოლუციის დროინდელი ჯავშანმანქანის გვერდით იდგა.  ამაში რუსებმა სიმბოლური მინიშნება ამოიკითხეს.

თუ მაკფოლი „ასე მოქმედებას“ გააგრძელებს, მოსკოვი იძულებული გახდება საპასუხო ზომები მიიღოს და ვთქვათ, არ დაუშვას ის იმ სახელისუფლო წრეებში, რომელთან შეხვედრებიც, ზოგადად, ელჩების უშუალო სამსახურებრივი მოვალეობაა.

როგორც ჩანს, რუსეთში მართლაც სერიოზულად არიან შეშინებულები საპროტესტო განწყობილებებითა და შესაძლო რევოლუციით, მით უფრო, რომ 4 თებერვალს, ოპოზიციის კიდევ ერთი გრანდიოზული აქციაა დაგეგმილი.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი გაკვირვებულია მოსკოვური ისტერიკით. ეს ნორმალური პრაქტიკაა, როცა ელჩი სამოქალაქო საზოგადოებასა და არასამთავრობოებს ხვდება, სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-მდივნის ვიქტორია ნულანდის განცხადებით კი აშშ-ის ადმინისტრაცია მაკფოლისგან რუსეთის სამოქალაქო საზოგადოებასთან აქტიურ თანამშრომლობას მოელის. მისივე თქმით, მაკფოლი „დემოკრატიის ექსპერტიც“ არის და ამდენად, მოსკოვის შიშები საფუძველს მოკლებულია.

თუმცა კრემლისთვის „დემოკრატიის ექსპერტობა“ უკვე საშიში სტატუსია და ამიტომაც, თითქმის დარწმუნებულები არიან, რომ „მაიკლი რუსეთში ჩავიდა, რათა მოქალაქეებს ფერადი რევოლუციის მოწყობა ასწავლოს“.

0

ავტორი: