20:08:55     25-01-2012
მედვედევი დადის და სააკაშვილზე ლაპარაკობს...

რუსეთში ისევ საქართველოზე და მიხეილ სააკაშვილზე ლაპარაკობენ. დიმიტრი მედვედევი ამ თემას ამჯერად, მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებთან შეხვედრისას შეეხო და განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა აღადგინოს დიპლომატიური ურთიერთობა საქართველოსთან, ისაუბროს საქართველოს ყველა პოლიტიკურ პარტიასთან, მხოლოდ ერთის - მიხეილ სააკაშვილის გამოკლებით.
„ჩვენ აბსოლუტურად მზად ვართ, რათა აღვადგინოთ დიპლომატიური ურთიერთობები, ის ხომ ჩვენ არ შეგვიწყვეტია. ჩემთვის არის მხოლოდ ერთი ადამიანი, რომელთანაც არ მსურს საქმე მქონდეს, - თქვენ თავად გესმით, ვისზეც ვლაპარაკობ, მე მას არც კი შევხვდები და ხელსაც არ გავუწვდი“ - განაცხადა მედვედევმა.
ჯერჯერობით, რუსული გაზეთები არ წერენ, რა კონტექსტში დაიწყო მედვედევმა საქართველოს პრეზიდენტზე საუბარი, თუმცა ბოლო პერიოდში, რუსეთში პრეზიდენტისა თუ პრემიერ-მინისტრის მნიშვნელოვანი შეხვედრების ერთ-ერთი მთავარი თემა, კონტექსტის გარეშეც, უკვე, ტრადიციულად, საქართველოა. პუტინი და მედვედევი უეცრად მოვიდნენ განწყობაზე, რომ ქართველი ხალხი მათთვის ძვირფასია და „გაუცხოების“ პრობლემა უნდა გადაჭრან:
„ძალიან მინდა, რომ ეს გაუცხოება, რაც შეიძლება, მალე დასრულდეს. რა გავაკეთეთ უკანასკნელ ხანს: აღვადგინეთ ავიასატრანსპორტო კავშირი. ეხლა, რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების ფარგლებში, უფრო ენერგიულად მოხდება პროდუქციის გაცვლა და ადამიანური კავშირებიც უნდა გამარტივდეს, მაგრამ აუცილებელია, რომ იყოს შემხვედრი ქმედებები ქართული ხელისუფლების მხრიდან“.
რომელ სასურველ ქართულ ხელისუფლებაზე საუბრობს მედვედევი, ძნელი სათქმელია, რადგან დღევანდელ ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილი ხელმძღვანელობს, რომლის ხსენებაც კი კრემლს შოკში აგდებს.
სწორედ ამ კითხვას, ნაწილობრივ, პასუხი გასცა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ, რომელმაც სტრასბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ქართული მხარე არასოდეს ამბობდა უარს რუსეთთან მოლაპარაკებებზე.
„ჩვენ მოლაპარაკებებისთვის მზად ვართ ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილზე. თუმცა, პირველ რიგში, ჩვენ უნდა ვიცოდეთ ამ მოლაპარაკებების მიზანი და სტრუქტურა“ - განაცხადა მინისტრმა.
სხდომის მსვლელობისას ერთ-ერთი დეპუტატი დაინტერესდა, - რამდენად შესაძლებელია დიალოგი, თუკი რუსული მხარე უარს ამბობს საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებასთან კონტაქტზე?
გრიგოლ ვაშაძემ ამასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ „რუსეთის ხელისუფლებას არ სურს ისაუბროს საქართველოს ხელისუფლებასთან, რომელიც დემოკრატიული გზითაა არჩეული. მე გარწმუნებთ, რომ 2012-2013 წლის არჩევნების შემდეგაც, როცა საქართველოში ახალი ხელისუფლება იქნება არჩეული, მოსკოვი არც იმასთან ილაპარაკებს, რადგანაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარებით, ის კატასტროფიულ იურიდიულ ჩიხში მოექცა“ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
0