16:28:05     25-01-2012
რატომ კლავენ მეუღლეებს საქართველოში?

დღეს დილით, თბილისში თემქის რაიონში 1976 წელს დაბადებულმა ლაშა შურღაიამ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დანით გულმკერდის არეში სამი ჭრილობა მიაყენა მეუღლეს, 1978 წელს დაბადებულ მაია ჩილაჩავას, რომელიც მიღებული დაზიანების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. მსგავსი ფაქტები საქართველოში სამწუხაროდ არცთუ იშვიათია. ოჯახურ ძალადობასთან ბრძოლა ისევე, როგორც საქართველოსთვის მსოფლიოშიც, ერთ–ერთი პრიორიტეტია, თუმცა ოჯახური ძალადობის ფატალური შედეგები საქართველოში მაინც მრავლადაა, მსხვერპლი კი უმეტეს შემთხვევაში ქალია.
შს სამინისტროს ინფორმაციაზე დაყრდნობით მომზადებული, სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით, გასული წლის 9 თვეში საქართველოში რეგისტრირებულია მოძალადე 14 ქალბატონი და 177 მამაკაცი. ძალადობის მსხვერპლი გახდა 184 ქალი, 23 მამაკაცი. აქედან ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისშია გამოვლენილი, თუმცა აღნიშნული მაჩვენებელი რეალურ სურათს ვერ ასახავს, რადგან ქართველები ოჯახური ძალადობის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს იშვიათად მიმართავენ და მიიჩნევენ, რომ ოჯახური ძალადობა ეს მათ მიერ მოსაგვარებელი პრობლემაა. ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა და მოძალადეთა რაოდენობის შესახებ ასაკობრივ ჭრილში სტატისტიკური მონაცემები ასე გამოიყურება: 2011 წლის სამ კვარტალში გამოვლენილია 16 წლამდე 10 მოძალადე, 17–დან 24 წლამდე 5 მოძალადე და 27 მსხვერპლი. 25–დან 44 წლამდე 111 მოძალადე და 98 მსხერპლი, 45 წელს ზემოთ 75 მოძალადე და 72 მსხვერპლი.
ცხადია, ოჯახის წევრთა მკვლელობები მხოლოდ ოჯახური ძალადობის გაგრძელება არ გახლავთ, ხშირად იგი ფინანსური, ეჭვიანობის თუ სხვა მოტივითაც ხდება. გასული წლის ბოლოს, 1966 წელს დაბადებულმა ვარდან ვანციანმა 5 თვის ფეხმძიმე მეუღლე განსაკუთრებული სისასტიკით მოკლა. მან სახლიდან აიღო ხანჯალი, შევიდა პირუტყვის სადგომში და მეუღლეს – ელმირა ვანციანს მიაყენა ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ხასიათის მრავლობითი ჭრილობა: კისრის მარჯვენა ზედაპირზე, გულ-მკერდის, მუცლის, მარცხენა მხრის, მარცხენა მუხლის არეში, ფილტვების, ღვიძლის, წვრილი ნაწლავების და საშვილოსნოს დაზიანებებით, საიდანაც თერთმეტი ჭრილობა სიცოცხლისათვის სახიფათო იყო. ელმირა ვანციანი მიყენებული ჭრილობების შედეგად ადგილზევე გარდაიცვალა.
გასულ წელს საზოგადოების ყურადღება მიიპყრო საფრანგეთში მომხდარმა მკვლელობამ. პოლიციამ, სენტ-ეტიენის მახლობლად, ტყეში, 25 წლის ინგა ვაჭარია ყელგამოჭრილი იპოვა. საფრანგეთის სასამართლომ ინგა ვაჭარიას მკვლელობაში ბრალდებულად მისი მეუღლე – ალუდა გასვიანი ცნო. როგორც გამოძიებით დადგინდა მან საკუთარი მეუღლე დანით დაჩეხა და შვილთან ერთად მიიმალა.
მარტვილის რაიონის სოფელ კურზუში მეუღლეებს შორის დაწყებული ჩხუბი მკვლელობით დასრულდა. 72 წლის ამირან ფიჩხაიამ მეუღლე - 60 წლის მარუსია თოლორდავა თავში ნაჯახის ჩარტყმით მოკლა.
მსგავსი კონფლიქტის მსხვერპლი გახლდა ზესტაფონის რაიონის სოფელ სვირში 26 წლის ნანა გამრეკელაშვილი, რომელსაც მეუღლემ ცივი არაღით, ყელის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. მკვლელობის შემდეგ ილია ნაჭყებია სახლიდან გაიქცა, მოგიანებით კი პოლიციას თავად ჩაბარდა. ქართველი ქალბატონი თურქი მეუღლის მსხვერპლი გახდა თურქეთში. 55 წლის იბრაჰიმ გიუზენლიმ 47 წლის ქართველი მეუღლე – ნანა გიუზენლი მოკლა, შემდეგ კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
ოჯახური კონფლიქტების მსხვერპლი მხოლოდ ქალები არ არიან. ცხადია, სტატისტიკურად ეს მაჩვენებელი შედარებით ნაკლებია, მაგრამ არის შემთხვევები, როცა ცოლები კლავენ ქმრებს. ცოტა ხნის წინ, სწორედ ასეთი მკვლელობა გახსნა შს სამინისტრომ და ეკიზბარ გოჯიევი და ფირანგიზ ალიევა დააკავა. როგორც გამოძიებით გაირკვა, მათ ერთმანეთი 2009 წელს გაიცნეს და მას შემდეგ ხშირად ხვდებოდნენ. შეყვარებულმა წყვილმა, რაფიკ ალიევის მოკვლა გადაწყვიტა იგი მეუღლემ დიმედროლითა და ოპტიმალით გააბრუა, შემდეგ კი იგი ეკიზბარ გოჯიევთან ერთად ფანჯრიდან გადაიტანა და პირუტყვის სადგომში ჩამოახრჩო. დამნაშავე წყვილის განმარტებით, მათ ერთად, მშვიდად ცხოვრება სურდათ და ალიევის თავიდან მოცილებაც ამიტომ გადაწყვიტეს.
10 წლით თავისუფლება აქვს მისჯილი 15 წლის ელენე ჯავახიას მეუღლის მკვლელობისთვის. ერთთვიანი თანაცხოვრების შემდეგ, ჯავახიამ მეუღლე დანით მოკლა. როგორც ბრალდებულის ჩვენებიდან ირკვევა, გათხოვების შემდეგ, მას ძველი მეგობარი ოჯახის დანგრევას და ცოლად მოყვანას სთავაზობდა. მეუღლეებს შორის ეჭვიანობის ნიადაგზე კამათი ხშირად ხდებოდა. უკანასკნელი კამათი კი ფატალური შედეგით დასრულდა.
20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ინგა წულაძეს მეუღლის შეკვეთილი მკვლელობისთვის. გამოძიებით დადგენილია, რომ ოჯახური კონფლიქტის გამო, ინგა წულაძემ მისი მეუღლის, გიორგი წულაძის მოკვლა გადაწყვიტა. ქილერს – ზურაბ სოლომონიშვილს იგი ბავშვის ძიძის – ელენე თუშიშვილის მეშვეობით დაუკავშირდა. სოლომონიშვილმა წულაძის გადაადგილების მარშრუტი შეისწავლა, ჩაუსაფრდა მას და ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, რაშიც ინგა წულაძისგან გასამრჯელოდ 5 000 დოლარი აიღო.
0