რობერტ ბერნსის „ვინც რა უნდა თქვას“ რობერტ ბერნსის „ვინც რა უნდა თქვას“ />


  13:52:11     25-01-2012

რობერტ ბერნსის „ვინც რა უნდა თქვას“

a14532.jpg

25 იანვარი შოტლანდიელი ხალხისათვის დღესასწაულია - დიდი შოტლანდიელი პოეტის, ფოლკლორისტისა და პატრიოტის, რობერტ ბერნსის (Robert Burns, გელურად - Raibeart Burns) დაბადების დღე, ის აღინიშნება მთელს შოტლანდიაში და მსოფლიოში, მისი პოეზიის თაყვანისმცემლების მიერ  - Burns supper.

XVIII საუკუნე შოტლანდიური კულტურის აღმავლობის ხანაა. ამ  მოვლენის დაგვირგვინებად ითვლება რობერტ ბერნსის შემოქმედება. მან საბოლოოდ დაუმკვიდრა ეკლესიისა და სახელმწიფოს სტრუქტურების მიერ უარყოფილ „ჩრდილოურ დიალექტს“ თავისი ადგილი პოეზიაში, ისევ აქცია შოტლანდიური ენა, - რომელიც უკვე ინგლისურის დიალექტად ქცეულიყო, - პოეზიის ენად.

როგორც ვთქვით, დიდი პოეტი დაიბადა 1759 წლის 25 იანვარს პატარა დაბა ალოუეიში, ეირშირის საგრაფოს ქალაქ ეირთან (გელურად Inbhir Àir) ახლოს. მამამისი, უილიამ ბერნესი (William Burness) ღარიბი გლეხი იყო. ოჯახს უჭირდა. მომავალი პოეტი უფროსების მხარდამხარ შრომობდა.

1783 წლიდან წერდა ლექსებს. 1784 წელს გარდაიცვალა პოეტის მამა. რობერტმა სცადა მეურნეობისათვის მიეხედა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. 1786 წელს გამოვიდა მისი პირველი წიგნი: „პოემები, უმეტესად შოტლანდიურ დიალექტზე“ („Poems, Chiefly in the Scottish dialect“... ამას მოჰყვა სხვა წიგნებიც. მალე მთელს შოტლანდიაში გაითქვა სახელი.

რობერტ ბერნსს პატიოსანი სიღარიბის მომღერალს უწოდებენ. მისი აზრით, უბრალო, ღარიბი ადამიანები, მიუხედავად იმისა, რომ საჭმელით აკლიათ, სასმელიც, ტანსაცმელით, უფრო მეტად მორალურნი და ხშირ შემთხვევაში გონიერნიც არიან, ვიდრე გაქსუებული დიდკაცები. ამაზეა ლაპარაკი იმ ნაწარმოებშიც, რომელსაც დღეს ვთავაზობთ მკითხველს. ამავე ნაწარმოებში არისტოკრატიული წოდებების გაუქმება, ადამიანთა გათანასწორებაც იწინასწარმეტყველა.

ბერნსის პოეზია ძალიან შეუყვარდა უბრალო ხალხს, ის მათთვის გასაგებ ენაზე წერდა, მათთვის გასაგებ პრობლემებზე, მათ უმღეროდა. ის ხომ უბრალო შოტლანდიელების ფოლკლორით და ცხოვრებისეული სიბრძნით აღზრდილი პოეტი გახლდათ. სწორედ ამაში ხედავდა გოეთე მისი პოეზიის სიდიადის საიდუმლოს.

1787 წელს გადავიდა ედინბურგში. იქ გაიცნო ფოლკლორისტი ჯეიმს ჯონსონი, რომელთან ერთადაც გამოსცემდა კრებულს: „შოტლანდიური მუსიკალური მუზეუმი“ („The Scot’s Musical Museum“). ამ გამოცემაში გამოაქვეყნა მის მიერ გადამუშავებული არა ერთი შოტლანდიური ბალადა და თავისი ნაწარმოებები.

ცოტაოდენი ქონებაც დააგროვა. უნდოდა თავისი პატარა ქონება ფერმაში დაებანდებინა, მაგრამ ყველაფერი დაკარგა. 1791 წელს დაიწყო მუშაობა აქციზების შემგროვებლად.

ჰყავდა სამი ქორწინების გარეშე შობილი ქალიშვილი. 1787 წელს დაქორწინდა თავის ძველ შეყვარებულზე - ჯინ არმორზე, რომელთანაც შეეძინა ხუთი შვილი.

პოეზიისთვის უფრო მეტს მოიცლიდა, რომ ჰქონოდა საარსებო შემოსავალი, სამუშაო კი ბევრ დროს ართმევდა. მაინც ღარიბად ცხოვრობდა. სიკვდილამდე ერთი კვირით ადრე, ვალების გამო, კინაღამ ციხეში მოხვდა,

დიდი პოეტი გარდაიცვალა 1796 წლის 21 ივლისს დამფრისში, 37 წლის ასაკში. ერთ-ერთ მიზეზად, დაავადებებთან ერთად, ბავშვობაში გაწეული მძიმე ფიზიკური შრომა მიაჩნიათ ბიოგრაფებს.

ვინც რა უნდა თქვას, რაგინდ რა იყოს

(შოტლანდიური დიალექტიდან თარგმნა თამარ ერისთავმა)

კაცს პატიოსანს თუ სიღარიბე
და არ ქონება გეთაკილება,
ზიზღის ღირსი ხარ, მონა, ლაჩარი,
სირცხვილით არსად გაგემხილება.

ვინც რა უნდა თქვას, რა გინდ რა იყოს,
არ გვედარდება, არ გვერცხვინება,
ვიყოთ ღარიბი და უსახელო,
არ გვსურს წოდება და წარჩინება.

ვინც რა უნდა თქვას, რაგინდ რა იყოს,
წოდება ვის რას შემატებს ვითომ?
ის ოქროს ფულის ყალიბს ჰგავს მხოლოდ,
ბაჯაღლო ოქრო კაცია თვითონ.

დაე, ტანთ გვეცვას ძველმანი, ფლასი,
დე, გვაკლდეს ლუკმა, რაგინდ რა იყოს,
ბრიყვს ეცვას ფარჩა, ღვინო სვას თასით,
კაცი კაცია, რაგინდ რა იყოს.

ვინც რა უნდა თქვას, რა გინდ რა იყოს,
მარტო აბჯარი ვერ შექმნის რაინდს,
კონკიც რომ ეცვას კაცს პატიოსანს,
გვირგვინის ღირსი იქნება მაინც.

შეხედეთ ამ კაცს, მას ლორდი ჰქვიან,
თვალს აბრიალებს, იფერებს პატივს,
სათაყვანებელ კაცადაც თვლიან,
მაგრამ ბრიყვია, ჭკუა აქვს ბატის.

ვინც რა უნდა თქვას, რა გინდ რა იყოს,
ჯვრები, მედლები, სირმა ნაფენი,
მისი წოდება და წარჩინება
სასაცილოა, სხვა არაფერი.

მეფემ წყალობით თუ გადმოგხედა,
აგაღზევებს და გაგათავადებს,
მაგრამ გულითაც რომ მოინდომოს,
პატიოსნებას ვერ გითავაზებს.

ვინც რა უნდა თქვას, დიდი წოდება
კაცის ღირსება ნუ გეგონება,
ღირსებად მითქვამს პატიოსნება
და გამჭრიახი ჭკუა-გონება.

გვჯეროდეს, გვწამდეს, დადგება ჟამი,
გადაიქცევა ცხადად ოცნება, -
ღირსეულ ადგილს მოიპოვებენ
ქვეყნად ჭკუა და პატიოსნება.

ვინც რა უნდა თქვას, რა გინდ რა იყოს,
ეს ჩემი სიტყვა არ გაწბილდება,
მოვა დრო, ქვეყნად გაქრება შუღლი
და კაცთან კაცი დაძმობილდება.

0

ავტორი: