13:13:36     25-01-2012
27 იანვარს თეონა ქუმსიაშვილის ხსოვნის საღამო გაიმართება
ხევსურეთში ტრაგიკულად დაღუპული მომღერლის, თეონა ქუმსიაშვილის ხსოვნის საღამო 27 იანვარს, მის დაბადების დღეს, 18:00 საათზე, პროფკავშირის კულტურის სახლში გაიმართება.
საღამოზე ფოლკლორული ანსამბლები და მომღერლები თეონა ქუმსიაშვილის სიმღერებს შეასრულებენ და მის და მისადმი მიძღვნილ ლექსებს წაიკითხავენ. იმავე დღეს, მომღერლის ლექსების კრებულის „მთის ბულბული" პრეზენტაცია გაიმართება.
თეონა ქუმსიაშვილი იყო ანსამბლ „სიონის ზარების" სოლისტი. გამოცემული ჰქონდა სიმღერების სოლო ალბომი „ვეღარც სიმღერით გითხარ ამდენი სიყვარული".
შეგახსენებთ, რომ 22 ივლისს, ხევსურეთში, მუცოს ხეობაში, დღეობის შემდეგ ,გზად მანქანა გადავარდა ადიდებულ მდინარეში, სადაც 10 ადამიანი იჯდა - თეონა ქუმსიაშვილი და მისი მეუღლე ხევსური პოეტი და მომღერალი გელა დაიაური 2 შვილთან (2 წლის დემეტრე და 9 თვის ჯარჯი), თეონას და ნათია ქუმსიაშვილი, ძმა თორნიკე ქუმსიაშვილი, ნათესავი თეონა ჭინჭარაული, მეგობარი ბერდია არაბული, მისი მეუღლე სოფიო ღოღობერიძე და მათი 4 თვის შვილი მამუკა.
ავტოკატასტროფის შედეგად დაიღუპა 7 ადამიანი. გადარჩნენ გელა დაიაური, თორნიკე ქუმსიაშვილი და თეონა ჭინჭარაული. დემეტრე დაიაურისა და მამუკა არაბულის ცხედრების პოვნა ვერ მოხერდა.
GHN
0