12:08:31     25-01-2012
თეა თუთბერიძე: ივანიშვილის ბიზნესს საფრთხე დაემუქრება, თუ კრემლის დაკვეთას არ შეასრულებს

„თავისუფლების ინსტიტუტის“ წევრი თეა თუთბერიძე დარწმუნებულია, რომ ბიძინა ივანიშვილს რუსეთის უმაღლესი პირებისგან აქვს დავალება მიღებული და ოლიგარქი სწორედ ამ დავალებას ასრულებს. თუთბერიძე ამბობს, რომ თუკი ივანიშვილი კრემლის დავალებას არ შეასრულებს, მის ბიზნესს რუსეთში საფრთხე დაემუქრება. ბიზნესმენისა და პოლიტიკოსის, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ გეგმებზე „პრესა.ჯი“–ს თეა თუთბერიძე ესაუბრა.
– რა შეიცვალა თქვენთვის მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში მოვიდა და რა დამოკიდებულება გაქვთ მის გადაწყვეტილებასთან?
– შეიცვალა ის, რომ ოპოზიციას გაუჩნდა ფული. შესაბამისად, გახდნენ აქტიურები. როცა ფული უჩნდებათ ხოლმე, მაშინ აქტიურდებიან. დადებითად შეიძლება შეფასდეს ისიც, რომ ხელისუფლებაც უფრო გააქტიურდა. ზოგადად ჩემთვის კი, დადებითი მოვლენა ვერ იქნება ის, რომ რუსული ფულით დაფინანსებული ოპოზიცია გააქტიურდა. ივანიშვილი ფულს რუსეთში შოულობს და ხარჯავს საქართველოში. ყოველ შემთხვევაში, აქამდე ასე იყო ცნობილი. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, რომ რუსეთში ფული იშოვოს ადამიანმა, დღემდე რუსეთში ბიზნესი ჰქონდეს და რა დაკვეთასაც მისცემენ, არ შეასრულოს, მისი ბიზნესი ამ მდგომარეობაში იქნება და იარსებებდა საერთოდ? ამ შემთხვევაში გასაგებია ივანიშვილის უკან რა ინტერესები დგას.
– თუმცა ყველა თანხმდება იმ აზრზე, რომ ძლიერი ოპოზიცია საჭიროა ქვეყანაში...
– ძლიერი და არა ნაყიდი ოპოზიცია.
– როდესაც იქმნებოდა ოპოზიციური კოალიციები, ის მალევე იშლებოდა, თუნდაც ფინანსების გამო. იყო ბრალდებები რომ ცალკეული პოლიტიკოსები მიეყიდნენ ხელისუფლებას, გაურიგდნენ მმართველ გუნდს და ა.შ. ახლა ეს პრობლემა დღის წესრიგიდან მოხსნილია და არ არის დადებითი მოვლენა, რომ ხელისუფლებას ძლიერი ოპოზიციური კოალიცია ეყოლება?
– ახლა ის შეიცვალა, რომ აქამდე სხვადასხვა მომსყიდველი იყო და ვინც მეტს გადაუხდიდა, მას მიეყიდებოდნენ. დღეს კი, ერთი მყიდველია. სხვაობა ეს არის მხოლოდ. ამით ხელისუფლებას მოეხსნა პრობლემა, რომ მათ აღარ უწევთ ყიდვა და მხოლოდ ერთი მყიდველია.
– მიგაჩნიათ, რომ ივანიშვილის კოალიცია არ იქნება ძლიერი კონკურენტი ხელისუფლებისა?
– ამ ქვეყანაში არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ნაკლები სურვილი აქვთ, რომ რუსულმა ჩექმამ დააბიჯოს ჩვენს ტერიტორიზე. ამიტომ, ჩვენ შეგვიძლია გავაანალიზოთ და მივხვდეთ, რას ნიშნავს ივანიშვილის პოლიტიკური განაცხადი დღეს და რა არის ამ ყველაფრის უკან. ოპოზიცია, რომელიც იყიდება ფულზე, რომლის წარმომავლობაც კი არ იცის და არც ის იცის, რა დგას ამ ფულის უკან, ვერ იქნება ძლიერი.
– თავად ივანიშვილი რუსულ პოლიტელიტასთან კავშირს კატეგორიულად უარყოფს. არგუმენტად მოჰყავს, რომ ცხრა წელია მოსკოვში არ ყოფილა და ა.შ. თქვენ რა არგუმენტებზე დაყრდნობით აკეთებთ განცხადებას, რომ მას აქვს დაკვეთა, რომელიც უნდა შეასრულოს და დამკვეთები მეზობელი სახელმწიფოს უმაღლესი პირები არიან?
– ცხრა წელი რუსეთში ჩაუსვლელობა არაფერს წყვეტს. შეიძლება ცხრაასი წელი არავინ ჩავიდეს არსად და მართონ იქ პროცესები. მას არ გაუყიდია ბიზნესი რომელიც აქვს რუსეთში მანამ, სანამ პოლიტიკაში მოვიდოდა და არც აპირებს მის გაყიდვას. ამიტომ რუსეთის უმაღლეს პირებთან მეგობრობის გარეშე, წარმოუდგენელია აკეთებდე განცხადებას საქართველოში პოლიტიკაში მოსვლასთან დაკავშირებით და შენს ბიზნესს რუსეთსი საფრთხე არ დაემუქროს. თუ გნებათ გეტყვით, როდის დაემუქრება საფრთხე მის ბიზნესს. მაშინ, თუკი ის არ შეასრულებს რუსულ დაკვეთას. ჯერ–ჯერობით ეს საფრთხე არ არსებობს, რადგან ის ასრულებს დაკვეთას.
– რაც შეეხება მედიისა და ოლიგარქის ურთიერთობას. დღეს მედიასაშუალებათა ნაწილს უჭირავს „ტკბობის პოზიცია“, ნაწილი კი კრიტიკულადაა განწყობილი მის მიმართ. თქვენთვის რამდენად მისაღებია ურთიერთობის ის ფორმა, რომლითაც ოლიგარქი ურთიერთობს „მეოთხე ხელისუფლების“ წარმომადგენლებთან?
– ჩემთვის მიუღებელია ნებისმიერი ჟურნალისტი, რომელიც იყიდება ფულზე. ის ვინც ფულზე იყიდება, ჟურნალისტი არ არის.
– ივანიშვილის კოალიციის წევრები აცხადებენ, რომ ტელეკომპანია „იგრიკა“, რომელსაც ივანიშვილი დააფინანსებს, იმისთვის კეთდება, რომ დააბალანსოს მედია გარემო საქართველოში და საზოგადოებას მიეცეს შესაძლებლობა ობიექტური ინფორმაცია მიიღოს...
– აქედანვე მინდა გითხრათ, რომ ვერ იქნება ეს მედიასაშუალება ობიექტური, ვინაიდან იქნება ერთი კონკრეტული პარტიისთვის. მე ვფიქრობ, რომ უნდა აიკრძალოს ამ ქვეყანაში პოლიტიკოსებითვის სიხშირეების გადაცემა. შესაბამისად, ეს იქნება შეზღუდული. უნდა არსებობდეს წინაპირობები, თუ რა შემთხვევაში შეიძლება იქნეს ლიცენზიის გადაცემა სხვა პირებისთვის. აკრძალვა უნდა იყოს იმისთვის, რომ პოლიტიკოსებს არ ჰქონდეთ სიხშირე. ტელევიზია უნდა იყოს საზოგადოების ობიექტური ინფორმაციის წყარო. მე, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს, არც ხელისუფლების ტელევიზია მჭირდება და არც ოპოზიციის.
– თვლით, რომ 2012 წლის არჩევნებში ივანიშვილის კოალიცია ყველაზე დიდი კონკურენტი იქნება ხელისუფლების?
– ყველაზე დიდი კონკურენტი შეიძლება იყოს ფული და არა კოალიცია.
– ფიქრობთ, რომ ბიძინა ივანიშვილს აქვს ფული და მეტი არაფერი?
– თუნდაც მისი ქველმოქმედება, რომელსაც აკეთებდა წლების განმავლობაში. რამდენად იყო ეს ქველმოქმედება? რამ აწია მისი რეიტინგი? გამოვიდა, რომ ის დებდა გარკვეულ დივიდენდებს იმაში, რომ ეს ფული პოლიტიკურად გამოეყენებინა, შემდეგ კი, ქულები დაეწერა.
0