10:51:54     25-01-2012
ლავროვი, სოხუმისა და ცხინვალის აღიარებას ფიჯის სთხოვს

ივაჭრებს თუ არა სერგეი ლავროვი, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საკითხზე, აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში დაგეგმილი ვიზიტის დროს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, 28 იანვრიდან 2 თებერვლის ჩათვლით იაპონიას, ბრუნეის, ახალ ზელანდიას, ავსტრალიას და ფიჯის კუნძულებს ეწვევა.
ეჭვებს იმის შესახებ, რომ შესაძლოა, რუსეთის პირველმა დიპლომატმა რომელიმე მასპინძელთან საქართველოს ოკუპირებული რეგიონების აღიარების საკითხი წამოჭრას, თავად ავსტრალიური გაზეთი SIDNEY MORNING HERALD გამოთქვამს. იქიდან გამომდინარე, რომ წყნარი ოკეანის სახელმწიფოებთან მოსკოვს მსგავსი გამოცდილება უკვე აქვს, გამოცემა წერს, რომ შესაძლოა, ლავროვმა სოხუმისა და ცხინვალის თემაზე ფიჯისთან ივაჭროს.
SIDNEY MORNING HERALD მოსკოვის მიერ ტუვალუსა და ვანუატუსათვის (რომელმაც მერე გადათქვა თავისი გადაწყვეტილება) შეთავაზებულ მილიონებს იხსენებს, რომლის სანაცვლოდაც ამ ჯუჯა სახელმწიფოებმა სეპარატისტული სახელმწიფოები აღიარეს. სწორედ მაშინ ავსტრალიელმა პარლამენტარმა რიჩარდ მარლესმა, რომელიც წყნარი ოკეანის კუნძულების მიმართულებას კურირებს, განაცხადა, რომ რუსეთი მსოფლიოს ყველაზე პატარა ქვეყნების ექსპლუატაციას ახდენს და მოსკოვის ქმედებას „დიპლომატია საფულე ჩეკებით“ უწოდა.
კანბერაში რუსეთის საელჩოს წარმომადგენელი რა თქმა უნდა უარყოფს, რომ ლავროვის ვიზიტის დროს ეს თემა საერთოდ წამოიჭრება, მაგრამ ავსტრალიური გაზეთი აღნიშნავს, რომ დღეის მდგომარეობით, თავად რიჩარდ მარლესის თქმითაც, წყნარი ოკეანის კუნძულები, რუსეთისათვის, საქართველოს რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარების საკითხში „ბრძოლის ველია“.
SIDNEY MORNING HERALD იმაზეც მიანიშნებს, რომ ფიჯისა და ავსტრალიას შორის, რომელიც ეწინააღმდეგება „აღიარებების რუსულ კამპანიას“, 2006 წლის შემდეგ ურთიერთობა საგრძნობლად გაფუჭდა. მაშინ სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ, ქვეყნის ხელისუფლებაში სამხედროები მოვიდნენ, შედეგად, ფიჯი წყნარი ოკეანის კუნძულების ფორუმიდან გარიცხეს.
0