15:26:49     24-01-2012
ვის სიკვდილს უკავშირებენ ივანიშვილის სახელს...

გასული წლის ოქტომბრამდე, საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა არც კი იცოდა, როგორ გამოიყურებოდა ვინმე ბიძინა ივანიშვილი, მეტიც, ჭორვილელ ოლიგარქზე, სანამ ის საზოგადოებას ტელევიზიით მოევლინებოდა, იმასაც ამბობდნენ, მეტისმეტად წვრილი და სასაცილო ხმა აქვს და უსტარებით საუბარს იმიტომ არჩევსო. მოკლედ, ოქტომბერში საქართველოს მოსახლეობამ წლების მანძილზე დამალული ივანიშვილი ვიზუალურადაც იხილა და მისი ხმა და შეხედულებებიც მოისმინა.
ივანიშვილის გამოჩენასთან ერთად, ხალხის სამსჯავროზე ოლიგარქთან დაკავშირებული მრავალი ბურუსით მოსილი საქმეც გამოვიდა და აღმოჩნდა, რომ ივანიშვილი კეთილ საქმეებთან ერთად, უამრავ დანაშაულებრივ ქმედებასაც სჩადიოდა. ივანიშვილის სახელს არაერთი ადამიანის ქონების მითვისება უკავშირდება, მეტიც, ივანიშვილს უკავშირებენ არაერთი ადამიანის სიკვდილსაც.
ცხადია, უშუალოდ ბიძინა ივანიშვილს ტყვია არ უსვრია, დანა არ დაურტყამს და საწამლავი არ დაულევინებია, მაგრამ რამდენადაც უცნაურად უნდა მოგეჩვენოთ, ივანიშვილთან დავის პერიოდში გარდაიცვალა სამი და დაინვალიდდა ერთი ადამიანი. ორი გარდაცვლილის და დაინვალიდებული პირის ოჯახის წევრები პირდაპირ ადებენ ხელს ოლიგარქ ივანიშვილს.
მივყვეთ თანმიმდევრობით: ღენტორ გაფრინდაშვილი, პირი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის ძმის ნათესავებთან საერთო ბიზნესი ჰქონდა, ალეკო ივანიშვილთან დაპირისპირების შემდეგ ,,ქართუ ბანკის’’ მსხვერპლი გახდა. ,,პრესა.ჯი’’–სთან საუბარში ღენტორ გაფრინდაშვილმა აღნიშნა, რომ მის მიმართ ,,ქართუსგან’’ ანგარიშსწორებას ჰქონდა ადგილი და შვიდწლიან დავას დედამისის სიცოცხლე შეეწირა. ღენტორ გაფრინდაშვილმა ბიზნესი 1998 წელს წამოიწყო და ოლიგარქის ბანკისგან 35 000 აიღო სესხად.
8 თვის განმავლობაში, ის 1000 დოლარს კეთილსინდისიერად იხდიდა, შემდეგ მან ბიზნესი დაიწყო ივანიშვილის ძმის ნათესავთან, რომელსაც თავად ალეკო ივანიშვილი აკონტროლებდა. ღენტორ გაფრინდაშვილს, ბანკში არსებული კრედიტი შეუჩერეს. თუმცა ექვსი წლის შემდეგ, ღენტორ გაფრინდაშვილს პირადი უტანხმოება ჰქონდა ალეკო ივანიშვილთან. ივანიშვილმა სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის გაფრინდაშვილს სამაგიერო გადაუხადა, მას ბანკიდან უკვე ხანდაზმულობის ვადის გასვლის მიუხედავად ვალის აღიარება მოსთხოვეს.
ღენტორ გაფრინდაშვილმა ვალი აღიარა, აღიარებითი წერილით კი ,,ქართუს’’ წარმომადგენლები სასამართლოში მივიდნენ და გაფრინდაშვილს პროცენტებიც დაარიცხეს, რამაც 100 ათასი დოლარი შეადგინა. გაფრინდაშვილი ამბობს, რომ ივანიშვილებმა მას გააყიდინეს მამაპაპისეული სახლი საჩხერეში, ასევე მისი დის სახლი. მას დალომბარდებული აქვს ყველაფერი, რაც კი ღირებული გააჩნდა. ივანიშვილის ოჯახის ზეწოლისა და სხვა ქმედებების გამო გარდაიცვალა დედამისი. გაფრინდაშვილი ივანიშვილს პირდაპირ ადანაშაულებს დედამისის სიკვდილში:
,,ძალიან შეურაცხყოფილი ვარ, ამ ამბავს გადაჰყვა დედაჩემი. ძალიან დიდი სტრესი გადაიტანა. დედაჩემი არ ჰგავდა ზოგიერთი მათგანის დედას’’. 36 წლის ასაკში გარდაიცვალა იავნიშვილთან დაპირისპირებული გია გოგილაშვილი. გია გოგილაშვილის ოჯახს 10 წლიანი დავა აქვს ივანიშვილთან, სადაო ტერიტორია კი გახლავთ სოლოლაკი, ყოფილი ახალგაზრდობის ხეივანი, სადაც ახლა ოლიგარქის სასახლეა წამოჭიმული.
ამ ტერიტორიაზე, 90–იან წლებში გოგილაშვილის სასაუზმე ,,სოლოლაკი’’ მდებარეობდა, რომელიც, როგორც გარდაცვლილის მეუღლის სასამართლო დავით ირკვევა, ივანიშვილმა დოკუმენტაციის გაყალბებით მიითვისა. მარინე იაკობიშვილმა ,,პრესა.ჯი’’–სთან საუბარში განაცხადა, რომ ივანიშვილის ხალხთან შეხვედრიდან მისი მეუღლე ძალიან განერვიულებული დაბრუნდა, ისინი მათ ნაკვეთის გაყიდვას აიძულებდნენ. იმ ღამით გია გოგინაშვილი გარდაიცვალა. მარინე იაკობიშვილის განცხადებით მის მეუღლეს სიცოცხლე მოუსწრაფეს. ,,ერთი კი დანამდვილებით ვიცი, რომ ჩემი მეუღლე ამ საქმეს შეეწირა. არ ჰყიდდა ამ ნაკვეთს. ივანაშვილის ხალხთან შეხვედრაზე იყო, იქიდან განერვიულებული მოვიდა და ძილში გარდაიცვალა 36 წლის კაცი, სიცოცხლე მოუსწრაფეს’’ – აცხადებს მარინე იაკობიშვილი.
კიდევ ერთი საქმე, რომელზე სასამართლო დავაც 2003 წელს იღებს სათავეს, 2007 წელს, მოსარჩელე მხარის გარდაცვალების შემდეგ დასრულდა. ნაზი მესხიშვილმა, თამაზ გეწაძემ და ალექსანდრე დევიძემ ,,ქართუ ჯგუფს’’ სასამართლოში უჩივლეს. მათი განმარტებით, 2000 წლის 12 მაისს სს „ქართუ ჯგუფის“ პრეზიდენტ გ. ჩაგელიშვილსა და შპს „ზესტაფონის ნავთობბაზა თამზრაზმის“ პარტნიორებს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად პარტნიორებმა, მყიდველს გადასცეს საკუთარი წილები შპს „ზესტაფონის ნავთობბაზა თამზრაზმის“ კაპიტალში.
სს „ქართუ ჯგუფს“ კი თავისი ვალდებულება არ შეუსრულებია და არ მიუცია მათი წილის შესაბამისი თანხა. ამიტომ მოსარჩელეებმა უარი განაცხადეს ნასყიდობის ხელშეკრულებაზე და მოითხოვეს კუთვნილი წილის დაბრუნება. ,,ქართუ ჯგუფმა’’ სარჩელი არ ცნო, იგი ამტკიცებდა, რომ ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შეასრულა, მოსარჩელეებს გაყიდული წილების საფასური გადასცა და მოსარჩელეებმა ხელწერილებით დაადასტურეს, რომ თანხა მიიღეს და არანაირი პრეტენზია არ გააჩნიათ სს „ქართუ ჯგუფის“ მიმართ. მოსარჩელეები კი აღნიშნავდნენ, რომ ეს ხელწერილები მათ ზემოქმედებით დააწერინეს.
შპს „ზესტაფონის ნავთობბაზა თამზრაზმთან“ დაკავშირებით სასამართლო დავა ზემდგომ ინსტანციებში გაგრძელდა, საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს პალატისათვის ცნობილი გახდა, რომ 2005 წლის 11 ივლისს გარდაიცვალა კასატორი თამაზ გეწაძე. საბოლოო ჯამში მოსარჩელეებმა კუთვნილი თანხები დაიბრუნეს, სასამართლომ ,,ქართუ ჯგუფს’’ მათ სასარგებლოდ საკმაოდ სოლიდური თანხების გადახდა დააკისრა, მაგრამ როგორც ზემოთ აღვნიშნეთ ამას ვერ მოესწრო ერთ–ერთი მოსარჩელე – თამაზ გეწაძე. სასამართლო დავა მისი გარდაცვალების შემდეგ მორიგებით დასრულდა.
ოლიგარქის მიერ ორსართულიანი სახლის დანგრევასა და ნაკვეთის წართმევას შეეწირა კიდევ ერთი ადამიანი. როგორც ქეთევან მელაძე აცხადებს, მათ წყნეთის ხევში ორსართულიანი სახლი ბიძინა ივანიშვილმა ჯერ ისე გაუსწორა მიწასთან, რომ იქიდან ერთი ნივთის გამოტანის საშუალებაც არ მისცემიათ. შემდეგ კი ნასახლარი ტერიტორიაც წაართვა, რის გამოც მის მამამთილს ინსულტი დაემართა და დაინვალიდდა.
ივანიშვილის ხელი და ფული ფიგურირებს 9 აპრილის ერთ–ერთი მთავარი მოქმედი გმირის პირსისხლიანი გენერლის – ლებედის საქმეში. ივანიშვილმა ერთ–ერთ ინტერვიუში აღიარა, რომ რუს გენერალს ის აფინანსებდა.
0