12:53:18     24-01-2012
პეტრე უმიკაშვილის ერთი წერილი ფილიპე გოგიჩაიშვილისადმი
1904 წლის 23 იანვარს გარდაიცვალა გამოჩენილი ქართველი საზოგადო მოღვაწე, ლიტერატორი, მთარგმნელი, პუბლისცისტი, თეატრალი, თერგდალეულთა მოდასე - პეტრე უმიკაშვილი. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
პეტრე უმიკაშვილის შესახებ, მისი დაბადების დღის აღსანიშნავად, პრესა.გე-ს მკითხველს ვესაუბრეთ შარშან, 17 ოქტომბერს („პეტრე უმიკაშვილის დაბადების დღისადმი“). დაინტერესებულ მკითხველს შეუძლია მონახოს ეს პუბლიკაცია ჩვენს გვერდზე.
დიდი ქართველი პეტრე უმიკაშვილი, მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრების მიერ არ იყო განებივრებული, საოცრად ოპტიმისტი გახლდათ. ის დაუღლელად ემსახურებოდა ქართველ საზოგადოებას.
მან, როგორც ვწერდით შეაგროვა უნიკალური კოლექცია ქართული ფოლკლორისა (ზღაპრები, ანდაზები, იგავები, შაირები, სასიმღეო ლექსები, სატრფიალო ლექსები). თავისი კოლექციის დიდი ნაწილის გამოცემას დიდი ქართველი ვერ მოესწრო.
გარდაცვალების წინ თავის უნიკალური კოლექცია პეტრე უმიკაშვილმა ანდერძით ჩააბარა შესანიშნავ ქართველ მოღვაწეს, ფილიპე გოგიჩაიშვილს (1872 – 1950), რომელმაც მოახერხა ქართველთა ამ სიმდიდრის ერთი ნაწილის გამოქვეყნება. კარგა ხანი, მიუხედავად აკაკი წერეთლისა და რაფიელ ერისთავის (და სხვათა) მცდელობებისა, პეტრე უმიკაშვილის მიერ შეგროვებული უმდიდრესი მასალის სრულად გამოქვეყნება ვერ მოხერხდა. ეს საქმე აღსრულდა მხოლოდ 1964 წელს, როდესაც გამოვიდა „ხალხური სიტყვიერების“ 4 ტომი, რომელშიც შესულია პეტრე უმიკაშვილის მიერ შეგროვებული ფოლკლორული კოლექციის დიდი ნაწილი.
ფილიპე გოგიჩაიშვილიც ძალიან დამსახურებული და პატიოსანი პიროვნება გახლდათ (ილიას და იაკობსაც მისთვის მიუნდვიათ საკუთარი ანდერძის ერთ-ერთი აღმსრულებლის ფუნქცია). ის მეგობრობდა და თანამშრომლობდა პეტრე უმიკაშვილთან. ფილიპე გოგიჩაიშვილმა ბიოგრაფიული ნარკვევიც დაწერა - „პეტრე უმიკაშვილი“, სადაც აღნიშნავს:
„ პირადად ვიცნობდი. შემთხვევამ მომაგო სიკეთედ, რომ მას შევხვედროდი ანუ, უფრო სწორად, რომ იგი შემხვედროდა ახალგაზრდობაში ცხოვრების გზაზე. ბედმა მარგუნა მისი სიცოცხლის უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში, მის სიკვდილამდე, მისი მეგობრობა, რასაც მთელი ჩემი ცხოვრებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა.
ამიტომ მკითხველს შეუძლია წარმოიდგინოს, - როდესაც იგი ამ სტრიქონებს ბოლომდის ჩაიკითხავს, მიხვდება კიდეც, - თუ რა უზომო სიამოვნებით ვიღებ ხელში კალამს ამ ბიოგრაფიის დასაწერად“...
აღნიშნულ ნარკვევში მოყვანილია პეტრე უმიკაშვილის ერთი წერილი ფილიპე გოგიჩაიშვილისადმი, რასაც სიამოვნებით ვთავაზობთ გასახსენებლად პრესა.გე-ს მკითხველს, რადგან კარგად წარმოგვიჩენს ჩვენი დიდი მოღვაწის გაუტეხელ, ოპტიმისტურ ხასიათს, პატიოსნებას, მამულიშვილობას, კეთილშობილებას.
მისი წერილი დღესაც ძალიან აქტუალურია, როგორც კერძო, ისე საზოგადოებრივი თვალსაზრისით... გაჭირვებული ცხოვრების, დამარცხებებისა და სხვა მიზეზთა გამო, არსებობს არა ერთი ადამიანი, რომელსაც თავისი საზოგადოებისადმი, თავისი სამშობლოსადმი რწმენა დაუკარგავს, სწორედ მან უნდა წაიკითხოს პეტრე უმიკაშვილის ეს ბარათი, რომელიც ბრძნულ რჩევას გვაძლევს, ძალიან თანამედროვეა, პროგრესულია, იმედიანია...
(1897 წლის 21 დეკემბერი)
„ნათელი და მხიარული ფიქრები ძალათი უნდა მოვათრიოთ, თუ არ ვხედავთ ჩვენს კერძო ყოფა-ცხოვრებაში. მომავალი საზოგადო წინსვლის რწმენა, მისი მომავალი აუცილებლობა ადამიანის ცხოვრებაში ნათელია და მისი სხივი გვინათებს კერძო საკუთარ და საზოგადო ყოფის სიბნელეს, მახინჯობას, ჩაგვრას, სიძაბუნეს, შეურაცხყოფას... ვიმუშაოთ, რამდენად შეგვიძლია, ნათელის ფიქრებით, ოღონდ ვიმუშაოთ და გვწამდეს მომავლის სიკეთე, თორემ შავი ფიქრი გვადუნებს. წინსვლა ადამიანისა უეჭველია. საკუთარი კერძო უბედურება, სიღარიბე, წმინდა სურვილების აუსრულებლობა ნახევარ სიცოცხლეს გვტაცებს, თუ სრულად არა, მაგრამ ვინც ადამიანს - კაცობრიობის ბედს და ყოფას უერთებს თავის ატომ-კერძოობას, ის მომავლის იმედით მხიარულია. მეც ბევრი მწუხარება და უბედობა გამომივლია, განწირულებაშიც ვყოფილვარ, სიღარიბე, პატიოსანი სურვილის აუსრულებლობა, გარსმყოფთა უბედურება, - ყველა ესეები გადამხედია. ვიყავი გულდახურული, ნაღვლიანი, მხდალი, მაგრამ რწმენამ, რომ მე ატომი ვარ საზოგადო ჩარხის წინმავალ ტრიალში, გამომაფხიზლა და აგერ მხედავ პირმოცინარს, მხიარულს, თითქოს აღარაფერ ნაღველს, ზრუნვასა და ფიქრს ჩემს გულში და თავში ადგილი აღარა ჰქონდეს. ნაღველი და ფიქრი როგორ მოშორდება კაცს, მაგრამ, როდესაც შავია ის ნაღველი და ფიქრი, წიხლსა ვკრავ და საზოგადო ჩარხის ტრიალს ვანაცვალებ, იმაში ვლესავ და ვაწყალებ... წუხილს აქარწყლებს კაცობრიობის ისტორია. ყველა ხალხი ველურობაში ყოფილა და მერე წინ წაუდგამს ფეხი. მეცნიერებისა და დიდებული აზრების თანდათან გავრცელება, ტექნიკა საცხოვრებელის სახსრის გაუმჯობესებისა, დაახლოება ერებისა, შეგნება თითოეული ინდივიდუუმის უფლებისა, სამართლისა და საჭიროებისა წინ წასულა, მიდის და წავა მუდამ... დიახ, ჩვენ ტყის შვილები ვართ. ხომ? რომ ვართ, გამოვალთ, გამოვდივართ. ნელნელა გამოვდივართ, იმიტომ რომ ცხოვრება თავში გვცემს, და გამოვალთ. რა ვუყოთ, რომ ზოგი ადრე გამოსულა, ზოგი გვიან. გაჩერება იმაზე და წუწუნი, რომ ასეთები ვართო, მალე უნდა მოვინელოთ და არ გავხადოთ საგნად. რასაკვირველია, ცოდნით უნდა ვიცოდეთ, რაცა ვართ; უნდა გამოვარკვიოთ და დავანახოთ ჩვენსავე ხალხს თავისი სისუსტე, მაგრამ არა იმგვარად, რომ სასოწარკვეთილების აზრი გავამეფოთ, არამედ აღვუძრათ წყურვილი გამოფხიზლებისა, შრომისა და იმედიანი მომავლისა... მე ჩემს თავს არ ვუყურებ, - გარსმყოფს, ახლო მყოფს თუ შორეულს ცხოვრებას ვუყურებ და მიხარიან თითო ნაბიჯის გადადგმაზედ, იმით ვამხნევებ იმედს და თანდათან თვალითაც და შეგნებითაც ვრწმუნდები საერთო ბედნიერების მოახლოებაში, არ მაშინებს მისი წაბირძიკება, - ეს წარმავალია. როგორც ახლად ფეხადგმულის ყმაწვილისა... კაცთა ბედნიერების იმედით ვიმედოვნებ და ჩემის სიცილ-ხარხარით, ნათელის ფიქრით, მინდა სხვასაც შევყარო ნათელი ფიქრი, შეწუხებულ გულს იმედის რწმუნება ჩავუსახო, განწირულებით დაჩაგრულს სიცოცხლისაკენ მოსაბრუნებელი გზა გავუადვილო და სიმწარის ცრემლი სასიცოცხლო ღიმილად შევუცვალო. ნათელი ფიქრი, მხიარული გული ენერგიაა, ელექტრონია, მიმზიდველი ძალაა კეთილ საქმეშიაც და ბოროტშიაც. მოწყენილი ფიქრი, მოწყენილი სახე დამჩაგვრელია გარსმყოფისათვის, არ არის მიმზიდველი, ენერგიას ჰხუთავს. რად მინდა შემხუთველი რამ მეტი, - უიმისოდაც ცოტა არაა, რომ მეც მივუმატო ჩემს გარსმყოფს ან თვით ჩემს გულს“...
0