12:48:35     24-01-2012
ანდრე მორუა სტენდალის ბავშვობის შესახებ
1783 წლის 23 იანვარს, გრენობლში, დაიბადა დიდი ფრანგი მწერალი სტენდალი (Stendhal, ნამდვილი სახელია ანრი მარი ბეილი - Marie-Henri Beyle).
შარშან, 23 მარტს, პრესა.გე-ს მკითხველს, დიდი მწერლის გარდაცვალების დღის აღსანიშნავად, შევთავაზეთ სტენდალის ბიოგრაფია - „საფრანგეთის დიდება “ფსევდონიმიან” საფლავში“. სტენდალი რომ ზეგარდმო ნიჭით იყო მადლმოსილი კარგად ჩანს მისი გარდაცვალების, მისი საფლავის აღმოჩენისა და მისი შემოქმედებით დაინტერესების უჩვეული ისტორიაში, რასაც მკითხველი იხილავს აღნიშნულ პუბლიკაციაში.
დიდი მწერლის დაბადების დღის აღსანიშნავად, გავიხსენოთ რას გვიამბობს სტენდალის ბავშვობის შესახებ ლიტერატურის ისტორიკოსი, კრიტიკოსი ანდრე მორუა თავის წიგნში „ლიტერატურული პორტრეტები“:
„სტენდალი 1783 წელს, ანდა უფრო ზუსტად, საფრანგეთის რევოლუციის დაწყებამდე დაიბადა ქალაქ გრენობლში. მისი ნამდვილი სახელია ანრი ბეილი. მწერლის მამა შერიუბენ ბეილი, ქალთა საზოგადოებაში თავგზააბნეული, უხეში და სარფიან საქმეებს გადაყოლილი კაცი იყო. მის უახლოეს მეგობრად და მრჩევლად მამიდა სერაფი ითვლებოდა. ვის მიმართაც სტენდალს მთელი სიცოცხლის მანძილზე არ განელებია ღრმა სიძულვილი. მამიდა სერაფი „ანრი ბრიულანის ცხოვრებაში“ გამოხატულია ორპირად, მუდამ ოჯახური ცხოვრების სიკეთის მქადაგებლად და ყოველთვის მზად მყოფ არსებად, ეს ოჯახური ცხოვრება ნამდვილ ჯოჯოხეთად რომ გადააქცია. მუდამ იმას ჩიჩინებდა, პატარა ბეილი მტარვალიაო. შვიდი თუ რვა წლის იყო ბიჭუნა, როცა ერთხელ აივანზე თამაშობდა. ისევე, როგორც მისი ასაკის ყველა ბავშვს ახასიათებს: პატარა დანით ყვავილის თესლს რგავდა ხის ქოთანში. დანა ხელიდან გაუსრიალდა და ამ დროს ქუჩაში მომავალ ერთ მოხუც გრენობლელ ქალს კინაღამ ზედ დაეცა. მამიდა სერაფი იფიცებოდა, ანრის ამ მოხუცის მოკვლა უნდოდაო. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ იმ ნაკვალევის სიღრმე, ბავშვის შეგნებაში ამ ყალბმა ცილისწამებამ რომ დატოვა? ბავშვის გონებას სწვდება უსამართლობის იდეა. მამიდაზე შურისძიების მიზნით იგი მზად არის მოსპოს მთელი საზოგადოება. სტენდალს მამის მთელი საგვარეული სძულდა.
სამაგიეროდ აღმერთებდა ნათესავებს დედის მხრიდან. დედის საგვარეულო - განიონების ოჯახია. ბაბუამისი ანრი განიონი XVIII საუკუნის კაცია. მის ფილოსოფიას სტენდალი შემდგომში ფონტენელიზმს, სხვაგვარად რომ ვთქვათ, ცხოვრების მშვიდ აღქმას უწოდებს. პატარა ანრი დიდად აღტაცებულია თავისი ბიძით რომენ განიონით, ადგილობრივი მოარშიყით, დეიდა ელიზაბეტი კი მამიდის სრული კონტრასტი იყო. სტენდალის მითოლოგიაში პირველი ორპირობასა და მლიქვნელობას განასახიერებდა, მეორე - ესპანურ სულს. სტენდალისათვის ესპანური სული ნამუსს, ვაჟკაცობას, სიმამაცეს ნიშნავდა. დეიდა ელიზაბეტს უყვარს „სიდი“, უყვარს ყოველივე, რაც კი სულის სიდიადეს გამოხატავს; მოგვიანებით მას სტენდალის რომანების მრავალი გმირის სახეში შევიცნობთ.
ჩვენ, თითქმის ყველანი, ბავშობისას ვყალიბდებით.უკვე რვა წლის ასაკში ადამიანი პესიმისტი ან ოპტიმისტი ხდება. და მომავალში იგი უკვე აღარც შეიცვლება, რასაკვირველია, თუკი მოვლენები ისე არ დატრიალდება, რომ უსასრულოდ სევდიანი ბავშვობის მერე ცხოვრება მისთვის უსასრულოდ გატკბილდეს (ან პირიქით). მაგრამ მაშინაც კი იმ ადამიანის ხასიათში, ვისაც უბედური ბავშვობა გადაუტანია, მელანქოლიური და გაუბედავი ფესვი რჩება. სტენდალი ბავშვობიდანვე განიცდიდა მამის ტირანიას, რასაც სულ მალე ხუცესის, აბატ რაინის ტირანიაც დაემატა. აი რატომ არის, რომ უკვე ბავშვობიდანვე იგო ორად ჰყოფს ადამიანურ მოდგმას. ერთ მხარეს ისინი დგანან, ანრი არამზადებს რომ უწოდებს. არამზადებს მიეკუთვნებიან მამამისი, აბატი რაინი და ყველა ორპირი კაცი, ფარისეველი როიალისტი (იმიტომ, რომ მამამისი როიალისტი იყო), კლასიცისტები (იმიტომ, რომ მამამისს მოსწონს მწერალი-კლასიცისტები); მეორე მხარეს დგანან ამაღლებული ადამიანები: დეიდა ელიზაბეტი, მოხუცი განიონი, თვითონ ანრი ბეილი. ამაღლებულ ადამიანებს ყველა ის თვისება ამკობთ, ვერას დიდებით რომ ვერ უპოვით არამზადებს; რომანტიკული სულისანი არიან, ყოველთვის ვიღაც უყვართ, და შეყვარებულნი, ამასთან, საკმაოდ ცინიკურადაც იქცევიან; უანგარონი არიან და მუხლს იყრიან გონიერების წინაშე XVIII საუკუნის ადამიანთა მსგავსად, მაგრამ, ამავე დროს, რომანტიკოსებად რჩებიან და ჭკუას კარგავენ პოეზიაზე“.
0