20:21:14     23-01-2012
მოსკოვში ქართველების დევნა განახლდა - ჩხარტიშვილის შემდეგ რიგში ცისკარიძეა...

2011 წლის ბოლოს მოსკოვის დიდი თეატრის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ იანვრის შუა რიცხვებში, თეატრის წამყვან ქართველ არტისტს ნიკოლოზ ცისკარიძეს ხელშეკრულებას შეუწყვეტდა. არტისტმა განაცხადა, რომ როგორც კი მისი გათავისუფლების შესახებ ბრძანება დაიწერება, ის სასამართლოში შეიტანს სარჩელს.
„არ მესმის, ასე რატომ ჩქარობენ, რომ მომხსნან? ეს ნიშნავს, რომ ჩვენს ქვეყანაში უკვე არანაირი კანონი აღარ არსებობს, ეს კი ნიშნავს, რომ ის ადამიანები, რომლებიც მიტინგებზე დადიან, მართალს ამბობენ“ - ასეთი იყო ცისკარიძის შეფასება.
არტისტს, რომელიც ბოლო წლებში დიდ თეატრში პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა, - თუმცა ნახევარ განაკვეთზე, მიზეზად ის დაუსახელეს, რომ სჭირდებოდათ ადამიანი, რომელიც მთელ განაკვეთზე იმუშავებდა.
თუმცა თავად ცისკარიძე თეატრის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებას მის მიერ გამოთქმულ კრიტიკას უკავშირებს. კერძოდ, ცისკარიძემ განაცხადა, რომ დიდ თეატრს მხოლოდ „თავიდან ფეხებამდე სრული რეორგანიზაცია გადაარჩენს“. ის თვლის, რომ თეატრის ხელმძღვანელობა არა მარტო უნდა გაათავისუფლონ, არამედ მგლის ბილეთით უნდა გაუშვან, რათა 10 კილომეტრითაც კი ვერ მიუახლოვდნენ ამ ორგანიზაციას.
თუმცა გაირკვა, რომ დიდი თეატრის ხელმძღვანელობამ გადაწყვეტილება შეცვალა და ცისკარიძე, ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე, კვლავაც გააგრძელებს პედაგოგიურ საქმიანობას. ხელშეკრულება კი 2012 წლის 30 ივნისს მთავრდება. რას გააკეთებს ამის შემდეგ არისტი, ამის შესახებ ის „რადიო თავისუფლებას“ ესაუბრა.
მისი თქმით, არის რაღაცეები, რის უფლებასაც არასოდეს არავის მისცემს. „მე გაზრდლი ვარ ისეთ სახლში, თბილისის არისტოკრატულ ნაწილში, სადაც თავისი კანონები ჰქონდათ… უბრალოდ, მე საკუთარ თავს ვცემ პატივს. თბილისში, ქორეოგრაფიული სასწავლებლის პირველ კლასში ჩვენ ქართულ ცეკვას ვსწავლობდით, ქართული ცეკვის პედაგოგი ამბობდა, რომ ქართველებს არ აქვთ ე.წ. „პაკლონი“, არამედ აქვთ მხოლოდ თავის მსუბუქად დაკვრა. როცა მე მეუბნებიან, „ფეხებთან“, მე ეს არ მესმის, რადგან ვმუშაობ ძალიან მკაცრი იერარქიის, მკაცრის კანონების სახელმწიფო დაწესებულებაში. და ისევ, კლასში ძალიან მკაცრი პედაგოგები მყავდა, არასოდეს ვაძლევდი თავს უფლებას, სხვის ადგილზე დავმდგარიყავი… მაგრამ რაღაცეების უფლებას არავის მივცემ… ეს არის და ეს“ - განაცხადა ცისკარიძემ.
არტისტი ამბობს, რომ არავის არაფერს შეეხვეწება, არც ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ. ის თვლის, რომ მის მიმართ მიღებული გადაწყვეტილების მიზეზი შურის გრძნობაა, რადგან ის საკმაოდ წარმატებული არტისტი და მათ შორის, პედაგოგია. მასთან მეცადინეობდა არტემ ოვჩარენკო, რომელმაც ერთი წლის შემდეგ ბალეტ „შჩელკუნჩიკში“ მთავარი პარტია მიიღო. მისი აღზრდილია ანჟელინა ვორონცოვა, რომელსაც მთელი მსოფლიო უდიდეს მომავალს უქადის. ცოტა ხნის წინ კი „მძინარე მზეთუნახავში“ ასევე მთავარი პარტია მიიღო ცისკარიძის მოწაფემ დენის როდკინმა. „ასე რომ, ცისკარიძის საკითხი არცთუ უსაფუძვლოა“ - მიანიშნებს „რადიო თავისუფლება“.
ნიკოლოზ ცისკარიძის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება თავის დროზე მოსკოვში აქტიური განხილვის თემა იყო. თუკი ვლადიმერ პუტინმა მწერალ ბორის აკუნინზე (გიორგი ჩხარტიშვილზე) პირდაპირ თქვა, რომ ის ქართველია და ამის გამო აქვს პროტესტი, ცისკარიძის შემთხვევაში, ასე ღიად, არანაირი აქცენტი არ გაკეთებულა იმაზე, რომ მთელს ამ ამბავში მისი ქართველობა რამენაირად შუაში იყო, მაგრამ რუსულ ბლოგებში ასეთი კომენტარებიც გამოჩნდა:
„… ვიდრე თეატრი რემონტდება, რატომ არ ასწავლოს?... მაგრამ აი, უბედურება, თეატრი გახსნეს და იკითხეს, სადაა ჩვენი „გურუ“? გენიალური მასწავლებელი, შეუდარებელი ცისკარიძე. არ არის. იქნებ, ავად გახდა ან „შეუბერა“? მაგრამ არა, ის ქართველია, მის გენებს „ლოთობა“ არ შეშვენის…“
0