12:50:43     23-01-2012
სამი დარტყმა ივანიშვილისაგან, ფროიდის მოტივებზე

უნდა გამოვტყდე, ძალიან გამიხარდა ივანიშვილის მოსვლა პოლიტიკაში. ნიშნის მოგებითაც ჩავილაპარაკე ჩემთვის: „აჰა, ჩემო ანგლო–საქსებო, ეხლა მოგიწევთ–მეთქი პატარაზე ჩაჩოჩება და შევიწროება – მოვდივართ ქართველები!“
რა შუაში იყვნენ ანგლო–საქსებიო, გაგიკვირდებათ. იმ შუაში, რომ დღეს ისინი არიან მსოფლიოს ცივილიზაციის ფორპოსტი – მთელ მსოფლიოში მათი ენაა „ლინგვა ფრანკად“ გავრცელებული, როგორც ადრე ბერძნული და ლათინური იყო და პოლიტიკისა და ეკონომიკის მოდის კანონმდებლებიც ეგენი არიან. ხოლო სხვა მიზეზებთან ერთად, რა უმთავრესი მიზეზი განაპირობებს მათ წარმატებულობას? ცხადია, დახვეწილი სახელმწიფო სტრუქტურები, დიდ ბრიტანეთშიც და აშშ–შიც, ორად–ორი ანგარიშგასაწევი პარტიაა. ერთგან – დემოკრატები და რესპუბლიკელები, მეორეგან – კონსერვატორები და ლეიბორისტები.
ჰოდა, იმას მოგახსენებდით, გამეხსნა მადა და ვთქვი. აი, ახლა კი დავემგვანებით ყველაზე ცივილიზებულ ქვეყნებს, შეიქმნება რესპექტაბელური ახალი პარტია და ჩვენც გვექნება ასარჩევი ორ ღირსეულ პოლიტიკურ ორგანიზაციას შორის, დასრულდება ნაციონალების ერთხელისუფლებიანობა და საპირწონეზე მას დაუდგება სერიოზული ძალა. ამას მოჰყვება ჯანსაღი მეტოქეობა ადგილებისათვის პარლამენტში და ძალიანაც რომ არ უნდოდეს, თითოეული პარტია ეცდება, რაც შეიძლება უკეთ გაისარჯოს ხალხისათვის, ხმების მოსაპოვებლად!
როგორ, განა ნაციონალების გარდა აქამდე სხვა პარტია არ გინახავსო საქართველოში – მკითხავთ და წინდაწინ იცით, რაც უნდა გიპასუხოთ: როგორ არ მინახავს, მაგრამ მოგვწონს, თუ არ მოგვწონს, სამწუხაროდ, დღეს მხოლოდ ერთი პარტიაა ქვეყანაში, რომელიც თავად არის დასაქმებული სახელმწიფო სტრუქტურებში და გამოკვეთილი სტრატეგია და ტაქტიკაც გააჩნია, დანარჩენები არტელებივით არიან: პარლამენტს შიგნით არის და – გაპოლიტიკოსებული ჟურნალისტები, კომკავშირის მდივნის მანერებისა და დაყენებული ხმის მქონე თავიანთ ლიდერიანად – პოლიტიკაში ისევ ჟურნალისტებად რჩებიან; მთამსვლელია და პოლიტიკურის ნაცვლად ისევ მთიანი გრეხილების მწვერვალებს იპყრობს, ხოლო ლუსტრაციის კანონი საბავშვო „პუგაჩი“ თოფივით უკიდია ლურსმანზე; სხვები, რაკი იმის შნოც არა აქვთ, რომ მთის მწვერვალებს მოეპოტინონ, მიწაზე ძრომიალობენ ბანაკიდან ბანაკში; ახლა გარეთა ოპოზიცია – რომელს შეიძლება დაერქვას პარტია – ყავლგასული პოლიტიკოსების ჯგუფს, რომელსაც სუფრის პატრიოტი თამადა მეთაურობს; ხალხის პარტიას, რომელიც მთელ ხალხს ერთ კაცში ითავსებს, თუ მართლის მთქმელის მანტიამოსხმულ ყოყლოჩინა რაინდებს, რომელთა ლიდერიც ქართველი ჟირინოვსკის მასხარის ფუნქციას შინ აღარ სჯერდება და დიქტატურის წინააღმდეგ დანაწევრებული ნათხოვარი სიტყვებით იბრძვის უცხოეთში!
ასე რომ, დიდი ნუგეში იყო ბიძინა ივანიშვილის გამოჩენა. მაგრამ, ბატონი ბიძინას საყვარელი ფროიდის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, პირადად მე ზედიზედ სამი დარტყმა მომაყენა (გაგახსენებთ – ფროიდი ამბობდა, რომ კაცობრიობამ განიცადა სამი დიდი დარტყმა; პირველი – ჰელიოცენტრიზმის აღმოჩენა, მეორე – დარვინის აღმოჩენა ადამიანის წარმოშობის შესახებ და მესამე – მისი საკუთარი სექსუალური ინსტინქტების თეორია) – ტელევიზიაში პირველივე სტუმრობისთანავე მთელი იმედები წყალში ჩამიყარა: თუკი მოდიხარ, დალოცვილო, ერის გადამრჩენის ამბიციებით, ის ხომ მაინც უნდა იცოდე, რომ „ნაციონალებისთანა“ ძალას მხოლოდ მათზე უფრო რადიკალური ლოზუნგებით უნდა დაუპირისპირდე?! მაგალითად, როცა სააკაშვილი და „ნაციონალები“ ამბობენ, რომ მათი მიზანია დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება – შენ ამ ტერიტორიების რიცხვი უნდა გაზარდო; თუ ისინი გეუბნებიან, რომ მათი მიზანია „ნატოში“ მოხვედრა, შენ რასმუსენი უნდა მოისვა გვერდზე „ცისფერი ეკრანის“ სტუდიაში, „ნატოს“ ბეჭდით ხელში;
ხოლო, როდესაც შიდა ქართლში წესრიგის დამყარებას „ომს“ ეძახი და შენს ქვეყანას დააბრალებ ამ ომის დაწყებას, ამით ხომ წინდაწინვე ხელს აწერ, რომ ეს მიწები შენი არა ყოფილა და რას დაიბრუნებ? როდესაც ოკუპანტი ჯარის გასვლის თარიღს უვადოდ შორს სწევ, ამით ხომ შენი თანამემამულეების მოთმინების ფიალას ავსებ; როცა ამბობ, ქვეყანაში რელიგიური და სექსუალური უმცირესობების უფლებები არ უნდა შეილახოსო – მარტო ამით გინდა ტრადიციულ ღირებულებებზე აღზრდილი და კონსერვატიულად მოაზროვნე ქართველები მიიზიდო?
ეს იყო პირველი დარტყმა. მეორე დარტყმა უფრო „გამანადგურებელი“ აღმოჩნდა.– ივანიშვილმა გადაწყვიტა საკუთარი ინტელექტის კოეფიციენტის საჯარო დემონსტრირება და ჯერ ნიჭიერების სტრუქტურის მამარდაშვილისეული სიბრძნის ინტერპრეტაცია შემოგვთავაზა ავტორის დაუსახელებლად, შემდეგ რუსთაველის და ბარათაშვილის კონცეფციები შეაჯვარა ერთმანეთს; ბოლოს ფსიქოანალიტიკური თეორიის საჯილდაო ქვის, ოიდიპოსის კომპლექსის, ფრომისეული კორექციისგან განსხვავებული საკუთარი ხედვა დაგვისახა მომავალი ახალი ადამიანის აღსაზრდელად.
პოლიტიკურ არენაზე ნაგვიანევად გამოსულ, მაგრამ „ნაციონალებთან“ საბრძოლველად გამზადებულ და სააკაშვილთან დაპირისპირებულ პიროვნებას ის მაინც ხომ უნდა სცოდნოდა, მთელ მსოფლიოში რომ უნიკალურ მიღწევად მიიჩნევენ კორუმპირებული პოლიციელების უქრთამო პატრულით ჩანაცვლებას და, იმაზე მეტი რომ სწორედ აღზრდა–განათლებაში აქვთ „ნაციონალებს“ გაკეთებული – კლასიკურ ნათესაობისა და ნათლიმამობის ქვეყანაში, გამჭვირვალე და უპროტექციო უმაღლესი სასწავლებლების სისტემით.
ჰოდა, თუ მათი დამარცხება სურდა, უმწიფარი იდეები კი არ უნდა გამოეცხო, პუბერტატული ასაკის ფილოსოფიური ინტოქსიკაციის მქონე ყმაწვილივით – სულ მცირე, საქართველოს ინსტიტუტებში პატიოსანი გზით ჩარიცხული სტუდენტებისთვის, საყოველთაოდ უფასო უნდა გაეხადა სწავლა–განათლება. აი, ამას ერთხმად მოუწონებდნენ ქართველები და მერე გინდა ხელისუფლების მტრად გამოჩენილიყო და გინდა – მოკეთედ!
ეს ორი ხომ მძიმედ იყო გადასატანი, მაგრამ ყველაზე მტკივნეული აღმოჩნდა მესამე დარტყმა. ივანიშვილის ინტერვიუ მეღვინეთ–უხუცესის საიუბილეო საღამოზე. ის, რომ წინდაწინ დაზეპირებული ილიას ციტატა ვერ გაიხსენ, ეგ არაფერი. რუსეთში დიდხანს ნაცხოვრები კაცისათვის ამას შეიძლება მოვუძებნოთ გამართლება. მთავარი გახლდათ მსახიობ მეღვინეთ–უხუცესის მცდარი და დანაშაულებრივი შეფასება.
მოგეხსენებათ, შეცდომები ყველას შეიძლება მოუვიდეს; რადგან ივანიშვილის ქმედებებს „ნაციონალებისას“ ვადარებთ, ბარემ ისიცა ვთქვათ, რომ მათ ლიდერს, პრეზიდენტ სააკაშვილსაც მოსდის ხოლმე შეცდომები, რასაც გამადიდებელი ლუპით უყურებენ დადარაჯებული ოპოზიციონერები და, მაგალითად, აფიქსირებენ, რომ ერთხელ მას ლაზარევის ნაცვლად, ციციანოვი მოუკვლევინებია მარიამ დედოფლისათვის. მაგრამ ის აღარ უთქვამთ, თუ რა ფსიქოლოგიური ქვეტექსტი სდევდა ამ ასოციაციურ შეცდომას – ლაზარევი ნასომხარი რუსი იყო, ციციანოვი – ნაქართველარი რუსი, ერთიც და მეორეც საქართველოს ძალად მიათრევდა რუსეთის იმპერიის წიაღში და თავისი შეცდომით სააკაშვილმა ქვეცნობიერად დაადასტურა, ჯერ ერთი, რომ მისთვის სამშობლოს გამყიდველი ყველა ერთია – ნასომხარიცა და ნაქართველარიც და მეორეც ის, რომ – სიამოვნებით მოაკვლევინებდა მარიამ დედოფალს ციციანოვსაც, რადგან სამშობლოს მოღალატე სწორედ სამშობლოშივე უნდა გასამართლდეს და არა უცხო ქვეყნად, როგორც ეს ციციანოვის შემთხვევაში მოხდა, რომელსაც ბაქოში წააცალეს თავი ირანის შაჰის კურთხევით! ასე რომ, სააკაშვილმა დაუშვა ფაქტობრივი შეცდომა, იდეური გამართლებით; რაც შეეხება ივანიშვილს, იგი უშვებს იდეურ შეცდომას ფაქტობრივი შეუმცდარობით. აი, რას ამბობს იგი მეღვინეთ–უხუცესზე:
„ბატონ ოთარს ყოველთვის სწორი პოზიცია ეჭირა, ამას კი ინტელიგენციის დიდი ნაწილი სამწუხაროდ ხშირად ვერ ახერხებს... იგი არამარტო დიდი მსახიობია, არამედ ახერხებდა, რომ ყოველთვის სწორი პოზიცია დაეჭირა ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე.“
ეს უკვე შეცდომა აღარ არის – ეს დანაშაულებრივი მსჯელობაა, რადგან, ვინც ამ არტისტის ბიოგრაფია იცის, დამეთანხმება, რომ თუ ოთარ მეღვინეთ–უხუცესს სწორი პოზიცია ეჭირა, მაშინ გამართლებული ყოფილა ეროვნული ხელისუფლების დამხობა, ძმათაშორისი სისხლისღვრა, შევარდნაძის ლაქიობა და ხელის ბიჭობა და სამომავლოდ საქართველოს დაქცევა და განადგურება! ესე იგი ამასვე გვიქადის ივანიშვილი მომავალში!
ეს იყო მესამე დარტყმა, რომელიც გადამწყვეტი აღმოჩნდა! ივანიშვილმა გამიქარვა ნაადრევად აღძრული სიხარული. ეხლა მე უკვე ვეღარ გავეჯიბრები ანგლო–საქსებს; ეხლა კვლავაც კარგა ხნით დაიკარგა საქართველოში ღირსეული პარტიის გამოჩენის იმედი და „ნაციონალების“ სამეტოქეოდ, ნაცვლად მომავლის ჭეშმარიტი რესპუბლიკელების, ჭეშმარიტი ლეიბორისტების ან ჭეშმარიტი დემოკრატებისა, ქართულ პოლიტიკურ სივრცეში რის ვაივაგლახით კვლავ უნდა ითრიონ წელი რეალურმა რესპუბლიკელებმა, რეალურმა ლეიბორისტებმა და რეალურმა დემოკრატებმა!
0