08:12:58     23-01-2012
ალექსანდრე საჯაიას „თოვლის ქალი“ (და სხვა)
ჩვენ ხშირად ვიხსენებთ დავიწყებული თუ სხვადასხვა ვითარების გამო ნაკლებად ცნობილ პოეტებს. არა ერთი ადამიანი ცხოვრობდა პოეზიით, კარგ ლექსებსაც წერდა, მაგრამ, უიღბლობის, ნაადრევად გარდაცვალების, ტრაგიკული ბედის, გაბატონებული იდეოლოგიის თუ სხვა ვითარების გამო ვერ მოახერხა საზოგადოებისათვის კარგად გაეცნო თუ მომავალი თაობებისათვის გადაეცა თავისი პოეტური სამყარო.
ამ საქმეში რამდენიმე ადამიანიც დაგვეხმარა. ახლაც, ახალგაზრდა პოეტმა დიმიტრი ბახუტაშვილმა, რომლის შემოქმედებას იცნობს პრესა.გე-ს მკითხველი, მოიძია და გამოგვიგზავნა პოეტ ალექსანდრე საჯაიას ლექსები და მისი ბიოგრაფია მოკლედ. დღეს გთავაზობთ მის გზავნილს (ალექსანდრე საჯაიას ბიოგრაფიას და ლექსებს):
„ალექსანდრე საჯაია დაიბადა 1916 წელს ზუგდიდთან ახლოს, სოფელ ოდიშში. დაამთავრა სოფლის სკოლა და ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის „დასავლეთ ევროპის ენისა და ლიტერატურის“ ფაკულტეტზე.
მისი შემოქმედების შესახებ ცნობები ძალიან მცირეა, უფრო მეტია მოგონებები (ვახტანგ ჭელიძის, ნიკა აგიაშვილის) მის პიროვნებაზე, ასევე მწირ ცნობებს ვხვდებით ლადო ასათიანის პირად წერილებში, სადაც ალიოშას ყველა გახსნილ, კეთილშობილ, მხიარულ და ნიჭიერ ადამიანად ახასიათებს. მისი ლირიკული ლექსები კი უფრო მას მერე გახდა ცნობილი, რაც პოეტმა 1944 წელს ოდიშის სასაფლაოზე ჰპოვა სამუდამო განსასვენებელი“.
ცისარტყელა
განა ამისთვის ვეწამე ამდენს,
რომ განშორება მეგლოვა ბოლოს.
შენი ბაგენი ალუბლებს ჰგავდნენ,
მეც ალუბლები მიყვარდა მხოლოდ.
მჯერა: ნიავიც ამაოდ ქროდა,
არ მსურს ამაოდ ვარსკვლავი ვთვალო. . .
შენ ღვინისფერი თვალები გქონდა,
მეც შავი ღვინო მიყვარდა, ქალო.
ჩვენ თვითონ ვნახეთ ბავშვი მოცარტი,
ფერად ყვავილებს ფანტავდა ქარში,
იღიმებოდი და საოცარი
მე ცისარტყელა მიყვარდა მაშინ.
ვინ იცის, მოვა კიდევ შხაპუნა?
ვიცი, ერთხელაც იქნება გვიან. . .
მე შენმა ზეცამ ცვარი მაპკურა,
მე უშენოდაც მიჯნური მქვია.
1939 წ.
თოვლი თოვს
თოვლი თოვს, თეთრი ქარია,
თეთრ სამოსელით ვირთვები.
ჩიტებო, რა გიხარიათ,
რისთვის მღერიხართ ჩიტები.
დიდი ზამთარი იქნება?
ნეტამაც ასე ინებოს!
თქვენ მაინც რა გეფიქრებათ,
რა გენანებათ, ჩიტებო?
გადივლის, დაიფარება
ფიქრებით, თოვლის ქულებით. . .
თქვენ მაინც ვინ გეყვარებათ
მაგ პაწაწინა გულებით?
თოვლი თოვს, უფრო თოვდება,
თეთრ სამოსელით ვირთვები.
მივდივარ, აღარ მშორდება
მკერდგაღეღილი ჩიტები.
თოვლის ქალი
ეთერ სვანიძეს
ჩემი და თეთრი თოვლის ქალია
და უყვარს მარტო თოვლი და თოვა.
იგი ლაჟვარდის ერთი თვალია
და გაზაფხულზე ენძელად მოვა.
ჩემი და თეთრი თოვლის ქალია.
მან იცის ჩემთვის სიმღერა ერთი,
და რომ მიმღეროს, თურმე, რცხვენია,
მან შეინახა ცრემლები ჩემთვის,
მაგრამ არასდროს არ უცრემლია.
ჩვენი ამბავი ულამაზესი
ერთხელ ნიავმა თურმე გალექსა,
დას ნიავივით სურდა ალერსი,
მაგრამ შედრკა და არ მიალერსა.
და განა მისთვის ვწუხდი ძალიან,
და განა მუდამ იქნება თოვა?
ჩემი და თეთრი თოვლის ქალია
და გაზაფხულზე ენძელად მოვა.
1937წ.
ავდარი
თქვენი თვალები, ზღვას რომ ბაძავენ,
მე მზის ვიგრძენი გულში ისარი.
დღეს ყველა ქარი ფრენას მაძალებს,
და ეს ავდარიც ალბათ ზღვის არი.
ავგული იყოს და ჯავშნიანი
ფოლადი რეკდეს ქარიშხლის ხმაში,
ზღვის ღელვა – ლურჯი კაბის შრიალი,
ზღვის მსხვრევა – თეთრი ხელების ტაში. . .
ჩემი ხომალდი გადურჩა ავდარს
და საუნჯეთა მფლობელი არის,
მას ვარსკვლავები ტყვეებად ჰყავდა,
მან დაატყვევა ყოველი ქარი.
ჩემი ხომალდის გზა – სიყვარული,
თეთრი და ირმის ნახტომის მსგავსი...
ჩვენ ვიცით მარტო გულის ფარულის
და დაუხარჯავ ცრემლების ფასი.
1938 წ.
* * *
ის, ჩიტისგულა, ცრემლით მიგონებს,
ვერ მალავს დედა საოცარ სურვილს,
და მოხუც მამის ნაწერ სტრიქონებს
მოჰყავს გამარგილ სიმინდის სუნი.
ვიცი, იქ ახლა ნისლი ირღვევა,
ფითრდება ღამე თმაგიშრიანი,
წაეკიდება ცეცხლი სიმღერას
და ჯეჯილებში წავა შრიალით.
ტყე მოხარული ატეხავს ხივილს,
რომ მის გულშიაც სიმღერა ცოცხლობს,
და ვნებიანი პირველი სხივი
ფორთოხლის მკერდში დაანთებს კოცონს.
ვუსმენ, წერილი მიყვება ამბავს
და ჟრუანტელი ძარღვებში მივლის,
გუგული ისევ მეძახის, ალბათ,
ყოველ საღამოს და ყოველ დილით,
მე აქ ალიონს რუსთველით გავშლი,
მსუბუქ ოცნებით შუბლდაღარული,
ჩქეფს, იფერფლება წიგნების ყდაში
ღამე, ფიქრები და სიყვარული.