პუტინი რობერტსონს ნატო-ში ურიგოდ შესვლას სთხოვდა პუტინი რობერტსონს ნატო-ში ურიგოდ შესვლას სთხოვდა />


  14:56:22     22-01-2012

პუტინი რობერტსონს ნატო-ში ურიგოდ შესვლას სთხოვდა

a14443.jpg

რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების წინ ბრიტანული ტელეკომპანია BBC -მ ვლადიმერ პუტინის შესახებ დოკუმენტური ფილმის ჩვენება დაიწყო, რომლის მესამე სერია მთლიანად 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს მიეძღვნება. ფილმში არის თავად ვლადიმერ პუტინისა და მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუები. რუსეთის პრემიერის კომენტარების ნაწილი სხვაგან არსად გაჟღერდება და პირველად სწორედ ამ დოკუმენტურ „სერიალში“ იქნება წარმოდგენილი.

ფილმი „პუტინი, რუსეთი და დასავლეთი“ 4 სერიისგან შედგება. მისის ავტორები ცნობილი კინოდოკუმენტალისტები - რეჟისორი ნორმა პერსი და პოლ მიტჩელი არიან. მათ უამრავი საარქივო მასალა გამოიყენეს, ფილმში ნაჩვენები იქნება ბარაკ ობამასთან, დიმიტრი მედვედევთან, მიხეილ სააკაშვილთან, კონდოლიზა რაისთან, ნიკოლა სარკოზისთან, ლეონიდ კუჩმასთან და თავად ვლადიმერ პუტინთან ინტერვიუები.

ავტორები პუტინს პოლიტიკური პროცესებით მანიპულირების ხელოვანს უწოდებენ, რომელმიც მწვერვალზე ძალოვანი სამსახურებიდნ ავიდა და მსჯელობენ იმაზე, თუ როგორც მოახერხა ასეთი მახასიათებლების ადამიანმა, ჯერ დასავლეთის მოკავშირე გამხდარიყო, შემდგომ კი - მისი შეშფოთების ობიექტი.

პირველი სერია, რომელიც უკვე გავიდა ეთერში, - „ხელისუფლებაში მოსვლა“, ჯერ კიდევ იმ პერიოდიდან იწყება, როცა ბორის ელცინის დროს პუტინის მისი მემკვიდრე გახდა და ხელთ იგდო რუსული პოლიტიკის კონტროლის სადავეები. პირველი სერია  იწყება ლუბლიანაში, პუტინისა და ჯორჯ ბუშის იტორიული შეხვედრიდან, როცა ამერიკელმა ლიდერმა წარმოსთქვა თავისი ცნობილი ფრაზა იმის შესახებ, რომ ჩახედა რა თვალებში თავის რუს კოლეგას, მისი სული დაინახა. რის შემდეგაც, რესპუბლიკელმა კანდიდატმა ჯონ მაკკეინმა განაცხადა, რომ მანაც ჩახედა პუტინს თვალებში და იქ 3 ასო - კ გ ბ დაინახა.

ფილმში აქცენტი კეთდება პუტინის საგარეო პოლიტიკურ კურსზე, როცა 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ პუტინი, უეცრად, დასავლეთის მოკავშირე, შემდეგ კი მისი ხმაურიანი მოწინააღმდგეგე გახდა.  

2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ ბუშსა და პუტინს შორის მოლაპარაკებაზე და მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის დაახლოებაზე კონდოლიზა რაისი და რუსეთის უშიშროების საბჭოს მაშინდელი მდივანი სერგეი ივანოვი ყვებიან. ივანოვი, მოულოდნელ აღიარებს, რომ ავღანელი თალიბების წინააღმდეგ ამერიკული ოპერაციის დაწყების შემდეგ ტერორისტული მოძრაობის ემისრები რუსეთთან კონტაქტზე გავიდნენ და მას აშშ-ის წინააღმდეგ ერთობლივი ძალებით გამოსვლა შესთავაზეს. ივანოვის თქმით, რუსეთმა მათ მკაცრი უარი უთხრა.ფილმში ხაზგასმულია, რომ დასალეთთან მოკავშირეობამ ხელი არ შეუშალა პუტინს, ქვეყნის შიგნით ავტორიტარული კურსი გაეტარებინა.

2000-2004 წლებში, რუსეთის პრემიერ-მინისტრი მიხეილ კასიანოვი ხოდორკოვსკის დემარშს იხსენებს, როცა პრეზიდენტსა და ოლიგარქებს შორის ცნობილ შეხვედრაზე, იუკოს-ის ხელმძღვანელმა ხელისუფლება კორუფციაში დაადანაშაულა და როგორ დაფრთხნენ და შეშინდნენ ამის გამო  მრავალმილიონიანი ქონების პატრონი გავლენიანი რუსი ბიზნესმენები. ფილმში ნათქვამია, რომ სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ დაიწყო ხოდორკოვსკის დაცემა.

პირველ სერიაში არის ძალიან საინტერესო, თითქმის სენსაციური ინფორმაცია რუსეთთან და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან დაკავშირებით.  ნატო-ს მაშინდელი გენერალური მდივანი ჯორჯ რობერტსონი ამტკიცებს, რომ ვლადიმერ პუტინი პირდაპირ, ღიად უსვამდა მას კითხვას: „როდის აპირებთ მიიწვიოთ რუსეთი ნატო-ში? მე ვუპასუხე, რომ  ჩვენ არ ვარიგებთ მოსაწვევებს და მას ვისაც სურს ალიანსში შესვლა, განაცხადს აკეთებს… მან კი თქვა, რომ არავისთან რიგში ჩადგომას არ აპირებენ.“

ამავე კონტექსტში, გერმანიის ექს-კანცლერი გერჰარდ შრედერიც ამბობს, რომ დარწმუნებული იყო, რუსეთის ნატო-ში შესვლა კარგი იქნებოდა მოსკოვისთვისაც და ალიანსის სხვა წევრებისთვისაც.

დასავლეთსა და რუსეთს შორის უფსკრულის გაღრმავებას მიეძღვნება მეორე ფილმი „დემოკრატია ემუქრება“, მასში ნაჩვენებ იქნება ინტერვიუ უკრაინის ყოფილ პრეზიდენტთან ლეონიდ კუჩმასთან, რომელიც 2004-2005 წლის ნარინჯისფერი რევოლუციის შესახებ ყვება, ხოლო მისი მომდევნო ვიქტორ იუშენკო კი ხსენებს, როგორ მოწამლეს ის დიოქსინით. სწორედ ამ მოვლენებს ბევრი რუსი პოლიტოლოგი პუტინის მმართველობისათვის გარდამტეხს უწოდებს, როცა პუტინმა, კურსი, შიდა პოლიტიკის გამკაცრებაზე აიღო. 

მესამე სერიას „ომი“ ეწოდება და ის მთლიანად რუსეთ-საქართველოს ომს მიეძღვნება. აქ მოისმენთ ინტერვიუს მიხეილ სააკაშვილთან, თუ როგორ მიიღებოდა დაძაბულ მომენტებში გადაწყვეტილებები. ფილმის ავტორები ყვებიან, თუ რა უძღოდა წინ კონფლიქტს, მააგალითად, ესაა საქართველოს ნატო-ში შესვლასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები, რომელსაც ამერიკა და მისი დასავლელი მოკავშირეები აწარმოებდნენ. აღნიშნულია, რომ საქართველოს ალიანსში მიღებას ემხრობოდა ჯორჯ ბუშ უმცროსი, მაშინ, როცა გერმანია და საფრანგეთი, ამას, მხოლოდ იმიტომ ეწინააღმდეგებოდნენ, რომ თვლიდნენ, ასეთი ნაბიჯი დასავლეთსა და რუსეთს შორის ურთიერთოებების კარდინალურ გაუარესებას გამოიწვევდა.

ბოლოს სერია „ახალი დასაწყისი“ 2008 წელს პუტინის მედევდევით ჩანაცვლებაზე მოგვითხრობს, ფილმში საუბარი იქნება „გადატვირთვის პოლიტიკაზე,“ ასევე, იმაზე, რომ მედვედევი ვერ იქცა დამოუკიდებელ ლიდერად და რომ ყოველივე ამის შედეგად, საპრეზიდენტო კანდიდატი დღესაც, ისევ ვლადიმერ პუტინია. ესაა მცირე ინფორმაცია იმ სარეკლამო რგოლებიდან და ანონსებიდან, რომელიც ფილმის შესახებ გაკეთდა.

0

ავტორი: