19:43:51     21-01-2012
ეკატერინა ხვედელიძეს ტელევიზიის დათმობა მოუწევს

ბიძინა ივანიშვილის ოჯახი ქართულ კანონმდებლობასთან მუდმივად კონფლიქტშია. ჯერ იყო და მას მოქალაქეობა შეუწყდა იმის გამო, რომ საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შემდეგ, ბიძინა ივანიშვილის მიერ, საფრანგეთის რესპუბლიკის მოქალაქეობის მიღება, წარმოადგენდა საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის კანონისმიერ საფუძველს, რადგან ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 32-ე მუხლის ,,დ’’ პუნქტის თანახმად, პირი დაკარგავს საქართველოს მოქალაქეობას, თუ მიიღებს სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობას. ახლა კი მის ტელევიზიას ემუქრება საფრთხე.
შპს "იგრიკა", რომლის მფლობელიც "მაესტროს" გენერალური დირექტორი ბაჩო კიკაბიძე იყო, მართვის უფლებით შპს "აქცეპტს" გადაეცა. "აქცეპტის" 80%-იანი წილის მფლობელი კი ბიძინა ივანიშვილის მეუღლე ეკატერინა ხვედელიძეა. ,,მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის’’ 37-ე მუხლის თანახმად: ,,1. მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი შეიძლება იყოს საქართველოს რეზიდენტი ფიზიკური ან იურიდიული პირი.
2. მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი არ შეიძლება იყოს:
ა. ადმინისტრაციული ორგანო, ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი ან თანამშრომელი;
ბ. ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე იურიდიული პირი;
გ. პოლიტიკური პარტია, პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირი.’’
ივანიშვილმა კი, მოგეხსენებათ, თავისი პარტიის ლიდერად მეუღლე - ეკატერინა ივანიშვილი დასაახელა. შესაბამისად, ეჭვიან ოლიგარქს მოუწევს ან პარტიას გამოუძებნოს ახალი ლიდერი ან ტელევიზიას.
0