15:40:10     21-01-2012
შემოქმედებითი საღამო
22 იანვარს, კვირას, 19 საათზე -
სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში
გაიმართება
შემოქმედებითი საღამო:
პრეზენტაცია -
თამარ ლომიძის პოეტური კრებულისა - „ზღვარი“;
კონცერტი -
ნორვეგიულ-ქართული ფოლკლორული ანსამბლისა - „გიორგი“;
წარდგენა -
თამარ ლომიძისა და სვენდ ვოგეს მიერ თარგმნილი, თურბიორნ ეგნერის საბავშვო წიგნისა - „კარიუსი და ბაქტუსი“;
სლაიდ-შოუ -
თამარ ლომიძის ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრებისა.
დასაწყისი, როგორც ვთქვით 19 საათზე.
საღამოს სხვა მონაწილეების შაბათს გავიცნობთ. პოეტს, მხატვარს და ხელოვნებათმცოდნეს, პოეტური ორდენის "მარადახალი ქნარის" წევრს, თამარ ლომიძეს კი ჩვენი მკითხველი იცნობს. მისი ლექსები გამოქვეყნებულა პრესა.გე-ს ფურცლებზე.
სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე, რომელიც 1993 წელს წარჩინებით დაამთავრა. 1988-1990 და 1990-1993 წლებში სწავლობდა თსუ საზოგადოებრივ პროფესიათა ფაკულტეტზე, ფერწერისა და ხელოვნებათმცოდნეობის განხრით, რომელიც ასევე წარჩინებით დაამთავრა.
მისი პირველი პერსონალური გამოფენა და პოეზიის საღამო მოეწყო 1993 წელს უნივერსიტეტში.
თამარის პირველი კრებული "მოვედი... ერთი სიტყვა რომ მეთქვა" გამოიცა 1995 წელს.
1995 წლიდან თარგმნის ნორვეგიული ენიდან და ეწევა ნორვეგიასთან დაკავშირებულ სხვადასხვა კულტურულ საქმიანობას. არის ხელოვნებათმცოდნეებს შორის საერთაშორისო და ლიტერატურული კონკურსების არაერთგზის გამარჯვებული. მოწყობილი აქვს არა ერთი პერსონალური გამოფენა...
თამარ ლომიძის ლექსები თარგმნილია ფრანგულ ენაზე.
გავიხსენოთ თამარის სამი ლექსი.
თოლია
დ. ა. -ს
ქარში იფრინა ჩემმა თოლიამ,
ცაში აუშვა სულის აფრები...
რაც კი უბეში ცეცხლი მქონია
ზღვას შეალეწა ამაყი ფრთებით...
გზაარეული ნისლივით შესვა
მთაში დაჭრილი ირმის ბღავილი...
იასამნების მომიძღვნა ზეცა
უფლის თვალით თუ ქარვის ყვავილით.
დამამსხვრევინა ძვლების გალია,
ამაშლევინა ხარაჩოები...
- ახია ჩემზე!.. და ალალია...
შემოსეული ყაყაჩოები!.
* * *
ჰამლეტმა თუკი მიაგნო კითხვას
და ზეცის გახსნას
ცდილობდა დანტე,
იუდას ამბორს შენ რატომ არჩევ,
შენი ტკივილი
სხვას რად მიანდე.
შეხედე,
როგორ ახლოა ზეცა....
ჩემს გადარჩენას შენგან მოელის...
და ისე გვიმზერს… თბილი ღიმილით
ვით დაპურებულ შვილებს
მშობელი.
დრო დაუნდობლად ხდება ამტანი,
უფრო მარტივად ნისლ-ფიქრიანი,
და....
არ მთავრდება არსად სამყარო...
და....
პატარაა ადამიანი.
* * *
აწმყო ვერ მავსებს ყალბი ღიმილით,
სულამოცლილი თვალების ფსკერით,
ევას ნაკრძალის ტკბილი ხილივით
სასწაულებით შემოსილს გელი.
ახლაც მასხია ნატვრის კვირტები...
და უსხეულოდ ვდგავარ მიწაზე...
ახლაც სივრცეში სრიალით ვთვრები
და დროს ვაბრალებ, შენ რომ გიწამე.
გზა ხომ ჩემს მერე მაინც გრძელდება,
ყოფა ხომ არის ერთიც და სამიც,
რომ ტკივილებიც დაცხრება წლებად-
მკვდარში ცოცხალი, ცოცხალში-მკვდარი.
თაფლის და ღვინის თევზი ვარ, მაგრამ
მაინც აღმართით ვაფასებ დაღმართს...
მშვიდი ფრთებივით იმედი მაკრავს,
ტოტიას ძვალს რომ ტოტია გახრავს!..
ვერ შემაშინებს ბედი ჩაძირვით,
ძველი ზღაპარი გარდასულია...
მე ვარ მიწის და ცეცხლის ნაწილი,
ჰაერი, წყალი... ჩემი სულია.