15:25:27     21-01-2012
ცივი კონტინენტის „ცივი ომი“
კანადაში, სამხედრო ძალების ერთ-ერთ ოფიცერს, რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის ბრალდებით ასამართლებენ. მას, უცხო ქვეყნისთვის საიდუმლო ინფორმაციის გადაცემა ედება ბრალად. სამხედრო-საზღვაო ძალების ოფიცერი ჯეფრი პოლა დელაილა ატლანტიკის სანაპიროზე მდებარე გალიფაკსის ბაზაზე მსახურობდა. ბაზა საერთაშორისოა და დელაილას თეორიულად ჰქონდა შეხება არა ამარტო კანადური გემების გადაადგილებისა და დისლოკაციის, არამედ ნატო-ს სხვა სახელმწიფოების გემების შესახებ ინფორმაციასთან.
როგორც კანადური მედია ექსპერტებზე დაყრდნობით ვარაუდობს, საქმე შეიძლება არქტიკული რესურსების თემას უკავშირდებოდეს, რაც რუსეთისათვის დღეს ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხია. მითუმეტეს, მოსკოვში ფიქრობენ, რომ კანადა ცდილობს გამოდევნოს რუსეთი ბუნებრივი რესურსებით უმდიდრესი აუთვისებელი რეგიონიდან.
მართალია, რუსეთი არქტიკის რაიონში სხვა სახელმწიფოების მიერ შევიწროებაზე წუწუნებს, მაგრამ მას შემდეგ, რაც ჩრდილოეთის ყინულმა დნობა დაიწყო და არქტიკის ათვისებისთვის ბრძოლა რიგი სახელმწიფოების სტრატეგიულ ამოცანად იქცა, აღმოჩნდა, რომ რესურსებით უმდიდრეს რეგიონში, ყველაზე მასშტაბური სამხედრო წარმომადგენლობა სწორედ რუსეთს ჰყავს. გლობალური დათბობა, რომელიც უკვე სახეზეა, აღნიშნულ რეგიონში რესურსებისათვის ბრძოლას, ექსპერტების თქმით, გადაუდებელ ამოცანად ხდის. მართალია, ჯერ არცერთმა სახელმწიფომ არ იცის, როგორ გაიტანს იქიდან ამ სიმდიდრეებს, მაგრამ არქტიკის „დაპყრობის“ ამოცანა აქტიურდება.
არქტიკა სამხედრო თვალსაზრისით უკვე მობილიზებული რეგიონია. სწორედ ჩრდილოეთ ყინულოვანი ოკეანის ახლოს - თეთრ და ბარენცის ზღვებში იმყოფება რუსეთის ჩრდილოეთ ფლოტის საზღვაო და ბირთვული ძალების ბასტიონი. პატრულირებენ რაკეტმზიდები, თუმცა რუსულის გარდა იქ ამერიკული და ბრიტანული ატომური გემებიც დაცურავენ და იდუმალი წყალქვეშა შეჯიბრი ერთი წუთითაც არ წყდება.
ყველა დაინტერესებული მხარე ემზადება, როგორც ექსპერტები ამბობენ, - „თეთრი დათვის ტყავი შეხვდეს“. თვით კორეის სახალხო რესპუბლიკაც, ბოლო დროს დაინტერსდა პოლარული, მათ შორის სამხედრო ხასიათის გამოკვლევებით.
მაგრამ მთავარ სამხედრო მოთამაშეებად არქტიკაში რუსეთი და ამერიკა რჩებიან. ამერიკელებს აქვთ ალიასკას შტატი, ასევე გარკვეული უფლებები არქტიკის სხვა რაიონებზე. მაგრამ მათი სამხედრო ძალები ალიასკაზე შედარებით მოკრძალებულია. მაგალითად, საზღვაო-სამხედრო ძალები აქ მუდმივად არ იმყოფებიან და მხოლოდ სანაპირო დაცვის გემები მოძრაობენ. მოკრძალებულია სახმელეთო ძალებიც, რომელიც 2 ბრიგადითაა წარმოდგენილი. მართალია, აქ ამერიკული ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემებია განლაგებული, რომლის დაცვისთვის და რუსეთიდან შესაძლო შეტევის მოსაგერიებლად იქ სამხედრო-საჰაერო ძალების მნიშვნელოვანი დაჯგუფებაა ბაზირებული, მაგრამ როგორც ირკვევა, რუსეთის მობილიზაციასთან შედარებით ეს ძალიან მცირე მასშტაბებია, ისევე როგორც, რუსეთთან შედარებით, არქტიკაში სუსტადაა წარმოდგენილი კანადური და ნორვეგიული სამხედრო ძალები.
რუსეთის ყველაზე მძლავრი ფლოტი კი, საუბარია ჩრდილოეთის ფლოტზე, სწორედ იმიერპოლარეთშია ბაზირებული. მას აქვს 30-ზე მეტი სტრატეგიული, ტაქტიკური და სპეციალური წყალქვეშა ნავები, მათ შორის ატომური. ფლოტს აქვს ავიამზიდი, 2 მძიმე ატომური კრეისერი და ერთი სარაკეტო კრეისერი, ასევე სწრაფმავალი მრავალმიზნიანი საბრძოლო გემები, რომლებსაც შეუძლიათ ეომონ წყალქვეშა ნავებს, საფრენ აპარატებს, ეს გემები სადაზვერვო საქმიანობისთვისაც გამოიყენება.
რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალები ჩრდილოეთში წარმოდგენილია 100 საბრძოლო თვითმფრინავითა და ვერტმფრენით, ესენია: МиГ-31, Су-27, Су-24МР, Ми-24 и Ми-8. გარდა ამისა, ფლოტის მთელი საზღვაო ავიაცია იქ იმყოფება. მსხვილ ანტისარაკეტო თავდაცვის ძალებს აქვთ საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი ЗРК С-300. უკვე აღდგენილია ჩრდილო-დასავლეთის მმართულების რადიოლოკაციური ველი. მიმდინარეობს სამუშაოები დაბლამფრენი მიზნებისათვის სანდო რადიოლოკაციური ბარიერის შესაქმნელად.
რუსეთის სახმელეთო ჯარები არქტიკაში მოტომსროლელთა ერთი ბრიგადითაა წარმოდგენილნი, ესაა ცნობილი მე-200 პეჩენგსკის ბრიგადა. გარდა ამისა, იქვე, კოლის ნახევარკუნძულზე დისლოცირებულია საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადა. არიან კიდევ მესაზღვრეები. უკვე მიღებულია გადაწყვეტილება, რომ რუსეთს, მომავალში 3 არქტიკული სპეციალიზებული ბრიგადა ეყოლება. მათი ფორმირება წლევანდელი წლიდან დაიწყება. არქტიკის მიმართულებით გააქტიურება კი რუსეთის სტრატეგიულ მიზნადაა გამოცხადებული.
0