10:59:30     21-01-2012
რუსი ექსპერტი: პუტინის „ანტისარაკეტო შიშები“ სამხედროებისთვის უაზრობაა…
რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა, მათ შორის საქართველოში, რუსეთს არანაირ საფრთხეს არ უქმნის, ეს მოსკოვის მიერ შექმნილი მითია, რაც ძალიან კარგად იცის ვლადიმერ პუტინმაც - განაცხადა რუსეთის პრემიერის გუშინდელი განცხადებების შემდეგ სამხედრო პროგნოზირების ცენტრის დირექტორმა, პოლკოვნიკმა ანატოლი ციგანოკმა.
მისი თქმით, ეს თემა, უბრალოდ, პოლიტიკურ საკითხად იქცა, რადგან რუსეთის არმია დღესდღეობით ბრძოლისუუნაროა, მოსკოვს, ბირთვული იარაღის გარდა არაფერი აქვს და ისიც, ნელ-ნელა მწყობრიდან გამოდის, ამიტომაც, „ჩვენ ვაშინებთ“ - აცხადებს ექსპერტი.
ციგანოკის თქმით, მას ამ თემაზე საუბარი ჰქონდა რუს და ამერიკელ მოქმედ სამხედრო პირებთან და „სამხედროებს აქვთ კონსენსუსი იმასთან დაკავშირებით, რომ ევროპის ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემას არ შეუძლია საფრთხე შეუქმნას რუსეთს, ეს, უბრალოდ, პოლიტიკურ საკითხად იქცა“ - აღნიშნავს ის.
ის, რომ რუსეთი საფრთხეებს ხელოვნურად ქმნის, იმითაც დასტურდება, რომ თავის დროს, ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის საკითხში რუსეთმა ამერიკასთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა. უფრო მეტიც, ექსპერტი ამბობს, რომ 8 წლის წინ ამერიკელებმა თავად შესთავაზეს რუსებს შეექმნათ ერთიანი ევროპული სისტემა. 2001 წელს, შემდეგ კი 2002-ში რუსული და ამერიკული კოსმოსური ჯარების ერთობლივი სწავლებაც ჩატარდა, „თუმცა მერე თანამშრომლობა შეწყდა და ის, რასაც შემდეგ მედვედევი სთავაზობდა, თავისი არსით, იგივე იყო, რაზეც თავად ამერიკელები ლაპარაკობდნენ, მაგრამ ახლა უკვე აშშ წავიდა უარზე“.
მოსკოვი შიშობს, რომ ანტირაკეტები შეიძლება შეცვალონ ბირთვულქობინებიანი რაკეტებით. ამის გაკეთება ამერიკელებს, მაქსიმუმ, 2 დღე-ღამეში შეუძლიათ, და ჩვენს სპეციალისტებს სწორედ ამის გაკონტროლების საშუალებას არ აძლევენ - ამბობს ციგანოკი, მაგრამ მისივე თქმით, ესეც არაფერს ცვლის, რადგან ამერიკას, თუ მოინდომებს, ეხლაც აქვს ყველანაირი საშუალება, თავისი ძველი სტრატეგიული ბაზებიდან რამდენჯერმე გაანადგუროს მთელი რუსეთი. ამიტომ მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის დავა, სამხედრო თვალსაზრისით უაზრობაა და მხოლოდ პოლიტიკური თამაშია.
სამხედრო ექსპერტი აღიარებს, რომ აღნიშნული პოლიტიკური თამაში გათვლილია რუსეთის შიდა აუდიტორიაზე, რომელიც ორმაგ სტანდარტებს კარგად უნდა ხვდებოდეს: რუსეთი ამერიკასთან არაერთ პროგრამაში თანამშრომლობს, მათ შორის, საერთაშორისო დამნაშავეობის, ნარკომაფიის, პირატების წინააღმდეგ ბრძოლაში, ავღანეთის საკითხში და კიდევ ბევრ თემაზე, მაგრამ „აშშ ჩვენ მაინც მთავარ მტრად გვყავს დანიშნული“ - მიუთითებს ექსპერტი.
ციგანოკი იმასაც ადასტურებს, რომ კრემლს და კონკრეტულად ვლადიმერ პუტინს ძალიან კარგად ესმის, რომ ანტისარაკეტო სისტემები რუსეთს არანაირ საფრთხეს არ უქმნის და ეს მხოლოდ რიტორიკაა…
0