დავით დარჩიაშვილი: პუტინის ხელში,  ახალი აგრესიის ჰიპოტეტური შანსი არსებობს დავით დარჩიაშვილი: პუტინის ხელში, ახალი აგრესიის ჰიპოტეტური შანსი არსებობს />


  15:25:47     20-01-2012

დავით დარჩიაშვილი: პუტინის ხელში, ახალი აგრესიის ჰიპოტეტური შანსი არსებობს

a14406.jpg

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, დეპუტატი დავით დარჩიაშვილი ამერიკისა და საქართველოს პრეზიდენტების 30 იანვარს დაგეგმილ შეხვედრას, ჩიკაგოს სამიტის წინ, მნიშვნელოვან მოვლენად აფასებს. მისი თქმით, ჩიკაგოს სამიტი, საქართველოსთვის წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება, რადგან სამიტზე, გაჟღერდება, რომ ნატოს წევრი ქვეყნების საზრუნავი ისევ საქართველოა.

ამას გარდა, დარჩიაშვილი, რუსეთის პრემიერ–მინისტრის მიერ, რაკეტსაწინააღმდეგო სისტემასთან დაკავშირებით, რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ განცხადებასაც ეხმაურება და აცხადებს, რომ ამერიკა და ევროკავშირი, ვლადიმერ პუტინის „ბოდვებს“ მეტი ყურადღებით უნდა მოეკიდოს, რადგან სანამ, რუსეთის ხელისუფლების სათავეში პუტინია, ახალი აგრესიის ჰიპოტეტური შანსი ყოველთვის არსებობს. დეპუტატი ყურადღებას ამერიკა–ისრაელი–ირანის ურთიერთობაზეც ამახვილებს და პროგნოზირებს, რომ ირანში დათმობებზე წასვლა მოუწევთ, რადგან საერთაშორისო თანამეგობრობა ორმუზის სრუტე დაკეტვას არ დაუშვებს. არსებობს თუ არა კავკასიაში ომის საფრთხე? ამერიკა–ირანის დაძაბულ ურთიერთობაში რა პოზიციას დაიკავებს საქართველო და რა სარგებელს მოიტანს ჩიკაგოს სამიტი? „პრესა.ჯი–ს“ კითხვებს დავით დარჩიაშვილი პასუხობს:  

– ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ  საქართველოსთან რუსეთის შეიარაღებული დაპირისპირების ერთ-ერთი მოტივი, აშშ- რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები იყო და რუსეთი არ აპირებდა საქართველოსთან ომს. პუტინის მუქარის ფონზე, რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა, ჩვენს მეგობარ სახელწიფოებში, რომ განთავსდეს, ეს კავკასიის რეგიონში, ახალი ომის წამოწყების მიზეზი ხომ არ გახდება?

– სანამ, რუსეთის ხელისუფლების სათავეში პუტინია, ახალი აგრესიის ჰიპოტეტური შანსი ყოველთვის არსებობს, რადგან ამ კაცის მენტალიტეტი იმპერიალიზმზეა აგებული. საქართველოსადმი პუტინის დამოკიდებულება სპეციფიკურია, კერძოდ, იმპერიული ოცნების გამო, პუტინი ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობას ვერ ეგუება. მას სახელმწიფო ერებად, არც ქართველები და არც ესტონელები არ მიაჩნია, მისი ერთადერთი ნატვრა იმპერიის აღდგენაა, ყველაზე სერიოზულ საშუალება ამისთავის კი, პუტინს გაზი, ნავთობი და ორგანიზებული დანაშაული მიაჩნია. ის, რომ კალაშოვის მსგავს ფიგურებს, რუსეთი საგარეო ამოცანებისთვის იყენებდა, ეს ვიკილიქსმაც დაადასტურა.

ამას გარდა, რუსეთის პრემიერს მიუღებლად, საქართველოში შექმნილი პოლიტიკური სისტემაც მიაჩნია. მას მიხეილ სააკაშვილით დაწყებული, ეკა ზღულაძით დამთავრებული ყველა აღიზიანებს, მისთვის, ეს სოციალურად სრულიად უცხო სამყაროა,  იმიტომ, რომ მისი რეჟიმი, კომკავშირულ წყობასა და კლანებზეა დამყარებული.პუტინის აგრესიას საფუძვლად, ფსიქოლოგიური მომენტები და სოციალიზმი უდევს. ეს არის მიზეზი, რის გამოც, პუტინისგან ყველაფერი მოსალოდნელია, მაგრამ ზოგადად, რუსული ელიტის პრაგმატიზმის მაინც მჯერა, თუმცა, ამერიკა და ევროკავშირი,  კრემლის ბოდვებს თუ უფრო ყურადღებით მოეკიდებიან, მაშინ ეს ბოდვები არ განხორციელდება, რადგან რუსებს ამის პრაგმატიზმი აქვთ და ავანტიურაში არ ჩაერთვებიან, მაგრამ რისკი ჰოპოტეტურია, თუმცა, სანამ საქართველოში ევროდამკვირვებლები არიან, რეზოლუციები მიღებულია და კლინტონი და სხვა ლიდერები რუსებს მკაფიო მესიჯებს უგზავნიან, არ მგონია, რომ ეს ყველაფერი ფაქტიურად მოხდეს.

აშშ-პრეზიდენტი ბარაკ ობამა ქართველ კოლეგას, 30 იანვარს შეხვდება. პუტინის ეს განცხადება, ხომ არ არის ერთგვარი გაფრთხილება ამერიკისადმი?

– არ გამოვრიცხავ, რომ ეს ადამიანი კრიმინალური მენტალიტეტით, რაღაც სიგნალებს აკეთებს, რომ იქნებ, ვინმე შეაშინოს. შეიძლება, მართლაც ასე მოქმედებს, მაგრამ ეს კრიმინალური ქმედებებია, რომელსაც თუ იგნორირებას გაუკეთებ, ყველაზე კარგი იქნება, რადგან თუ მერყეობას დაიწყებ  და იტყვი, რომ იქნებ, სჯობს, საქართველოში პრო არ განვათავსო და საქართველოს მაპი არ მივცე, მაშინ, კრიმინალური მენტალიტეტი ნიადაგს უფრო იპოვის, ხოლო თუ საწინააღმდეგოდ, კრემლს ისევ პრინციპულად დაელაპარაკები, მაშინ, რუსეთს, პოზიციების დათმობა მოუწევს. ეს ბუქარესტის სამიტმა აჩვენა და  ვფიქრობ, რომ ამ სამიტიდან, გაკვეთილი ყველამ გამოიტანა, მათ შორის აშშ-მ.

რაც შეეხება 30 იანვრის შეხვედრას, მოგვიანებით საქართველოში, ჰილარი კლინტონის ვიზიტს, ამ რანგის შეხვედრები ჩიკაგოს სამიტამდე,  ერთგვარი გზავნილი ხომ არ იქნება, რომ საქართველოსა და ნატოს შორის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადავიდეს?

– პრეზიდენტების შეხვედრას, სერიოზული მნიშვნელობა ენიჭება, რადგან ვფიქრობ, რომ ჩიკაგოს სამიტზე, საქართველოს თემას საკადრისი ადგილი დაეთმობა. სამიტის წინ, ეს ვიზიტი სერიოზული სიგნალი, პირველ რიგში, რუსეთისთვისაა, რადგან დასტურდება, რომ საქართველო შეერთებული შტატების რადარზე კვლავ რჩება და საქართველოს ხელისუფლება აშშ-ს მოკავშირეა. ბუნებრივია, ამ შეხვედრაზე, სხვა საკითხებიც იქნება განხილული როგორც საგარეო კუთხით, ასევე, საშინაო თვალსაზრისით, რადგან აშშ-ს აინტერესებს, მის მოკავშირეებს ქვეყნის შიგნით, რა ვითარება აქვთ.

ჩიკაგოს სამიტთან დაკავშირებით, პირადად თქვენ, რა მოლოდინი გაქვთ?

– ჩიკაგოს სამიტზე, მის ფინალურ დოკუმენტებში თუ ეს იქნება კომუნიკეში, ვფიქრობ, გაჟღერდება, რომ საქართველო-ნატოს ურთიერთობა არ არის გაყინული და ის, რომ თანამშრომლობა კონკრეტული შედეგით დამთავრდება. ეს იქნება სერიოზული გზავნილი, როგორც ჩვენთვის ასევე სხვისთვის.  საქართველოს პროგრესს,  ერქმევა მაპი თუ რა სხვა რამ,  ეს მეორე საკითხია და არ მგონია, რომ ეს იყოს მნიშვნელოვანი. სამიტზე, ნათლად გამოჩნდება, რომ ნატოს წევრი ქვეყნების ზრუნვის საგანი – საქართველოა.  

ამერიკაისრაელი-ირანის დაძაბულ ვიარებაში, რა პოზიციას დაიკაებს საქართველო და მათ შორის არსებული სიტუაცია, რა სირთულეს წარმოადგენს ჩვენთვის? 

– ყველაფრის დაშვება შეიძლება, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ირანი ორმუზის სრუტე დაკეტავს და დანარჩენ სამყაროს,  ნავთობის მიწოდებას შეუწყვიტავს. ვფიქრობ, რომ ირანი პირიქით, კომპრომისებზე წავა, თუმცა, თუ გლობალური დაძაბულობა და დაპირისპირება მოხდა, ვფიქრობ, რომ საქართველოსთვის არჩევანი ძალიან ნათელია – იყოს თავის საერთაშორისო, დემოკრატიულ პარტიორებთან ერთად, თუ მათ წინააღმდეგ. არ მგონია, რომ საქმე აქამდე მივიდეს, რადგან დასავლური უსაფრთხოების პოლიტიკისთვის გერმანიაც მოიაზრება, აღარაფერს ვამბობ ინგლისზე. საერთაშორისო კომუნიკაციების გადაკეტვა ერთ-ერთ მძიმე დანაშაულად და საფრთხედ ითვლება და თუ ასეთ რამეზე რომელიმე ქვეყანა წავიდა, მაშინ, აუცილებლად მის წინააღმდეგ ძალიან სერიოზული ნაბიჯები იქნება გადადგმული. ჩვენ არჩევანი არ გვაქვს, საერთაშორისო თამაშის წესების წინააღმდეგ წასვლა არ შეიძლება,  ამ წესებში  კი, ლიბერალური სავაჭრო ურთიერთობებიც შედის.

– რა საფრთხეს წარმოადგენს სექტემბერში, კრემლის მიერ, ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სამხედრო წვრთნების „კავკაზ 2012“–ის ჩატარება და ამით, რის თქმას ცდილობს  რუსეთი?

– რუსეთის ეს ქმედებები, იმდენად არაადეკვატურია, რომ სერიოზულად რაიმე ლოგიკის ძებნა ძალიან მიჭირს. რუსეთის მხრიდან საუბარი, რომ ირანთან ურთიერთობის დაძაბულობით ისარგებლოს, ეს ავადმყოფური ფიქრია.   კრემლის გადაწყვეტილებების ფონზე, საქართველო, პრაგმატულად განწყობილი უნდა იყოს და საერთაშორისო სამართლის საფუძველზე უნდა ვიდგეთ, ის გავაკეთოთ, რასაც ვაკეთებთ აქამდე ვაკეთებდით, კერძოდ, რეაგირება ყველა ნაბიჯზე მოვახდინოთ. რაც შეეხება არჩევნების პერიოდში, ამ წვრთნების ჩატარებას, ეს მხოლოდ პრორუსული ძალების საწინააღმდეგო იქნება, რადგან თუ პუტინს ჰგონია, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჯარებს თუ ატარებს, ამით მისი მომხეების რეიტინგი გაიზრდება, ე.ი. მას ქართული საზოგადოების მოტივაცია, აბსოლუტურად ვერ გაუგია.

გიჟებს რა დალევს,  მაგრამ საზოგადეობის იმ მასაზე ვსაუბრობ, რომელმაც საბოლოოდ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. პუტინის ნაბიჯები, მის სასარგებლოდ არ მოქმედებს, რადგან ირანთან დაძაბულობით მღვრიე წყალში თევზის დაჭერის მცდელობა, სრული ავანტიურაა. ნორმალური ადამიანები ასეთ პოლიტიკას არ უნდა აკეთებდნენ.  საერთაშორისო სისტემა, რაც არ უნდა ანარქიული იყოს, იმდენად შემძლე არის, რომ გიჟებს გააჩერებს, თუმცა, არ გამოვრიცხავ, რომ აფექტში, ამ კაცმა, ან ბომბი გაისროლოს, ან რაღაც სხვა პროვოკაცია განახორციელოს. ამ ფონზე, საქართველოსა და თანამეგობრობას შორის, მუდმივად, ცხელი ხაზი უნდა იყოს ჩაართული, თუ რომელი ჯარისკაცი სად წავიდა და ა.შ.

0

ავტორი: