13:40:43     20-01-2012
პუტინის „პრელუდია“ სააკაშვილი–ობამას შეხვედრის წინ

ვლადიმერ პუტინი ბოლო დღეებია, „საქართველოს ხასიათზე“ დგას და მოულოდნელ გულწრფელობას ავლენს. მედიასაშუალებების რედაქტორებთან შეხვედრისას, ჯერ იყო და 2008 წლის აგვისტოში საქართველოსთან ომის ახალი მიზეზი დაასახელა: რუსეთის სამხრეთით რაკეტსაწინააღმდეგო სიტემების განლაგების ამერიკული გეგმის ჩაშლა და იქვე ახალი ომის „შანსებიც“ გააჟღერა.
კერძოდ, პუტინს არ აქვს გარანტია, რომ ამერიკა კვლავ არ დააპირებს საქართველოში ანტისარაკეტო სისტემის განთავსებას. რაც მთავარია, 30 იანვარს სააკაშვილი ობამას უნდა შეხვდეს! ამიტომ, პუტინმა ამ შეხვედრის წინ, შესაძლოა, თავისი „პრელუდია“ შეასრულა:
„ჩვენთვის, სულერთი არაა, გამოჩნდება თუ არა ეს სისტემა საქართველოში. რა, მაშინ, ჩვენი შეტევითი სისტემები საქართველოს ტერიტორიისკენ უნდა მივმართოთ? წარმოგიდგენიათ ეს რა საშინელებაა? და გვაქვს გარანტია, რომ ეს არ მოხდება? არა“ - და რახან ასეთი გარანტია არ აქვს, საქართველოსთან ახალი ომის შანსიც ძალიან დიდია.
მით უმეტეს, როცა რუსეთში დუმის არჩევნების შემდეგ წარმოქმნილი დაძაბულობა არ ჩამცხრალა და სავარაუდოდ, საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, ეს ვითარება კიდევ უფრო გამწვავდება.
თანაც, პუტინის განცხადებებიდან გამომდინარე, საქართველო დღეს, რუსეთისათვის „ყველა შეხვედრის თემა“ ყოფილა. მათ შორის, რუსეთის ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიალოგშიც, საქართველო უმნიშვნელოვანესი ელემენტი აღმოჩნდა, რადგან მედიასაშუალებების ხელმძღვანელებთან შეხვედრა სწორედ შიდა პრობლემატიკაზე საუბრისთვის იყო გამიზნული და კრემლსა და პროტესტანტებს შორის დიალოგის დაწყებას ემსახურებოდა. რა შუაში იყო ამ კონტექსტში საქართველო, ამერიკული რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები ან 2008 წლის ომის მიზეზებზე საუბარი, ძნელი ასახსნელია. თუმცა ზოგიერთმა ჟურნალისტმა და ბლოგერმა ახსნა ეს მოვლენა: პუტინს შიგნით ძალიან უჭირს და ამიტომ, „საფრთხეების“ დასახვა და პატარა ომის გათამაშება „ყბადაღებულ“ საქართველოსთან შესანიშნავი გამოსავალია…
ზოგადად, „ქართული თემა“ პუტინისა და რუსული მედიასაშუალებების რედაქტორების შეხვედრაზე, შეიძლება ითქვას, უმთავრესი იყო. გარდა იმისა, რომ რუსეთის პრემიერს ქვეყანაში პოლიტიკური ვითარების სტაბილიზირებაზე ფიქრისას თავში ისეთი აზრები მოსდის, როგორიც საქართველოში ამერიკული გეგმების ომით აღკვეთაა, მან ისიც დაასკვნა, რომ რუსეთში აგორებული საპროტესტო ტალღაც, ლამის, ქართველების ბრალია. ამის მიზეზი კი, ქართული წარმოშობის მწერალი ბორის აკუნინია, რომელიც სინამდვილეში გიორგი ჩხარტიშვილია, რომელიც ამ ოპოზიციური მოძრაობის აქტიური მონაწილეა და არც მიტინგების ორგანიზატორთა რიგებში აქვს პასიური როლი.
პუტინმა დაასკვნა, რომ წარმოშობით ქართველი მწერალი იმიტომ მონაწილეობს საპროტესტო აქციებში, რომ ის ეთნიკური ქართველია:
„გესმით, ადამიანები ხომ სხვადასხვა მოსაზრებებით მოქმედებენ. აი, მაგალითად, ჩვენ ყველას გვიყვარს მწერალი აკუნინი. ის წერს, ყოველ შემთხვევაში ჩემთვის, ძალიან საინტერესო რამეებს. ხდება ამის ეკრანიზაცია. ის, რამდენადაც ჩემთვისაა ცნობილი, ეთნიკური ქართველია. მე მესმის, რომ მას შეეძლო ვერ აღექვა რუსეთის მოქმედებები კავკასიაში ცნობილი კრიზისისა და მოვლენების დროს, კერძოდ კი, შეიარაღებული ბრძოლა საქართველოსა და რუსეთს შორის, როცა რუსეთი იძულებული იყო დაეცვა სამხრეთოსეთელები და ჩვენი სამშვიდობოები, რომლებსაც თავს დაესხნენ და უბრალოდ, დახოცეს. მნიშვნელოვანი რაოდენობა ჩვენი ხალხისა მოკლეს იქ. და რა უნდა გაგვეკეთებინა? და ადამიანებს, მათ შორის რუსეთში მცხოვრებ ეთნიკურ ქართველებს, დარწმუნებული ვარ, საქართველოში მცხოვრები ქართველების ნაწილსაც, ესმის ჩვენი მოქმედების მოტივები. ეს, ჩვენ ხომ არ დავარღვიეთ საერთაშორისო სამართლებრივი შეთანხმებები. რა უნდა გაგვეკეთებინა?“ - განაცხადა პუტინმა.
თუ 2008 წლის ომის მიზეზებზე, როგორც კონტექსტიდან ამოვარდნილ თემაზე საუბარმა პუტინის აუდიტორია, ცოტა არ იყოს, დააბნია, ეთნიკურობაზე ხაზგასმამ ის აღაშფოთა: „როცა საუბარია ჩეჩენ ბანდიტებზე, მაშინ გვეუბნებიან, რომ დამნაშავეს არ აქვს ეროვნება. აკუნინი კი „ეთნიკური ქართველია.“ ნებისმიერ თავმოყვარე ქვეყანაში ეს „ეთნიკური ქართველი“ პრემიერს თავის სავარძლად დაუჯდებოდა“ - წერენ ბლოგერები და არცთუ რიგითი ადამიანები.
ამასთან, ვერც თავად ბორის აკუნინი მიხვდა, რა კავშირშია ერთმანეთთან მისი ეროვნება და პოლიტიკური შეხედულებები.
თუმცა ზოგადად, მიხვდნენ იმას, რომ პუტინმა შორიდან მოუარა, „ქვეცნობიერზე იმუშავა“, აკუნინი, როგორც ქართველი, ქვეტექსტებით სააკაშვილთან გააიგივა და ახლა ასე „დააფრთხო“ რუსეთი. შიდა თუ გარე მოხმარების „დამაშნიე ზაგატოვკი“, როგორც ჩანს, რუსეთის პრემიერს კიდევ ბევრი აქვს.